წმ. იოანე ოქროპირი - საშინელი სამსჯამრო
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: საშინელი სამსჯამრო

საყვარელნო, შეგაგონებთ, საძრახის საქმეებს განვევლტოთ და სათნოება ავირჩიოთ, რათა საქმეთა გამოცხადების დღეს არ შევრცხვეთ, "ჩვენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტეთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმა ამათგან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა ბოროტი" (2.კორ.5,10). გულში ეს სამსჯავრო დავიკრძალოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ის ამჟამად არსებობს, მსაჯული დაბრძანებულია და ყოველივე ცხადდება და აშკარავდება. რამეთუ არა მარტო წარდგომა მოგვიწევს, არამედ გამჟღავნებაც. ნუთუ არ ძრწით? ნუთუ არ თრთით? ხშირად სიკვდილი არ გვიჯობს? ვიდრე პატივსაცემი მეგობრების წინაშე ჩვენი ფარული დანაშაულის გამომჟღავნება? თავს მაშინ როგორღა ვიგრძნობთ, როდესაც ჩვენი ცოდვები ანგელოზთა და კაცთა წინაშე განცხადდება და ჩვენს თვალწინ წამოჩნდებიან? "გამხილო და წამოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა" (ფლ.49,21). თუკი მაშინ როდესაც თვით მოვლენა ჯერ არ აღსრულებულა, მხოლოდ განიზრაზება და სიტყვებით გამოითქმის, სინდისი გვქენჯნის, რათას ვიზამთ მაშინ, როდესაც ის მთელი სამყაროს - ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, საწყისთა და უფლებათა თანდასწრებით აღსრულდება, როდესაც საყვირი დაუდუმებლად ახმიანდებიან, მართალნი ღრუბლებზე აღიტაცებიან და ცოდვილებს უდიდესი გლოვის ზარი ექნებათ? მიწაზე დარჩენილთ როგორი შიში მოიცავთ? რამეთუ ითქვა: "ერთი წარიყვანოს, და ერთი კი დაეტეოს: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს" (მთ.24,40.41). როგორ მდგომარეობაში იქნება იმათი სულები, როდესაც იხილავენ, სხვები დიდი პატივით აღიყვანებიან, ხოლო ისინი უდიდეს სირცხვილში რჩებიან? მერწმუნეთ ამ განსჯით სიტყვით გამოხატვა შეუძლებელია. გინახავთ ოდესმე სიკვდილმისჯილნი? როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია მათი სულები, როდესაც ისინი განაჩენის აღსრულების ადგილისაკენ მიდიან? რაღას არ მოიმოქმედებდნენ და დაითმენდნენ, ამ წყვდიადისგან თავი რომ დაეხსნათ? მრავალთაგან მსმენია, როდესაც მეფის გულმოწყალებით სასიკვდინე განაჩენი მოეხსნათ, უკან დაბრუნებულნი სულიერი ძრწოლისა და ზარცემულობის გამო ადამიანებს ადამიანებად ვეღარ შეიცნობდნენ. მაგრამ რაღა სიკვდილმისჯილზე გესაუბრებით? მათ გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა არ იცნობდა მათ, მაგრამ თითოეული მათგანის სულში ვინმეს რომ ჩაეხედა, აღმოაჩენდა, მათ შორის არ არის არც ერთი თუნდაც უსპეტაკესი, უმამაცესი ან ვაჟკაცი ადამიანი, რომელიც შიშსა და სასოწარკვეთილების გამო სულით არ დაეცემოდა და არ შეშფოთდებოდა. თუკი იმათ, ვისაც სიკვდილმისჯილთან არავითარი ნაცნობობა არ აკავშირებთ, ასეთი განწყობა აქვთ, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ჩვენ, როდესაც კიდევ უფრო მძიმე განაჩენი გველის და მარადიულ სატანჯველში წარვიგზავნებით? გეენია რომ არც არსებობდეს, ასეთი ნათლისაგან განგდება და მარადიულ სატანჯველში წარგზავნა როგორი სასჯელი იქნება? თუკი ამჟამად მრავალნი, სამეფო მსვლელობის დანახვაზე, საკუთარ უბადრუკობას წარმოიდგენენ დ ამ სანახაობის ხილვით იმდენად სიამოვნებას არ ღებულობენ, რამდენსაც მწუხარებას განიცდიან, იმის გამო, რომ მეფის გარემოცვაში და მბრძანებლის სიახლოვეს არ არიან, მაშინ რაღა დაემართებათ? იქნებ ფიქრობთ, მცირე სასჯელია - სხვებთან ერთად იმ დასში არ მოხვდე, გამოუთქმელი დიდების ღირსი არ შეიქმნე, განგაშორონ და იმ დღესასწაულისა და გამოუთქმელ სიკეთეთაგან შორს აღმოჩნდე? მაგრამ თუ ამას გარდა წყვდიადი იქნება, კბილების ღრჭენა და განუხრელი ბორკილები, მატლი დაუძინებელი და უქრობი ცეცხლი, ტირილი და კვნესა, მხურვალე ენები, როგორც მდიდარს სტანჯავდა, როდესაც შევღაღადებთ და არავინ შეისმენს, ვიგოდებთ და ვიგლოვთ დატანჯულნი და არავინ ყურად არ იღებს, ყოველ მხარეს მივხედავთ და არავინ გვანუგეშებს, როგორ განვსაჯოთ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი? ვინ შეიძლება ამ სულებზე უფრო უბუდური იყოს? რა არის ამაზე უფრო მწარე?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები