image

თემა: ზომიერება,  ნაყროვანება მუცელღორობა,  საზრდელის მიღება,  ძილი

500. ერთ-ერთ ბერთან მცხოვრებმა ძმამ, იმავე ბერს, იოანეს, საკვებზე, ძილის ზომიერებასა და იმ შფოთზე ჰკითხა, რომელიც, როგორც მას ეჩვენებოდა, იმიტომ ემართებოდა, რომ ბერი მას ზოგჯერ არასწორად ექცეოდა.
ბერები ამბობენ, მოყვასის დამშვიდება სათნოებაა და თანაც დიდი სათნოებაო; განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ძმა ნაყროვანებამ ან თავშეუკავებლობამ დაამარცხოს. სხეულს რამდენიც სჭირდება, იმდენი მიეცი და დღეში სამჯერაც რომ ჭამო, არ დაზიანდები. თუ ადამიანი დღეში ერთხელ, მაგრამ განუკითხავად ჭამს, მაშინ რა სარგებელი აქვს? თავისუფლად ჰკითხე ბერს, რა სურს მას. როდესაც თქვენ, ორივე ღვთისნიერად ცხოვრობთ, მაშინ მანაც შენთან ღვთის შიშით გულღიად უნდა ილაპარაკოს; და ის, რაც მისი თქმით, მას ამშვიდებს, შენც ადექი და ის აღასრულე, და ეს ღვთის ნებას დაეთანხმება. ძილი კი ორი სახისაა: ზოგჯერ სხეული სიმაძღრისაგანაა დამძიმებული, ხოლო ზოგჯერ ადამიანს უღონობის გამო არ შეუძლია მსახურების აღსრულება და ძილი ერევა; სიმაძღრეს კი სიძვის ვნება მოსდევს, რამეთუ სხეული რომ შებილწოს, მტერი ძილით ამძიმებს მას. თუმცა, გონიერი ადამიანი ხვდება, თუ როგორ და საიდან ემართება ეს. ჩვენ შეძლებისდაგვარი შრომა მოგვეთხოვება და სხვა არაფერი. ღმერთი კი ჩვენს უღონობას თავის შეწევნით ფარავს და აძლიერებს. რამეთუ მას უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ. ილოცე ჩემთვის ძმაო, და როდესაც მოყვასთან საუბრობ, დაუკვირდი: თუ სიმდაბლით, განსჯით და უშფოთველად ლაპარაკობ, მაშინ გააგრძელე საუბარი; ხოლო თუ ასე არაა, მაშინ აზრი შეაკავე, გაკიცხე და დამშვიდდები. ნუ გაშფოთებს შენი ბერის საქციელი, არამედ საკუთარ თავს უთხარი: „ღმერთმა იცის უმჯობესი“ და შენც დაწყნარდები. ბერს სიმდაბლით შეახსენე და თავი დაანებე; დაე, აკეთოს, როგორც სურს. ილოცე ჩემთვის, უპატიოსნესო ძმაო!
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები