image

თემა: აღშფოთება,  სიყვარული მოყვასისადმი,  სულგრძელება

480. ერთ-ერთ ძმას, მეორე ძმამ, ვისთან ერთადაც ის რაღაც საქმეს აკეთებდა, ეშმაკის ზემოქმედებით გაარტყა, ხოლო მან, აღშფოთებულმა, მასთან ერთად რომ აღარ ემუშავა, მისი მიტოვება განიზრახა და ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხა.
ძმაო! იმასთან დაკავშირებით, რაზეც შენ მკითხე, ნუ აღშფოთდები, რომ იმ ადამიანს, რომელიც ახლა აზრებითა და ეშმაკისეული შურითაა შეშფოთებული, რაიმე წინდაუხედავად არ მიაგო. ერთ დროს შენც მასავით განცდილი იყავი და აზრებმა წარგიტაცეს: თუ გაიხსენებ, შენ მაშინაც იტანჯებოდი; ამიტომ ახლა შენი ძმა თავის განსაცდელში არ დაამცირო. მრავალი ავადმყოფი, უბნელდება რა გონება ძლიერი ცხელებისაგან, იხსენებს და ამბობს იმას, რაც გონებაში მოუვა, და წყენას აყენებს ჯანმრთელებს, რომლებიც მას ემსახურებიან, და თვითონ ვერც ხვდება ამას, იმიტომ რომ ავადმყოფობა სრულიად ეუფლება მას. და თუ ამ დროს ვინმე მას ექიმის შესახებ ეტყვის, მაშინ ის მკურნალობას არ თანხმდება. ავადმყოფმა არ იცის, რა რა არის მისთვის სასარგებლო და რასაც ეუბნებიან, ფუჭ სიტყვებად მიიჩნევს. როდესაც ჯავრობს ან მრისხანებს, მისთვის საზიანო საჭმელს უფრო ითხოვს, ვიდრე სასარგებლოს, რადგან თავადაც არ იცის, რას აკეთებს. ასევეა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი, თუმცა ის სულს იღუპავს, მაგრამ მას ეს არ ესმის. როცა ის იმ წმიდანებსაც აჯავრებს და ამცირებს, რომლებიც მის სულს თანაუგრძნობენ, მაშინაც კი ვერ ხვდება რას აკეთებს, რამეთუ მტრის ზემოქმედებამ უკმაყოფილების ვნებით დაათრო, რომელიც მის წინაშე ყოველთვის და ყველაფერს ამახინჯებს, მანამ სანამ იმასაც არ მიაღწევს, რომ ღმრთისაგან განაყენებს მას. ასევეა აღნიშნულ შემთხვევაში. მაგრამ, რადგან ვიცით არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელს ზედამხედველურად უშვებს, რათა მის წინაშე გამოცდილნი წარვსდგეთ, ამიტომ მოყვასი მისი გრძნობისმიერი და აზრობრივი ბრძოლების ჟამს უნდა შევიწყნაროთ, ვინაიდან ნათქვამია: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). ვინც ავადმყოფს ეთანხმება, ამით ის განა მის ნებას აღასრულებს, ან რაიმე საზიანოს კი არ მისცემს მას, არამედ მისგან მოყენებულ წყენებს ტვირთულობს და ფრთხილობს არ დააზიანოს ის. ასევეა ნახსენებ საქმეში. უძლური ადამიანისთვის ზრუნვა, მისთვის ლოცვაში მდგომარეობს და არა მისი ნება-სურვილის აღსრულებაში, და თუ თვითონ შეურაცხყოფილს ამისთვის ძალები არ ჰყოფნის, მაშინ სთხოვოს იმათ, რომელთაც შეუძლიათ ღმერთის დათანხმება, რომ მან დაიხსნას ის უძლური მასზე მოწეული განსაცდელისაგან, და ასეთი ადამიანი ლაზარეს დებს მართას და მარიამს მიემსგავსება, რომლებიც მეუფეს ძმის აღდგინებისთვის ევედრებოდნენ. ვინც ასე მოიქცევა, არ უნდა იფიქროს, თითქოს მან რაღაც დიდი საქმე გააკეთა, რამეთუ მან მხოლოდ ის მოიმოქმედა, რასაც სხვები მასთან დამოკიდებულებაში ყოველთვის იჩენენ, ანუ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე 7, 2). და შენც, არ იფიქრო, რომ, რადგან შენმა ძმამ დაგარტყა, ამით თითქოს დიდი რამე დაითმინე, რამეთუ ცისა და მიწის უფალმა მრავალი დარტყმა და სხვადასხვა სატანჯველი დაითმინა. თავს ნუ გამოიდებ და შენს ადგილს ნუ მიატოვებ, და ძმა არ მიატოვო, რამეთუ ეს ღვთისნიერი არ იქნება, იმიტომ რომ ამით ეშმაკის ნებას შეასრულებ. თუ ასე გადაწყვეტ, ამით მტერი კი არ დაწყნარდება, არამედ უფრო უარესი ბოროტებისთვის აღიძვრება, რამეთუ ბოროტება არანაირ სიკეთეს არ წარმოშობს. ეს მხოლოდ დაუმორჩილებლობა და უგუნურებაა: „რამეთუ სადა არს შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე“ (იაკ. 3, 16). უკუნისამდე არავინ განიკურნება ამისაგან, გარდა იმისა, ვინც საკუთარ ნებას მოიკვეთს და იღვაწებს, რომ არ იცნობისმოყვარეოს მოყვასის შესახებ და არასოდეს იკითხოს: “რას ნიშნავს ეს ან ის?“ ხოლო ვინც ამბობს: „ეს მეც მსურსო“, ის ეშმაკის შვილი ხდება, ღვთისაგან კი უცხოვდება; ცხადია, მას საკუთარი ნების აღსრულება სურს, და არა ღვთისა. დაე, ღმერთმა დაგიფაროს, ძმაო, გამხნევდი და მთელი სულით ილოცე შენი ძმისთვის და შეიყვარე ის ჩვენი უფლის, ქრისტეს მიერ რომელსაც შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: