შევისვენოთ ცოტაოდენი ცრუსაქმეთაგან, და დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ხრწნადზე ზრუნვა? რისთვის ვაგროვებთ ჩვენი ხელით იმას, რაც ნაყოფს არ მოგვიტანს? ჰოი, მხოლოდ უნაყოფო რომ ყოფილიყო და არა მარადიული ცეცხლისთვის საკვების მომცემი! ოდესმე თუ გამოვფხიზლდებით ნეტავ ამ ბანგისაგან?
მოდით, მოვიქცეთ პატარა ბავშვების მსგავსად, რომლებიც ერთი ხელით მამას არიან ჩაჭიდებულნი, მეორე ხელით კი ტყეში კენკრას აგროვებენ. დაე, ჩვენც ერთი ხელით ამქვეყნიური სიკეთენი მოვიხვეჭოთ, მეორე ხელით კი ჩვენი ღვთაებრივი მამის მარჯვენას მოვეჭიდოთ, და რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ მზერა მისკენ, რათა შევიტყოთ, სათნოა თუ არა მისთვის ჩვენი საქმენი.
სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის – აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ, როცა მამობა გსურდა, შენს ლოცვებში ასე ამბობდი: "მომეცი, უფალო, შვილები, რათა დავარღვიო მცნებანი შენნი, მომეცი შვილები, რათა ვერ დავიმკვიდრო სასუფეველი?" გახსოვდეს, აგრეთვე, რომ სიმდიდრე მრავალთათვის თავაშვებულობისა და გარყვნილების მიზეზი გამხდარა. მაშ, გაფრთხილდი, მძიმე შრომით მოპოვებული სიმდიდრით შენს შვილებს ცოდვების წინა პირობა არ შეუქმნა და ამის გამო ორმაგი სასჯელი არ მოიწიო – თვით შენ რომ უმართებულოდ იქცეოდი და სხვებსაც რომ შეუწყვე ხელი მსგავსი საქციელისათვის.