წმ. იოანე ოქროპირი - მოწყალება
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მოწყალება

სწავლა კზ. რათა არა ანგარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა.

საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ: "ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა". რამეთუ არა რაი არს უბრწყინვალეს საქმეთა კეთილთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ", ხოლო ჰნათობენ არა თავით თვისით ოდენ, არამედ სხვათაცა განათლებად. ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა არა დავაკლოთ ზეთი ლამპართა ჩვენთა, რათა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მოწყალებისა მარადის კეთილ არს, რამეთუ იტყვის: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". რამეთუ მსხვერპლი ქებისა ესე არს, რომელი არა განილევის არცა განიხწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღვთისა. ამისთვის უკვე გევედრები, საყვარელნო ძმანო! შევსწიროთ ესე ვითარი ესე მსხვერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი ესე უპატიოსნეს არს მარხვისაცა და ლოცვისა და სხვათა მრავალთა სათნოებათა, რამეთუ ესე ვითარი უყვარს მსხვერპლი ღმერთსა. არამედ ნუმცა არს ესე ანგარებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგან, რამეთუ ესე ვითარი სძულს ღმერთსა და გარე მიიქცევს პირსა თვისსა მათგან. ამისთვის ვეკრძალნეთ, რათა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ ღმერთი. და უკეთუ კაინ, ვინათგან უდარესი შესწირა ღმერთსა, დაისაჯა, რაი ვჰყოთ ჩვენ, უკეთუ ანგარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა?! ამისთვის გევედრები, რათა არა მოხვეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდეთ ქველისა საქმესა. უკეთუ ერთი გვლოცვიდეს და მეორე გვწყევდეს, რაი სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაი? ხოლო უკეთუ ვეკრძალებოდეთ, და ყოველსა ზედა ნებასა ღვთისასა აღსრულებად ვისწრაფდეთ, შევუძლოთ მიმთხვევად კეთილთა მათ საუკუნეთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები