ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: სიხარული, სტუმართმოყვარეობა
456. გთხოვ ჩემო მამაო, მითხარი როგორი უნდა იყოს რიგიანი მხიარულება? და როგორ უნდა გამოიყენოს ის ცოდვილმა, რომ ზღვარს არ გადასცდეს?
სრულყოფილნი, იმ მხატვრის მსგავსად, რომელმაც სრულყოფილად იცის თავის ხელოვნება, საკუთარ თავსაც სრულყოფილად აკვირდებიან; თუ ის ვინმესთან იმ დროს საუბრობს, როდესაც თავის საქმითაა დაკავებული, ასეთი საუბარი მას ხელს არ უშლის იმ საქმის კეთებაში, რასაც მხატვრობა მოითხოვს და, მოსაუბრეებთან ლაპარაკის მიუხედავად, მისი გონება მთლიანად წინამდებარე საქმიანობაშია ჩაძირული. მოსაუბრემაც, ასევე, სხვას მხიარული სახე და სიტყვა უნდა უჩვენოს, ხოლო გულში სულთქმა უნდა ჰქონდეს. ამის თაობაზეა დაწერილი: „სულთქმაი ჩემი შენს წინაშე არს მარადის“. გამოუცდელი მხატვარი, თუ ხატვის დროს ისაუბრებს, მის საქმეს გაფუჭების საფრთხე ემუქრება. ასევე ემართება იმას, ვინც მხიარულებას ეძლევა. ასეთ ადამიანს საკუთარი სიტყვების და სახის მხიარული გამომეტყველების მიმართ დიდი სიფრთხილე და ყურადღება მართებს, რომ სრულიად არ დაშორდეს გლოვის გზას. მან, სანამ საუბარს დაიწყებდეს, საკუთარ აზრს უნდა შეახსენოს, თუ როგორაა საჭირო მისი წარმართვა და ასეთნაირად მოემზადოს, რამეთუ წერია: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფსალ. 118, 60). ხოლო საკუთარი თავის მომზადება ნიშნავს იმას, რომ განვასხვავოთ ის პირები, თუ ვის რა საბაბით სურს ჩვენთან საუბარი და მათი განზრახვის შესატყვისად, აზრი ღვთის შიშით შემოვზღუდოთ და შევამზადოთ. თუ საუბარი ურთიერთმისალმებისთვისაა, მაშინ შესაბამისი სასიამოვნო სიტყვებით მიმართონ ერთმანეთს. ხოლო მამების მიღების შემთხვევაში, დაე სიხარულითი იყოს შეზავებული, აბრაამის მსგავსად, რომელმაც მეუფეს და ანგელოზებს ფეხები დაჰბანა და სავედრებელი სიტყვებით მიიღო ისინი. თავად ვითარებები გვიჩვენებს, სად და როგორ გამოვიყენოთ შესაფერისი მხიარულება და ამიტომ, როდესაც ჩვენ, თუნდაც შემთხვევით, ვარწმუნებთ მომსვლელებს, რომ რაიმე შეჭამონ ან შესვან, ეს ხალისით უნდა ვაკეთოთ, მაგრამ მოკლედ, რათა გონების აფორიაქებას თავი ავარიდოთ.