
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
სინდისი
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება და ჩვენება? ამისთვის ყოვლადვე დაუმტკიცებელია მარტო სინდისზე მიყრდნობა თვინიერ ღვთის და ჩვენი სულის უკვდავების რწმენისა, რადგანაც ამ შემთხვევაში სინდისის ჩვენება კეთილისა და ბოროტისა უმიზნოა და უმიზნოდ კი ადამიანის ცხოვრება მარადის ცვალებადობის სცენას უგალობს თავის სურვილთა საგემოვნო პიესებით და ეს ცვალება დაუმტკიცებელ, უნიადაგო თვითნებლობის ზღვაში მარადის ტალღების გროვა იქნება და მეტი არაფერი. სინდისი თვითმპყრობელი როდია, რომ მასზედ დამოკიდებულება დავამყაროთ უცვლელ იმედებით, და ან არ შეგვეძლოს გარდახდომა მის ბრძანებისა, პირიქით მას აქვს დამოკიდებულება ჩვენს თავისუფლებასთან. ხან წინ უძღვის მოძღვრად ზნეობა-სათნოებას და ხან სდუმს უზნეო ბოროტ ცხოვრებით გადალახული. აი, ჩვენი სინდისის და თავისუფლების ზნეობრივი გზა თუ ვითარ ცვალებადია. ამისთვის სტყუვდება, ვინც გვითითებს მხოლოდ სინდისის სამყაროზე გარდასახლებას თვინიერ ღვთის გადმოცემული მცნებებით განმტკიცებისა, ვინაიდგან სინდისიც, ღვთის რწმენაც, ჩვენი სულის უკვდავების ხედვაც, სჯული და კანონებიც, როგორც აუცილებელი სავსება და სრული წყალობა იცავს ადამიანობის კეთილ ცხოვრებას. ვიმეორებ, რომ სინდისი არ წარმოადგენს ისეთ მფლობელ ძალას, რომლის ხმის წაყრუება ადამიანს არ შეეძოს და ასე უმიზნო და მომავლის უმხედველო სულში სინდისი ნელ-ნელა ანელებს მის სამხილებელ ნათელ ჭეშმარიტებას და ბოლოს უნანელობის ნავით მსოფლიო ზღვაში მცურავი იხრჩობა უპატიოსნების მორევში.
|