წმ. იოანე ოქროპირი - მცნებათა დაცვა
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მცნებათა დაცვა

სწავლა ლზ. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე.

ჰოი ძმანო საყვარელნო! დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ იტყვის: "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით". რაი არს მცნება მისი? ესე იგი არს ჭმევა მშიერთა, სმევა წყურიელთა, შემოსა შიშველთა, შეწყნარება უცხოთა, ხილვა სნეულთა, მისვლა საპყრობილესა მყოფთა. უკეთუ კულა იტყვიედ, ვითარმედ საპყრობილესა შინა, არა თუ კაცნი საღმრთონი არიან, არამედ კაცის მკვლელნი და ავაზაკნი და მპარავნი? არამედ ჩვენდა არათუ ბრძანებულ არს, რათა კეთილნი გვეწყალოდენ და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ! რამეთუ იტყვის უფალი: "იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თვისსა ცოდვილთა ზედა და მართალთა", და შენცა უკვე ნუ ხარ უწყალო მსაჯული, არამედ გულის-ხმა-ჰყავ, რამეთუ ჩვენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემძლებელ არიან ჩვენდა შთაგდებად არა საპყრობილესა, არამედ ჯოჯოხეთსაცა!
    რამეთუ მრავალ გზის ძმათა მიმართ ცოფ და რაკა გვითქვამს" და დედათა მიმართ გულისთქმით მიგვიხედავნ, რომელ ესე მრუშება არს, და მრავალ გზის უღირსებით ვზიარებულ ვართ?! ესე ვითარითა ცოდვით შებღალულნი, რომლისადა ანგელოსნი ვერ იკადრებენ შეხებად, რომელ ესე ჩვენთვის უძვირეს არს ყოვლისავე, ნუმცა უკვე სხვათა ბრალთა გამოვიძიებთ? არამედ თავთა თვისთა ცოდვათა მოვიხსენებდეთ, რამეთუ ქრისტე არა მართალთა თანა ოდენ იქცეოდა, არამედ ცოდვილთა თანაცა, ვითარცა იგი ქანანელსა და სამარიტელსა, და მეძავსა მას და სხვათა მრავალთა. და ჩვენ შებღალულნი მრავალთა მიერ ცოდვათა შეურაცხ-ვჰყოფთა მათ, რომელნი იგი მისვე მიწისაგან ქმნულ არიან, ვინაიცა ჩვენ, რაისა იტყვის საპყრობილესა შინა ბოროტნი კაცნი არიანა, ხოლო ქალაქსა შინა ყოველნი კეთილნი არიან? რამეთუ არა მცირედნი არიან უკეთურნი ქალაქთაცა და ჩვენ ყოველნი ცოდვათა თანამდებ ვართ. რაისათვის უკვე დაუტეობთ თვისთა ცოდვათა და სხვათა ვჰხედავთ, და სადა კაცთ-მოყვარებისა ჟამი იყოს, გამოვეძიებთ უკეთურებასა. არამედ ვიხილნეთღა თავნი ჩვენნი, თუ ვითარ ვიყვენით ოდესმე ჩვენცა და ესრეთ ვიქმნნეთ სახიერ, რამეთუ ჩვენცა ვიყვენით ოდესმე ურჩ, უგუნურ და შეცთომილ მონა თვითო სახეთა მათ გულის-თქმათა, უკეთურ, მოძულე ძმათა და შვილ რისხვისა. ხოლო ღმერთმან იხილა რა, ვითარსა საპყრობილესა შინა ვიყვენით და ვითარითა ჯაჭვითა შეკრულ, არა სირცხვილ იჩინა, არამედ მოვიდა საპყრობილედ და ჩვენ გამოგვიყვანნა მიერ და მოგვიყვანნა სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რათა ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რა ეტყოდა, ვითარმედ: "უკეთუ მე დაგბანნენ ფერხნი თქვენ და მოძღვარმან, თქვენცა თანა გაძსთ ურთიერთარს ფერხთა დაბანაი, რამეთუ სახე მიგეც თქვენ, რათა ვით მე ვჰქმენ, ეგრეთცა თქვენ იქმოდეთ". არა თუ ფერხთა დაბანისათვის ოდენ ჰსთქვა, არამედ ყოვლისათვისვე, რათა მარადის მას ვბაძვიდეთ და მცნებათა მისთა ვიქმოდეთ.
    ეგრეთვე უკვე ჩვენ გინა თუ ბოროტი ვინ იყოს, გინათუ კეთილი, კეთილის ყოფასა ნუ დავაცხრობთ და მრავალ გზის იპოვისცა კაცი დიდ წინაშე ღვთისა. რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა და მერმე შეიწყნარნა ანგელოსნი. ეგრეთვე ჩვენცა მივემთხვივნეთ კაცთა მაღალთა. უკეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდეთ, დაღაცათუ აქა არა მივემთხვივნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცნისა, თუ ვისთვის ვიქმთ მოწყალებასა?!
    ესე ყოველი გულის-ხმა-ვჰყოთ, საყვარელნო, და მარადის აღვასრულებდეთ ქრისტეს მცნებასა და ვიქმოდეთ ქველისა საქმესა ჭირვეულსა ზედა და მივიდოდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, რათამცა ვარგოთ და ჩვენცა ვირგოთ უმეტესი და ღმერთი იდიდოს ჩვენთა ზედა სათნოებათა და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები