ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მიტევება, ურჩობა
620. ძმამ რაღაც საქმეში შესცოდა და მრავალჯერ მოისმინა აბბასაგან: თქვი მხოლოდ: „შემინდე“, მაგრამ გული გაუსასტიკდა და არ თქვა ეს. აბბამ კი, სამჯერ მოიყარა მუხლი, ლოცვა წარმოთქვა და ძლივს დაარწმუნა, რომ ეთქვა: „შემინდე“. როდესაც ძმა თავის სენაკში მიდიოდა, აბბამ უთხრა: „ძმაო, შენს სენაკში მარტო რომ დარჩები, გამოიკვლიე შენი გული, და მიხვდები, რა მიზეზით დაგემართა ასეთი სისასტიკე“. როდესაც ძმამ ეს შეასრულა, შეიცნო თავის დანაშაული, აბბასათან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, რომ ეს საქმე დიდი ბერისათვის, ბარსანუფისთვის ეცნობებინა და ლოცვა გამოეთხოვა.
ძმაო! დაუკვირდი საკუთარ თავს. შენ თავად მოისურვე, რომ შენს ყანაში დავთესო. არავის დაუტანებია ძალა. ამიტომ არ დაუშვა რომ ეშმაკმა შენს ხორბლის ყანაში ღვარძლი, ანუ ცეცხლის ტალკვესი დათესოს. აი, რას გეტყვი: შენ შენი აზრების შესახებ მეკითხები. მამები კი ამბობენ, ვინც ბერებს ეკითხება, მან სიკვდილამდე უნდა დაიცვას მათი რჩევებიო, ხოლო ვინც არ იცავს, საკუთარი თავის დაღუპვას უწყობს ხელს. შენს გულში ბოროტი და მძვინვარე აზრები იმალება. რატომ გიტაცებენ სიკვდილშემოსილი აზრები ისეთ რამეზე, რაც საერთოდ არც არსებობს? ეშმაკი სინათლეს სიბნელედ წარმოგისახავს და სიბნელეს - სინათლედ; მწარეს ტკბილად გაჩვენებს და ტკბილს - მწარედ (ის. 5, 20). სიცოცხლეს ისე უყურებ, როგორც სიკვდილს და სიკვდილს - როგორც სიცოცხლეს. რამეთუ, „მტერი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (1 პეტ. 5, 8), მათ შორის შენი ცოცხლად შთანთქმაც სურს, შენ კი ამას ვერ ხვდები. შენ ღვთის ხელი და წმინდანთა ლოცვები რომ არ გიფარავდეს, ეშმაკის ხიბლი დაგატყვევებდა და დაიღუპებოდი. შენი სარგებლისა და სულის ცხონებისათვის აბბა ღვთაებრივ სიტყვებს გეუბნება, შენ კი უგულებელყოფ მათ და ამიტომ ცხოვრებას ვერასოდეს შეიცნობ. აბბა ისე შრომობს შენთვის, როგორც საკუთარი სულისთვის და წმინდანებისგანაც ითხოვს შენთვის ლოცვას, რათა შენ ეშმაკის მახეებს და სიკვდილს თავი დააღწიო და უფლის სავანის მკვიდრი გახდე. თუ ის შენთვის ასე შრომობს, მაშინ ნუთუ შენც საკუთარ სულზე მეტად არ უნდა დაიცვა მისი სიტყვა? მაგრამ, მუდმივად მის გვერდით ყოფნით დანაყრებულს, ეს გაკმაყოფილებდა. თუმცა, როგორი დანაყრებულიც არ უნდა ყოფილიყავი მუდმივად მასთნ ყოფნით, უნდა გელოცა, რათა არ დასჯილიყავი მის გვერდით. მის გვერდით ყოფნის ღირსი რომ გამხდარიყავი, დიდი შიშით, ძრწოლით და ზედმიწევნით უნდა შეგესრულებინა მისი ბრძანებები, რათა მისი მეშვეობით შენზე ღვთის კურთხევა გარდამოსულიყო. დაე, ნუ აცხადდება შენზე წერილის სიტყვა: „გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას და დაივიწყა ღმერთი, თავის შემოქმედი“ (რჯულ. 32, 15). რამეთუ მაშინ აღსრულდება შენზე: „ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა! რამეთუ ტვიროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს“ (მათე 11, 21). დაე, ნუ გაიგონებ: „შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი“ (ფსალ. 49, 17). მრავალჯერ რატომ გამოსცადე საკუთარი თავი? თავად დაიწყე