წმ. იოანე ოქროპირი - ზიარება
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: ზიარება

სწავლა იდ. თავი ე. წმიდისა ზიარებისათვის.

საყვარელნო! გულის-ხმა-ვყოთ, თუ რა არს საკვირველი ესე საიდუმლო ამის ზიარებისა? ესე არს ფრიადისა სიყვარულისა სახე, რომელ ქრისტემან ქმნა, რათა უმტკიცესად სიყვარულად მისსა მოგვიყვანნეს ჩვენ, და თვისიცა სიყვარული გვიჩვენოს, რომელი აქვს ჩვენდა მომართ და ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ: "ხორცითა ჩემითა გზრდი თქვენ და თავსა ჩემსა წინაშე ჩემსა დაგიგებ, რამეთუ მნებავს, რათამცა თქვენ ყოველნი მთავარ და დიდებულ იქმნნეთ, და მიგცემ თქვენ სასოებათა კეთილთა საუკუნოსათა, რამეთუ რომელსა ესე აქავე თავი ჩემი მიმიცემიეს თქვენდა, არა უფროს მას საუკუნოსა ვჰყოა ესე?! რომელმან ესე ვინებე ძმად თქვენდა ყოფად, ზიარ ვიქმენ თქვენთვის ხორცთა და სისხლთა; ვითარმედ ხორცსა და სისხლსა მას მიგცემ თქვენ, რამეთუ თქვენთვის ვიქმენ ზიარ მათდა". აწ უკვე, საყვარელნო ძმანო, ესე სისხლი ხატსა მას სამეუფოსა კეთილად გამოსახავს და განაბრწყინვებს ჩვენ შორის ესე პატიოსნებასა მას სულისასა და მთავრობასა გვირგვინოსან ჰყოფს. ესე სისხლი იოტებს ეშმაკთა და შორს ჰყოფს ჩვენგან და მოუწოდს ანგელოსთა ჩვენთა და მეუფესა მას ანგელოსთასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი ესე სამეუფო, ივლტიან ეშმაკნი და მიისწრაფიან მუნ ანგელოსნი. ესე სისხლი დაითხია რა, ყოველივე სოფელი განიბანა. ამან სისხლმან განსწმიდნა ცოდვანი; ესე არს ცხოვრება სულთა ჩვენთა, ამით განიბანების სული, ამით შეიმკვების, ამით გამოიხსნების, ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა, ესე ოქროისა უწმიდეს ჰყოფს სულსა, ესე სისხლი დაითხია და ცანი სავალად კაცთა იქმნა. ჭეშმარიტად საშინელ არს საიდუმლო ესე ეკლესიისა, ესე სისხლი არს სასყიდელი ყოვლისა სოფლისა, ამით მოიყიდა ქრისტემან ეკლესია, ამით შეიმკო იგი ყოვლით კერძო, რამეთუ, ვითარცა კაცი, რომელი მოიყიდნ მონათა, ოქრო მისცის, და უკეთუ შემკობა მათი ჰნებავს, ოქროთავე (ოქროითვე) შეამკვნის. ეგრეთვე ქრისტემან ჰქმნა: სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა და კვალად შემამკვნა ჩვენ სისხლითავე თვისითა და, რომელნი ამის სისხლისაგან იზიარებოდენ, იგინი ანგელოსთა თანა და მთავარ-ანგელოსთა თანა, და ძალთა ზეცისათა მდგომარე არიან, და შეუმოსიეს სამეუფო იგი სამოსელი სა საჭურველი იგი სულიერი და რად ესრეთ ვიტყვი, რამეთუ თავადი იგი მეუფე ყოველთა შეუმოსიეს. ხედავა, ვითარ დიდ არს საქმე ესე და დიდებულ? აწ უკვე უწყოდე, ვითარმედ რავდენ ესე დიდ არს და საკვირველ, ეგრეთვე, უკეთუ სიწმიდით და ღირსებით მოუხდე (მიუახლოვდე) მას, ცხივრებად თავისა შენისა მისრულხარ. უკეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუხდე, დასასჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მოუხდები, რამეთუ "რომელი ჰსჭამდეს და სმიდეს უღირსებით, იგი დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სვამს მას". იხილე ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე (მოციქულმან) ვითარმედ, რომელთა არა წმიდითა გონებითა მიიღონ ხორცი და სისხლი ქრისტესი, დაისჯებიან ბოროტად. აწ უკვე, საყვარელნო, გულის-ხმა-ვყოთ, თუ ვითარითა კეთილითა ღირს უქმნიეთ. ჩვენ მას ქრისტესა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ და ღირსებით ვეზიარებოდეთ წმიდათა საიდუმლოთა მისთა, ნუ (არა მარტო) სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, რათა ღირს ვიქმნეთ კეთილთა მათ საუკუნეთაცა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები