წმ. იოანე ოქროპირი
წყარო: ოქროს წყარო [გვ. 63]

სწავლა კთ. თავი ი. სათნოებისათვის

სწავლა კთ. თავი ი. სათნოებისათვის

საყვარელნო, გულის-ხმა-ვყოთ, რამეთუ, რომელთა იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მორაიღეს სული წმიდა. მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახვილისა და ცეცხლისა და მხეცთა და ზღვათა და ყოვლისა ჭირისა. და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესე ვითარი სიბრძნე და კადნიერება მოიღეს, ვიდრეღა ყოველი განაკვივნეს, რამეთუ თიხისანი იყვნენს და რკინად გარდააქცივნა იგინი სულმან წმიდამან და ვერა რამან სძლია მათ, რამეთუ ესე ვითარი არს მადლი სულისა წმიდისა. უკეთუ დახსნილებაი ჰპოვოს, განიოტებს, უკეთუ გულის-თქმა ბოროტი ჰპოვოს, განლევს, უკეთუ მოშიშება ჰპოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს მისსა, და ამისთვისცა არღარა ვის მათგანს აქვნდა რაი თვისად, არამედ ყოველნი იყვნეს ლოცვასა შინა სიხარულითა გულისათა, რამეთუ ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სარწმუნოება, სიმშვიდე.
    მოვიგოთ უკვე, საყვარელნო, სათნოება, რათა ჩვენზედაცა მოვიდეს უძლეველი იგი შეწევნაი სულისა წმიდისა დამარხვითა მცნებათათა. და არცა ანგელოსთა უდარეს ვიყვნეთ, რამეთუ ანგელოსთაცა თვისისა გონებისა სიკეთითა აქვს ესე ვითარი დიდება და არა თუ მათ არა უხმს კრძალულებაი, უკეთუმცა არა რადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი მათგანი. გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონება თვისი, უარეს კაცთა უკეთურთასა და პირუტყვთასა იქმნა. და ვითარმედ ყოველთა წმიდათა ქვეყანასა ზედა მყოფთა ხორცთა შინა ჰქმნეს რა იგი ოქმნეს კეთილი და სათნოებაი, - რამეთუ, ვითარცა მწირნი და უცხონი, იყვნეს ქვეყანასა ზედა, და მოქალაქობა მათი იყო ცათა შინა. ამისთვის უკვე ნუ იტყვი თუ ხორცნი მასხენ და ვერ ვიტვირთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა. ნუ აბრალებ ამათ სიტყვათა მიერ შემოქმედსა. რამეთუ იხილენ ყოველნი წმიდანი, რომელნი ხორცთა შინა იყვნეს, რაი ჰყვეს: რამეთუ პავლე არა დააყენეს ხორცთა ყოფად რაი იგი ჰქმნა, არცა პეტრე დააყენეს მიხმად კლიტეთა სასუფეველისთა და ენუქ ხორცისა მიიცვალა და ილია ეგრეთვე ხორცითა აღიტაცა, და აბრამ, და შვილი მისი ისაკ, და იაკობ, ძე ისაკისი ხორცითა გამობრწყინდეს მოქმედ სათნოებათა და იოსებ ხორცითა ბრძოლა უყო სიძვის მოყვარესა მას დედაკაცსა. და რად ვიტყვი ხორცთა ოდენ, რამეთუ დაღაცათუ ჯაჭვიცა ვინ შეიმოსოს ხორცითა არას ევნების მოგებად სათნოებათა და რად ჯაჭვსა ვიტყვი? ვერცა საპყრობილე, ვერცა საკრველნი ძლიერნი, დამხრწეველ ექმნებიან სათნოებათა! რამეთუ საკრველი სულისა არა რკინისა არს, არამედ გულის-თქმა ბოროტი, შიში უჯეროი და სხვანი ყოველნი ვნებანი, იგინი შეჰკვრენ სულსა! დაღაცათუ ხორცნი ხსნილ იყვნენ. არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ ესეცა ვნებანი ხორცთაგან იშვებიანო. გარნა ამაოება არს ესე სიტყვა და მიზეზი ცუდი, რამეთუ, უკეთუმცა ხორცთა იყო ცთომა, ყოველთა ზედამცა მოიწეოდეს იგინი. რამეთუ, ვითარცა ჭამა, და სმა, და ძილი ყოველთა ზედა არს, ეგრეთვე ესემცა იყო ყოველი, ვინათგან მრავალნი განერნეს მათ. საცნაურ არს, ვითარმედ არა სადამე ხორცთაგან არს, არამედ უდებებისაგან სულისა. ხოლო ჩვენ უდებება მოვიწყვიდოთ, საყვარელნო, და გულს-მოდგინედ ვიქმოდეთ სათნოებასა, და ნუმცა ხორცთა ზედა დავსდებთ მიზეზსა, არამედ დავუმორჩილნეთ ხორცნი სულსა, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ
 
თემატური კითხვები
0