image

თემა: სტუმართმოყვარეობა

734. უნდა მივიღო თუ არა ჩემთან მოსული, მოგზაურობაში მყოფი ყოველი მონაზონი, სანამ არ გამოვკითხავ ვინაა და საიდან? და თუ ვიჩქარებ მის მიღებას, როდის უნდა გავუშვა ის? წასვლისას უნდა გავატანო რამე თუ არა? რამეთუ ზოგიერთები ამასაც საჭიროებენ.
ბრძენმა დაგვიწერა: „ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ“ (ზირ. 11, 29). ამიტომ, როდესაც შენთან მგზავრი მოდის, ჯერ ღვთისადმი ილოცე და შემდეგ გამოკითხე: საიდანაა ის და სად მიდის. თუ აღმოჩნდება, რომ უნდა მიიღო, მაშინ მიიღე, დააპურე და გაუშვი, მაგრამ არაფერი გაატანო, იმიტომ რომ, თუ სტუმართა მიღებას შენს ძალებზე მეტად შეეცდები, ვეღარ გაუმკლავდები მას.
735. თუკი მე მგზავრს მივენდობი და რამდენიმე დღით დავტოვებ ჩემთან, მაგრამ, ამასთანავე თავად მსურს სხვაგან წასვლა და მრცხვენია, რომ მასაც წასვლა ვთხოვო, რათა არ დაბრკოლდეს, ან რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, უბრალოდ მსურს, რომ დამტოვოს, მაშინ როგორ მოვიქცე?
უთხარი მას გულღიად: „აბბა! სადმე წასვლას ხომ არ ფიქრობ?“ თუ გეტყვის: „კი, მე განზრახული მაქვს წასვლა“, შენც უთხარი: „მეც ასევე მჭირდება სახლიდან გასვლა“. ხოლო, თუ გითხრა: „არა, არ ვფიქრობ“, მაშინ უთხარი მას: „მე წასასვლელი ვარ, მაგრამ აქ არავინაა, შენ რომ მოგემსახუროს ჩემს არყოფნაში“. ასეთნაირად ის მშვიდობით წავა.
736. კარგია თუ არა სენაკის ნივთების მილაგება, რაიმე რომ არ დაიკარგოს, თუ ღვთის ნებას მივანდო ისინი?
მას შემდეგ, რაც მოთხოვნილება აღსრულებულია, არა მარტო სტუმართმოყვარეობისთვის საჭირო ნივთების დალაგება-მოწესრიგებაა კარგი, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებისაც, რამეთუ ეშმაკს ცდუნების საბაბი არ უნდა მივცეთ. თუ დავიწყების ან სიზარმაცის გამო რაღაც დაიკარგება, წუხილს ნუ დაიწყებ, არამედ საკუთარი თავი სიზარმაცეში დაადანაშაულე და ღვთისაგან შენდობა ითხოვე. მაგრამ ამის გამო მტერმა არ მოგწყვიტოს სტუმართმოყვარეობის კეთილი საქმისაგან, არამედ მასში შენი ძალისაებრ, გადაჭარბების გარეშე ივარჯიშე, აკეთე ეს განსჯით და ამასთანავე იზრუნე, რათა არ ცდუნდე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები