ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ბოროტი აზრები
501. თუ ბერთან მცხოვრებ ძმას მისი პასუხები არ აკმაყოფილებს და აზრები ტანჯავენ, უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ მან თავის ბერთან შეთანხმებით, ან, თუ შეიძლება, მისი ნების გარეშეც, შეკითხვებით სხვა ბერს მიმართოს, თუ უნდა მოითმინოს აზრებისაგან მიყენებული ზიანი?
თუ მან იცის, რომ აბბა სინამდვილეში ზრუნავს მისი სულის სარგებლისთვის, მაშინ თამამად უნდა უთხრას მას: „მე აზრები მაწუხებენ, როგორ განსჯი, რა ვიღონო?“. და როგორც მზრუნველ ადამიანს ავადმყოფი შვილი ექიმთან მიჰყავს, და არა მარტო მიიყვანს, არამედ ფულსაც იხდის მისთვის, ასევე თვითონ ეს ბერი ან სიხარულით მიიყვანს მოწაფეს იმ ადამიანთან, რომელსაც სულიერი განსჯის უნარი აქვს, ან გაგზავნის მასთან. და თუ ძმამ იცის, რომ ბერი ამას ვერ იტვირთავს, მაშინ არაფერი არ უნდა უთხრას მას; მაგრამ როდესაც ღმერთი საშუალებას მისცემს და ხელსაყრელ დროს გამონახავს, დაე თავის აზრების შესახებ სხვა სულიერ ბერს ჰკითხოს, თან სთხოვოს მას, რომ მისმა აბბამ არ გაიგოს ეს, სხვაგვარად შეიძლება შური აღიძრას მასში, ან შესაძლოა ძალიან დაამწუხროს ის, რადგან მან მის დაუკითხავად სხვას მიმართა. თუ ბერს ასეთი ნიჭი არა აქვს, ამან ძმა არ უნდა დააბრკოლოს, რამეთუ ის ყველას არ ენიჭება და, თუ ყურადღებით გამოიკვლევს, აუცილებლად მიაგნებს, რომ მის აბბას სხვა ნიჭი აქვს, რადგანაც სულიერი ნიჭები მრავალფეროვანია (1 კორ. 12, 4) და სხვადასხვანაირად უნაწილდებათ ადამიანებს: ზოგს ერთი ეგზავნება, ხოლო სხვას მეორე. და სანამ ძმა დროს ვერ პოულობს, რომ ვინმეს ჰკითხოს, დაე მოითმინოს და ღვთისაგან შეწევნა ითხოვოს.