image

თემა: პატივმოყვარეობა,  საკუთარი თავის სიყვარული,  ქება

თქვენ გაქებენ. რა არის ამაში საოცარი? უთევზობისას კიბორჩხალაც გამოდგება, როგორც ამბობდა მამა პართენი. ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა... მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტავს ხშირი დაცემით მასზე. თითოეული ქების ნაწილი თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვებავს; იგი თქვენთვის უხილავად იზრდება, ვიდრე მომაგრდებოდეს, სათნო გრძნობებს ჯერჯერობით აძლეს არსებობის ნებას. ხოლო როცა გაიზრდება, წამში გაანადგურებს ყველაფერს. საშიშია! და კიდევ რა? ქება უღიტინებს გულს, აჩერებს და ასუსტებს მოშურნეობას. ეს იგივეა, გაქცეულს რომ ფეხი დაუდო. გაჩერება სულიერ ცხოვრებაში უკუსვლას ნიშნავს უკვე. ესეც უარესია! რა ვქნათ? თქვენ თვითონ დაიმდაბლეთ თავი და ჩაიხშეთ გულისა და გონების ამპარტავნება საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენებით. სწორედ მაშინ, როდესაც ყურს ტკბილი სიტყვები ქვებივით აცვივა, შედით თქვენს გულში და ყველანაირად დაიმცირეთ თავი ღვთისა და მისი წმინდანების წინაშე. როგორი ღვაწლები გასწიეს მათ, რომ ღვთისთვის სათნონი ყოფილიყვნენ! ჩვენ კი რა გვაქვს? ეკლესიაში წავალთ ერთხელ, ხუთ მეტანიას გავაკეთებთ შინ, მაცხოვნებელი წიგნის ერთ ფურცელს წავიკითხავთ - და უკვე წმინდანად გვთვლიან. ფიზიკური დამამცირებელი შრომა დიდად წაგადგებათ. სიმდაბლის კარგი მასწავლებლები არიან მსახურებიც. ისურვეთ შეურაცხყოფანი და უფრო მეტად - დაუმსახურებელნი; უკიდურეს შემთხვევაში, შეხვდით მათ, როგორც მაცხოვნებელ სალბუნებს, ღვთის მიერ თქვენი პატივმოყვარეობის ჭრილობაზე დადებულთ. მაგრამ თქვენით ნურაფერს გააკეთებთ. მოუხმეთ უფალს, მონის ხატებამდე რომ დაიმდაბლა თავი, და ის გასწავლით. ოღონდ ამ მდგომარეობას ნუ წაუყრუებთ. ქება ყინულის ლოდად გაქცევთ, იქნებით მარმარილოს ქანდაკებასავით: გარედან - ლამაზი, შინაგანად კი - უსიცოცხლო. დედა ღვთისამ დაგიფაროთ ამისაგან! უმჯობესია, ტალახში გორავდეთ და ფეხით გთელავდნენ ყველანი, ვიდრე ასეთი რამ დაგემართოთ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები