
ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
სულიწმიდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას
სულიწმიდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას ზიარების შემდეგ. და ეს წყარო არასდროს არ ილევა, არ იშრიტება მათი მიზეზით, ვინც დაეწაფება და ეზიარება მას. თავისი არსით იგი მარტივია, მაგრამ მრავალფეროვანია ძალებით. იგი მთლიანად ჰგიებს თითოეულში და მთლიანადვეა ყველგან. განაწილება-მიფენისაგან იგი არ ზიანდება და მაშინაც, როცა მას ეზიარებიან, კვლავად ყოვლად სრული და მთლიანი რჩება, მსგავსად მზისა, რომელსაც არ აკლდება სინათლე და სითბო იმის გამო, რომ ეფინება, ანათებს და ათბობს მთელს ქვეყნიერებას. ასევე სულიწმიდაც ყველაში ჰგიებს, ვინც ჯეროვნად მიიღებს მას, ისე, როგორც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ამასთან, ყველას გადმოუღვრის სრულ მადლს, რომლითაც მზიარებელნი იმ ზომით ტკბებიან, რა ზომითაც ძალუძთ ამის დატევნა, და არა იმ ზომით, რა ზომითაც თვით სულიწმიდას ხელეწიფება.
|