image

თემა: მიტევება,  ქურდობა,  შურისძიება

674. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა ბერს ჰკითხა: ჩემი ცოდვების გამო ჩემს სახლში ქურდები შემოვიდნენ, მაგრამ არაფერი წაუღიათ. ვიჩივლო თუ ყურადღების გარეშე დავტოვო ეს ამბავი?
თუ ჩვენ სინამდვილეში ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცოდვების გამო შემოვიდნენ ქურდები ჩვენს სახლში და ღმერთმა, თავისი კაცთმოყვარებით, არ დაუშვა ჩვენთვის ბოროტება გაეკეთებინათ, მაშინ რატომღა გვსურს შურისგება? რატომ არ მივანდობთ ყველაფერს ღმერთს, რომელიც ამბობს: "ჩემი არს შურისგებაი და მე მივაგო" (რომ. 12, 19). ღვთისა თუ გვეშინია, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ისინი (ქურდები) რაღაცას ითმენენ, შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ; მაგრამ, რადგან ჩვენ ჯერ ამ საზომისთვის არ მიგვიღწევია, მაშინ ნურც ბოროტებას გავუკეთებთ მათ და ნურც სიკეთეს, არამედ მადლობა შევწიროთ მას, რომელმაც ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვაგო ჩვენ.
675. მაგრამ მათ ჩვენგან რაღაც რომ მოეპარათ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით?
სრულყოფილნი არაფერზე ზრუნავენ; ხოლო ვინც სხვა ხარისხშია, ის ან მცირედ დანაკარგს ეგუება, რამეთუ ანგარიშს უწევს მათ შეჭირვებას და სიღარიბეს ვისგანაც დაბრუნებას მოითხოვს, ან მოპარულს იბრუნებს. ასე, თითქოსდა, კანონიერად ვეპყრობით უგუნურებს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვეცხლისმოყვარებაა და ჩვენი სულისთვის საზიანოა. ვინც ასე იქცევა, მცნებას არღვევს, რომელიც ამბობს: "რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (მათე 5, 40).
676. კი მაგრამ, როგორ? ჩემო მამაო, თუ ვინმე ჩემი ტანსაცმლის წაღებას მოისურვებს, ნუთუ მაშინვე უნდა მივცე მას სხვა სამოსიც? რამდენი ბოროტი და უკეთური ადამიანი მოიძებნება, რომელიც მზადაა იმისთვის, რომ, თუკი შეძლებს, სრულიად შიშველს დატოვებს ადამიანს?
მცნება იმას კი არ ამბობს, ისე უბრალოდ ვისაც ტანსაცმლის წაღება მოუნდება, ყველას გაატანეთო, არამედ - "რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი" - რაც უკვე მიუთითებს ასეთი ადამიანის არაკაცთმოყვარებასა და ცილობის სურვილზე, რომლებიც სულს გვიზიანებენ. მსგავს შემთხვევაში სულის გადარჩენისათვის სხეულის საჭიროება არ უნდა გვანაღვლებდეს, რამეთუ ნათქვამია: "რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათე 16, 26).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები