ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: მრისხანება
სიმშვიდე კაცისა მოხსენებულია ღვთის წინაშე (ფს.131,1). ურისხველი სული სულიწმიდის ტაძარი ხდება. ქრისტე დიდადმომთმენის სულში თავს მოიდრეკს და აღუშფოთებელი გონება წმინდა სამების სავანე ხდება. ძვირისმომხსენებლის სულში მელიები ბინადრობენ და აღბორგებული გული მხეცთა თავშესაფარს მიჰგავს. პატიოსანი კაცი ერიდება ბინძურ ბინას, ხოლო ღმერთი - ძვირისმომხსენებელ გულს. წყალში ჩავარდნილი ქვა აღელვებს მას, ავი სიტყვა კი გულსა კაცისასა. განაგდე შენი სულიდან მრისხანე გულისსიტყვები და გაღიზიანება, დე ნუ დაემკვიდრება შენს გულში, რათა ლოცვის ჭამს არ აღელდე. როგორ ცეცხლმოკიდებული ჩალიდან ასული კვამლი სწვავს თვალებს, ასევე ძვირმომხსენებლობა - გონებას ლოცვის ჭამს. გაბრაზებულის გულისსიტყვები - იქედნეს ნაშობნი, მათ დამბადებელ გულს რომ სჭამს. ასეთის ლოცვა სისაძაგლის კვებაა, მრისხანის ფსალმუნება - არასასიამოვნო ბგერაა, შესაწირავი ძვირისმომხსენებლისა - მატლიანი მსხვერპლია, დე ნუ მიუახლოვდება განმწმენდელ საკურთხეველს. აღმაშფოთებელ სიზმრებს ხედავს გაღიზიანებული, და მხეცების თავდასხმა ეზმანება მრისხანეს. მრავლისმომთმენი კაცი სიზმრეულ ჩვენებაში ანგელოზთა კრებას ხედავს და არაძვირისმომხსენებელი სულიერ სიტყვებში იწვრთნება, ღამით იღებს საიდუმლოებათა ახსნას.(გვ. 26)