ზოგიერთებთან საუბარი, მაგრამ ვერ აიტანე მათი ნათქვამი და გული შურმა და ცილისწამებამ დაგიბნელა და აღშფოთებაში ჩავარდი. მრავალჯერ წაიბორძიკე, დაეცი და თავ-პირი დაიმტვრიე, მაგრამ ჯერ კიდევ არ რცხვენია შენს სპილენძის შუბლს და არ მოდრეკილა შენი რკინის ქედი, რაც ძმამ - იოანემაც გითხრა. გადარჩა კი ვინმე, ვინც ასე იქცეოდა? თავდაპირველად ეს კაენმა ჩაიდინა და ის ღმერთმა შეაჩვენა; მას შემდეგ გოლიათებმა და ისინიც წარღვნის წყალმა შთანთქა. ქამი და ესავი წმინდა კურთხევისაგან უკუაგდეს. ფარაონი გასასტიკდა და მეწამული ზღვის წყალმა ის და მისიანები დააღრჩო. დათანი თავის თანამოაზრეებით მოსეს აღუდგა წინ და მიწამ შთანთქა ისინი და მათი სახლები. თუ, წერილის მოწმობით, წინააღმდგომი მღვდელი მიწამ შთანთქა, მაშინ შენ როგორღა გაბედე მისი შეწინააღმდეგება, ვინც გიბრძანა, რომ გეთქვა: „შემინდეო?“ არ თქვი რა ეს, საკუთარი თავი განაყენე ღვთისადმი მორჩილებისა და მამათა სიტყვებისაგან, რომლებიც ამბობენ: „ყველაფერში თავი უნდა დავიმდაბლოთ და ყველა საქმეში და სიტყვაში უნდა ვთქვათ: „შემინდე!“ შენ კი მრავალჯერ გარწმუნებდნენ ამას და არ თქვი. ხოლო შემდეგ ნათქვამი „შემინდე“ ტყუილი იყო, რადგანაც იძულებით თქვი და არა სინანულით და ლმობიერებით. როდემდე დარჩები ქედფიცხელი და გულით წინადაუცვეთელი?“ (საქმე მოც. 7, 51) დაფიქრდი, შენ არავინ გექცევა სასტიკად. რატომ უწვდი ხელს ეშმაკს და აძლევ ძალას, რომ შენი სული დაღუპოს? ამიერიდან იფხიზლე, ჩემო ძმაო იფხიზლე და გამოიღვიძე მძიმე ძილისაგან და უღვინოდ თრობისაგან, რომელიც შენ დაგეუფლა. სადაა სიმდაბლე? სადაა მორჩილება? სადაა ყველაფერში საკუთარი ნების მოკვეთა? თუკი ერთში საკუთარ ნებას იკვეთავ, ხოლო მეორეში არა, მაშინ იმაში, რაშიც მოიკვეთე, აშკარაა, რომ შენივე სხვა ნება გქონდა. რამეთუ მორჩილი ყველაფერში მორჩილია; ის არ ზრუნავს საკუთარ ცხონებაზე, რამეთუ მისთვის სხვა აგებს პასუხს - ის, ვისაც მან საკუთარი თავი მორჩილებაში მიაბარა და მიანდო. ასე რომ, თუ ცხონება და ზეცაში და მიწაზე სიცოცხლე გსურს, დაიცავი ეს და მე ვაგებ პასუხს შენზე, ძმაო; ხოლო დაუდევარი თუ იქნები, შენ თავს დააბრალე. იმედს ნუ დაკარგავ, რამეთუ ეს ეშმაკს უხარია. მე აბბა დავარწმუნე, რომ თავის წიაღში დაებრუნებინე და ეს ასეც მოხდა. მას ეს შენი ურჩობის გამო არ უნდოდა, მაგრამ მე ღვთის შიშით დავარწმუნე და მანაც საკუთარი შვილივით მიგიღო და არა როგორც მემრუშე. შენც ყველაფერში მიანდე მას საკუთარი თავი ღვთის შიშით. დამიმოწმებს მამა, ძე და სულიწმინდა, რომ მე მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ შენზე ზრუნვას მის წინაშე და თუ ჩემს სიტყვებს არ დაარღვევ, ღმერთი მე მომთხოვს შენს სისხლს. დღეიდან საფუძველი ჩაუყარე დასაწყისს და შეგეწევა ღვთის ხელი. აი, შენ განახლდი, თავს გაუფრთხილდი და ნუ უსმენ უგუნურ და უსარგებლო სიტყვებს. დაე, ღმერთმა გონიერება და ძალა მოგმადლოს, რათა მოისმინო და აღასრულო. თუ დროთა განმავლობაში კვლავ მოისურვებ ჩემს გამოკითხვას, არ დამეზარება პასუხის გაცემა და გეტყვი იმას, რასაც ღმერთი შენი გულის დასარწმუნებლად ჩემს ბაგეებს მისცემს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს მიერ, ამინ.