image

თემა: ურჩობა,  ფიცი

621. იგივე ძმამ, რომელიც კიდევ ერთხელ ეურჩა აბბას, დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა განრისხებისას ნათქვამი ფიცის აღსრულება, თუ სჯობს შევინანო და ფიცი არ შევასრულო. ბერმა კი შემდეგი უპასუხა:
უფალმა უთხრა მოსეს: „ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ მაგ კერპს“ (გამ. 32, 7-8). გულარძნილო, ასე მალე რატომ გადაიხარე მორჩილებისაგან?! ეშმაკს სურს, დაგაშოროს მას და შენზე მძვინვარებს. განა ნათქვამი არ იყო, რომ უგუნური და გულით წინადაუცვეთელი ხარ? სად მოისროლე ჩემი სიტყვები? რად ისწრაფვი ეშმაკის მთხრებლისკენ? რად გაბრმავებს მტერი იმასთან დაკავშირებით, რაც მოისმინე? განა მცნება არ მოგცეს, რომ საკუთარი თავი ღვთისა და აბბას ხელში გადაგეცა? განა არ მოისმინე, რომ მას შენი სულის ცხონება საკუთარი სულივით სურს? მისი ბრძანება რთული შესასრულებელიც რომ ყოფილიყო, ურჩობა მაინც არ უნდა გამოგეჩინა, მით უმეტეს, ამას ძმათა სარგებელი მოითხოვდა; მაგრამ სატანა თავის მართლებით გაკარგვინებს მას, რათა არც თავად შენ და არც სხვამ შენი მეშვეობით სარგებელი არ მიიღოს. შენ გსურს, რომ ის ვაება გეწიოს, რომელიც ფარისევლებს უთხრეს და ის სასჯელი დაიმსახურო, წინასწარმეტყველ ეზეკიელის თქმით, დაუდევარი მცველისადმი რომაა აღთქმული (ეზეკ. 33, 6). დავუშვათ, შენ თვითონ არ შეგიძლია ვინმეს სარგებელი მოუტანო; მაშ, რატომ არ ეუბნები იმას, ვისაც ეს შეუძლია? ისევ ურყევი რჩები შენს გულქვაობაში და ასე მალე იმიტომ დაემსგავსე იმ ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს დაუბრუნდა, და იმ ღორს, რომელიც დაბანვის შემდეგ ტალახში გორაობს. (2 პეტ. 2, 22). აბბამ გამცნო, თუკი რამ შეგემთხვევა, ყველაფერი მითხარიო, მაშინ ცოდვაც მის კისერზე იქნებოდა. მაგრამ შენ აღიზიანებ მას, როგორც ურიები - მოსეს. ბოლოს და ბოლოს, შეგრცხვეს, მიატოვე შენი ძველი ჩვევა, მოიქეცი და მიგიღებს ღმერთი, რამეთუ ის მოწყალეა. კაცთმოთნეობაც მიატოვე, რამეთუ ის გღუპავს და ასე ღვთის მონა ვერ გახდები. გულფიცხელო, დაუკვირდი საკუთარ თავს და გეშინოდეს ღმრთისა. განრისხებისას ნათქვამი ფიცის აღსრულება უსარგებლოა, რამეთუ ამით ღვთის მცნებას არღვევ, რომელმაც თქვა: „არა კაც-კლა“ (მათე 5, 21), ამიტომ, უმჯობესია ღვთის წინაშე შეინანო და არ შეასრულო ის, რაც დაიფიცე, რათა ჰეროდეს მსგავსი მსჯავრი არ გეწიოს, რომელმაც, შეასრულა რა თავის უღირსი ფიცი და იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა, საუკუნო ცხოვრება დაკარგა და მძიმე და დაუსრულებელ ტანჯვას გადაეცა. უკეთესი და სასარგებლოა შეინანო და შენდობა ითხოვო ღვთისაგან, რომელსაც შეუძლია მოგმადლოს პატიება; ჰეროდეც ნეტარი იქნებოდა ასე რომ მოქცეულიყო; მაგრამ, რადგან ასე არ მოიქცა, სამარადისოდ შეჩვენებული და დაწყევლილი იქნა. პეტრემაც კი, მოციქულთა თავმა, სამჯერ უარყო და დაიფიცა, რომ მაცხოვარს არ იცნობდა, მაგრამ, ჭეშმარიტი სინანულით და მწარე ცრემლით შეინანა და ამით თავისი ცოდვა აღხოცა. კაცთმოყვარე მეუფემ და მაცხოვარმა ქრისტემაც შეიწყნარა და იგი არა მარტო ანგელოზის ხარებას ეღირსა, რომელმაც თქვა: „უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს“ (მარკ. 16, 7), არამედ თავად უფალმაც, სამგზის უარყოფის სანაცვლოდ, სამჯერ ჰკითხა მას: „სიმონ იონაისო, გიყუარ მეა?“ (იოანე. 21, 17), რითაც აჩვენა, რომ ჭეშმარიტი სინანულით ის სამგზის უარყოფის ცოდვისაგან განიკურნა. აღარ დაიფიცო ამიერიდან და ღვთის მცნება არ დაარღვიო. ხოლო თუ კვლავ შესცოდავ, ზურგს ნუ შეაქცევ სინანულს. პეტრესაც რომ შეესრულებინა ის, რაც ფიცით თქვა - არ ვიცნობო ქრისტეს - მაშინ მისგან და მისი დიდებისგან განვარდებოდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები