წმ. იოანე ოქროპირი

როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას

როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას ჯადოქარ-გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე. იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან, თუკი ღმერთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას, რამეთუ თუკი ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს დავემორჩილებით, მხოლოდ ჩვენი უფლისას შევისმენთ და არამც და არამც არ წავალთ ღმერთის მტრებთან - ჯადოქარ-გრძნეულებთან და მოგვებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ღმერთის მოწინააღმდეგენი და ეშმაკის მსახურნი არიან, ჩვენი დაღუპვის მოსურნენი. მაშ, სიკვდილი გვიჯობდეს ღმერთის მტრებთან მისვლას! აბა, რა სარგებლობა გვექნება სხეულის დროებითი, მოჩვენებითი განკურნვისაგან, თუკი სამუდამოდ წარვიწყმედთ სულს?! ან რას მოვიგებთ, თუკი აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში წამიერ ნუგეშს მივიღებთ და ამით ეშმაკებთან წარვიგზავნებით საუკუნო ცეცხლში სატანჯველად?! გარნა გაიხაძი, ძალზე მტანჯავს სასტიკი სნეულებაო. მაგრამ გაიხსენე იობი! ნუთუ მასზე მეტად იტანჯები? ნუთუ უფრო სასტიკი სნეულებანი გეკვეთა და ნუთუ მასზე მეტი დაკარგე?! ის შვიდი წელიწადი იწვა თავის საშინელ წყლულებაში და ერთხელაც არ უცდია მოგვობით განეკურნა თავი. ასევე სახარების განრღვეულიც 38 წელიწადი იწვა უძლურებებით ვნებული და გრძნეულებს კი არ მიმართა დახმარებისთვის, არამედ სასოებით მოელოდა შეწევნას ღმერთისაგან, და აკი მიიღო კიდეც! ასევე გლახაკი ლაზარეც, მშიერი და სნეული, თავისი უძლურების მთელი წლების განმავლობაში მდიდრის კარებთან იწვა, ყველასაგან უგულებელყოფილი და შეურაცხყოფილი, მაგრამ ისე აღესრულა, რომ მოგვებისა და გრძნეულებისათვის არ მიუმართავს... ისინი ესოდენ დიდ სნეულებებს ითმენდენ, ჩვენ კი ოდნავ თუ მოვუძლურდებით, უმალ მკურნალთ და მოგვებს ვეპატიჟებით სახლში. ჰოი, ძმებო, როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლით, აესევე ადამიანიც ცოდვებისაგან განიწმინდება სნეულებათა დათმენით. გავიხსენოთ მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოწაფენი, რომელთაც უდიდესი სატანჯველნი დაითმინეს, ისინი კი ღმერთის უდიდესი სათნომყოფელნი იყვნენ. ასე, რომ თუკი ვინმე ქვეყნიურ ცხოვრებაში დაითმენს უბედურებებსა და სნეულებებს, იცოდეთ, რომ უდიდეს საზღაურს მიიღებს ამისთვის ცათა სასუფეველში.
 
თემატური კითხვები
0