794. რამოდენიმე ქრისტესმოყვარე ადამიანმა, რომლებიც ძლიერი პიროვნებებისაგან შეურაცხყოფას მოელოდნენ, იმავე ბერს, იოანეს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა სხვა უფრო ძლიერ პირებს მივმართოთ და ფულით დავიქირავოთ, რათა გამოგვექომაგონ?
მან უპასუხა: მომაკვდავი და ხრწნადი ადამიანის ქომაგობას ნუ იყიდით, იმიტომ, რომ ის დღეს არსებობს, ხვალ კი აღარ იქნება. თქვენ რაღაცას მისცემთ, თქვენი ქომაგი მოკვდება და მიცემულსაც და მის ქომაგობასაც ერთად დაკარგავთ. გინდათ უხრწნელი ქომაგობის ყიდვა? იყიდეთ უკვდავი მეუფის, ღვთის ქომაგობა. ამას გლახაკთა მეშვეობით შეძლებთ, თუ მათ შეიწყალებთ, რამეთუ უფალი საკუთარ თავზე იღებს ამას; მან თავად თქვა: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“ (მათე 25, 35). იცოდეთ, თუ ადამიანურ ქომაგობას იყიდით, მაშინ თქვენი ქომაგი ღმერთი აღარ იქნება. ხოლო, თუ იტყვით: რატომ ჰყავდა ზოგიერთ მამას ქომაგად ადამიანი? გიპასუხებთ: მათ არ უყიდიათ ეს ქომაგობა, არამედ თავად ქომაგებმა, ღვთის სიყვარულისთვის, სთხოვეს მათ ეს და თავის რწმენით (საკუთარი მფარველობის ქვეშ) სიხარულით მიიღეს ისინი. უფრო კარგად ჩასწვდით და მიაგნებთ, რომ ასეთი ქომაგობის ყიდვაზე არაფერი დახარჯულა. მიწიერ ქომაგებსაც, ღვთისადმი ლოცვის გარდა, მათგან არაფერი უთხოვიათ, რომელიც ყოველგვარ ვერცხლსა და ოქროზე უპატიოსნესია. რას ნიშნავდა ეს? – ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ მათზე ღვთის რისხვა მოიწეოდა, მაშინ მამები შეევედრებოდნენ მათთვის. ამრიგად, თუ დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე ღვთისნიერად აღესრულებოდა.