ავტორი:
წმ. კირილე იერუსალიმელი
თემა: მამაო ჩვენო, მიტევება
997. როგორ განმარტავენ წმ. მამები მომდევნო სიტყვებს: „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“?
„მომიტევე ჩუენ თანანადებნი ჩუენნი...“ რადგან მრავალია ჩვენი ცოდვა: ვეცემით სიტყვითაც და აზრითაც და ბევრს რასმე ვაკეთებთ, რაც გაკიცხვის ღირსია. „უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვა არა გუაქუს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტება არა არს ჩუენ თანა“ (1 იოან. 1,8). ჩვენ კი ხელშეკრულებას ვდებთ ღმერთთან, როცა ვევედრებით, „მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ამიტომ, წარმოვიდგენთ რა გონებაში, რას მივიღებთ რის ნაცვლად, ნუღა დავაყოვნებთ ერთმანეთის მიტევებას. ის, რითაც ჩვენს წინაშე შესცოდეს, მცირეა, უმნიშვნელო და ადვილად წარმავალი. ღმრთის წინაშე შეცოდებანი კი დიდია და მათ მისატევებლად მხოლოდ ღმრთისთვის დამახასიათებელი კაცთმოყვარეობაა საჭირო. ამიტომ ფრთხილად იყავი და შენს წინაშე მცირე და უმნიშვნელო შეცოდებათა მიზეზით ნუ მოჭრი შენი ღმრთის წინაშე მძიმე შეცოდებათა პატიებისკენ მიმავალ გზას.