თემა: მცნებები

1711.როგორ იკითხება ღმრთის მეათე მცნება?
მეათე მცნება გვაუწყებს: ,,არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა".
1712.რა იკრძალება მეათე მცნებით?
იკრძალება შური იმის მიმართ, რაც მოყვასს გააჩნია, თუნდაც ეს იყოს სხვისი ცოლი ან ქმარი ან სხვა ადამიანის სიმდიდრე.
1713.რას გვიბრძანებს მეათე მცნება?
გვიბრძანებს, რათა თითოეული ადამიანისთვის გვსურდეს კეთილად ისარგებლოს იმით, რაც მას ეკუთვნის.
    განმარტება:
    I. უფალი კრძალავს არა მარტო ბოროტ საქმეს და სიტყვებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებსაც, რამეთუ, თუ სურვილები და ზრახვები ბოროტია, ისინიბილწავენ სულს; ამას გარდა, ბოროტი სურვილებით და ზრახვებით იშვება ბოროტი სიტყვები და საქმეები. რომ არ არსებობდეს ბოროტი ზრახვები და სურვილები, არ იქნებოდა არც ბოროტისმეტყველება და არც ბოროტი საქმენი. სიტყვა გულისთქმათა გამოვლინებაა, ხოლო მოქმედება - სურვილის გამოვლენა. ამიტომაა აუცილებელი ჩავახშოთ ჩვენში ის სურვილები და ზრახვები, რომელიც ცოდვისკენ გვიბიძგებს და ზრახვები და სურვილები მივმართოთ კეთილისკენ, რათა ჩვენი სიტყვა და საქმე კეთილი იყოს ჩვენი საქმეებისა და ცხოვრებისათვის დიდად მნიშვნელოვანია, მიმართულია თუ არა ჩვენი ზრახვები და გულისთქმანი სიკეთისაკენ.
    II. წმიდა წერილში, იგავთა წიგნში ნათქვამია, რომ ,,უკეთურის ზრახვანი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია" (იგ.15,26).
    III. ქრისტემ ბრძანა: ,,გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მთ.15,19).
    IV. წმიდა იაკობ მოციქული წერს, რომ ,,კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულისა თქუმისა, მიიზიგვის და სცთების. მერმე გულის თქუმა იგი მიუდგის და შვის ცოდვაი" (იაკ.1,14-15).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები