
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა
მოშურნეობით ასეთნაირად აღვსილი, ის შინაგანისაკენ მიემართება და როგორ ფიქრობთ, რას ნახავს იქ? პოულობს აზრების უწყვეტ ხეტიალს, განუწყვეტელ ვნებიან მიდრეკილებებს, გულის უგრძნობელობას და სიცივეს, მორჩილებისადმი წინააღმდეგობას და უმოქმედობას, სურვილს, აკეთოს ყველეფრი თავისებურად; ერთი სიტყვით, საკუთარ თავში ყველაფერს ძველებურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოაჩენს. ისევ თავიდან აღინთება მოშურნეობით, ის ახლა უკვე შრომას თავისი შინაგანი ცხოვრებისაკენ, გულის განწყობებისა და აზრებისაკენ მიმართავს. ხვდება, რომ საჭიროა შინაგანისადმი, გულის მოძრაობისადმი ყურადღება, რომ არ შეეპაროს გულს რაიმე უკეთურება, საჭიროა ღვთის ხსოვნა და ა.შ. იწყება შრომა და ძალისხმევა ამ მიმართულებით, მაგრამ როგორც მოძრავ ჰაერს ვერ შეაკავებ, ასევე ვერ შეაკავებ აზრებს. უკეთურ გრძნობებს, როგორც გახრწნილი გვამის მყრალ სუნს გვერდს ვერ აუვლი და ვერც ღვთის ხსოვნისაკენ მიმართავ გონებას. რა უნდა იღონო? ამბობენ: ითმინე და იშრომე. თითქოს ითმენ და შრომობ, მაგრამ შიგნით ყველაფერი ისევე რჩება. ბოლოს და ბოლოს შეხვდები ვინმეს, ვინც აგისხნის, რომ შენში ადგილი აქვს ძალების დაქსაქსვას და ამიტომ არაა იქ ყველაფერი მწყობრში. გონება თავისი სვლით მიდის, გული - თავისით. საჭიროა მათი ერთობა, მაშინ აზრების ხეტიალი შეწყდება და შენ მოგეცემა სულის ხომალდის სამართავი საჭე, რომლის მეშვეობითაც დაიწყება მთელი შენი შინაგანი სულიერი სამყაროს ამოძრავება. როგორ მოხდება ეს? ისწავლე გონებით გულში ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" და როცა მიეჩვევი ამ ლოცვას, ან უფრო სწორად, როცა ის გულს შეერწყმება, თავად მიგიყვანს სასურველ შედეგამდე. ის შეაერთებს შენს გონებას და გულს, აღკვეთს აზრების ხეტიალს და მოგანიჭებს ძალას სულიერი ქმედების სამართავად.