
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა, სინანული, ცოდვა
439. აზრი ჩამაგონებს: შენ ყველაფერში სცოდავ და ამიტომ ყოველი სიტყვის, საქმის და ფიქრის შემდეგ უნდა თქვა: „შევცოდე“. ვინაიდან, თუ არ იტყვი: „მე შვცოდე“, ეს ნიშნავს, რომ თავი უცოდველი გგონია. მე ერთიც და მეორეც ძალიან მაწუხებს, ყოველთვის ეს რომ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვიტყვი, ასე მგონია ვცოდავ.
ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერში სიტყვით, საქმით და ფიქრით ვცოდავთ, მაგრამ „მე შევცოდეო“, ამას ყოველთვის ვერ ვიტყვით. ეს დემონთა ჩაგონებაა, რომელთაც სურთ მოწყინებაში ჩაგვაგდონ. და კვლავ ისინი ჩაგვაგონებენ, რომ თუ ჩვენი ყოველი საქმის შესახებ ასე არ ვიტყვით, თითქოს, საკუთარი თავი უცოდველი გვგონია. მაგრამ გავიხსენოთ რას ამბობს ეკლესიასტე: „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლ. 3, 7). ამიტომ დილაობით ლოცვაში ჩვენს მეუფესა და ღმერთს განვლილი ღამისთვის და საღამოობით ჩავლილი დღისთვის ლმობიერებით უნდა ვუთხრათ: „მეუფეო! შენი წმიდა სახელის გულისთვის ყველაფერი შემინდე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა“ (ფსალმ. 40, 5). და შენთვის ეს საკმარისია, მსგავსად იმ ადამიანისა, რომელსაც მუდმივი გამსესხებელი ჰყავს და სხვადასხვა დროს მისგან თანხას იღებს. მაგრამ, რადგან ყოველთვის ზუსტად ვერ უსწორებს ანგარიშს, ამიტომ ერთბაშად იხდის მას; ასევეა აქ.