image

თემა: მემთვრალეობა,  ნაყროვანება მუცელღორობა,  საზრდელის მიღება,  სტუმართმოყვარეობა

590. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა შევხვდე მომსვლელებს: ერისკაცებს, მამებს და ძმებს?
სიბრძნით იხელმძღვანელე, ყველა მიიღე და ნურავის დაუგებ საცდურს მოციქულის მსგავსად, რომელიც „სათნო იყო ჰურიათა მიმართ, წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა“ (1 კორ. 10, 32). ქრისტეს სიყვარულისთვის, ჩემს ბატონს შევახსენებ, რომ ჩვენი ჟამი ხორციელი განსვენებისა და სტომაქის ამოვსებისაკენ გადაიხარა, რომლებიც ყველა ვნებას წარმოშობენ; ვინც ასეთი საბაბით მოდის, დაიცავი თავი მათგან, ერისკაცი იქნება ეს, ძმა, თუ მამა. როდესაც ისინი მოვლენ, მაშინ არც მომეტებულად გაუმასპინძლდე და არც სრულად უარყო; ხოლო, თუ ვინმე საკუთრად ამ მიზნით მოდის, განეშორე მას. შენთვის უცნობი არაა აბბას მოპყრობა, თუ როგორ ექცეოდა ის მომსვლელებს. სჯობს, ძუნწი გიწოდონ, როცა ასეთი არა ხარ, ვიდრე ავხორცი. მაშასადამე, ყველას შესაფერისად თბილად მოეპყარი და მიიღე, მაგრამ თავი ისე მოაჩვენე, თითქოს მათსავით ჭამ, სინამდვილეში კი საჭიროზე ნაკლები ჭამე. ხოლო თუ ვინმე გაიძულებს, უთხარი მას: მოციქული ამბობს: „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ (ეფეს. 5, 18). მამები ამბობენ: „ყველა ადამიანს, ვისაც ცხონება და ღვთისადმი სინანულის შეწირვა სურს, ვთხოვთ, რომ საკუთარი თავი ღვინის გადაჭარბებული გამოყენებისაგან დაიცვას, რომელიც ყველა ვნებას შობს“. დაიცავი თავი მათგან, ვინც ამბობს: „თუ შენ არ სვამ, მეც არ დავლევ, და თუ შენ არ ჭამ, მეც არ შევჭამ“. და ყოველმხრივი სიმდაბლით შეუნდე ასეთს და უთხარი: მოციქულმა თქვა: „მჭამელი იგი არამჭამელსა მას ნუ შეურაცხჰყოფნ; და არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ; რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა“ (რომ. 14, 3, 6), და რადგან ერთიც და მეორეც ღვთის სადიდებლად აღესრულება, ამიტომ ისინი ღვთის წინაშე ორივე მართლები არიან. ამიტომ, დაე, თითოეულმა ღვთის სიყვარულისთვის, რამდენიც სურს, ჭამოს და სვას, ხოლო მე, გთხოვთ წყალობას, ნუ მაიძულებთ, რამეთუ უძლური ვარ და მეტის ჭამა არ შემიძლია. მოცუქულმაც ასე თქვა: „არა არს სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ“ (რომ. 14, 17), არამედ სიყვარული და წმიდა გული და სხვ. ასე რომ, მომსვლელთა მიმართ კეთილგონიერი იყავი; გონიერება და სიბრძნე უნდა გქონდეს, რომ თითოეულს შეატყო, რისთვის და რატომ მოდის: ღვთის, თუ საჭმლის გულისთვის; და ბოლოს, რამდენსაც შესძლებ, იმ მომსვლელებთან, რომელთაც სიტყვის მოსმენა სჭირდებათ, მიწიერ თემაზე საუბრებს უფრთხილდი; ხოლო, თუ ვინმეს ღვთის სიტყვის მოსმენა ესაჭიროება (რისთვისაც ღმერთი შენ გონიერებას განიჭებს), ასეთებთან მამათა ცხოვრებიდან, სახარებიდან, სამოციქულოდან და საწინასწარმეტყველოდან ისაუბრე და ნუ მიუშვებ მათ, რომ ამსოფლიურ საქმეებზე ილაპარაკონ. რამეთუ, სხვაგვარად თქვენთვის საჭმელი და სხვა ყველაფერი ხორციელი იქნება. ის, რაც ზემოთ გითხარი, ხორციელ სწავლებას არ ეხება; ხოლო ამ სოფლის საქმეებზე საუბრები თქვენ არ შეგეფერებათ, რამეთუ ეს მიწიერი სწავლებაა. ასეთს უთხარი: აბბა! უფალმა თქვა: „მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა“ (მათე 22, 21); თუ შენ ღვთის გულისათვის მოხვედი, მაშინ შეგიძლია იმაზე ისაუბრო, რაც ღვთისათვის სათნოა. სოფელს თავისიანი უყვარს; მაგრამ ეს სოფელი არ ეთანხმება ღვთის ნებას. სხვაგვარად, ღვთის ნებისაებრ თუ არ ვისაუბრებთ, დავისჯებით, რამეთუ მოციქულმა თქვა: „ზრახვაი იგი ხორცთაი მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ სჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერც ძალუც“ (რომ. 8, 7).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: