image

თემა: მორჩილება,  ურჩობა

548. ამ საცხოვრებლის წინამძღვარმა (აბბამ), სადაც სხვა წმინდა ბერებიც იმყოფებოდნენ, ერთი საქმის გაკეთება ბრძანა; ზოგიერთმა ძმამ კი, რომელიც საკუთარ შეხედულებაზე რჩებოდა და საქმე ემძიმებოდა, დრტვინვა დაიწყო. მიხვდა რა ამას, დიდმა ბერმა შემდეგი პასუხი გასცა მათ:
ძმებო! უფალმა თქვა: „ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან და მომდევდენ მე“ (იოანე 10, 27), და ა.შ. და ამიტომ, ვინც ჭეშმარიტი მოწაფეა, ის თავის აბბას ყველაფერში თვით სიკვდილამდე ემორჩილება, და ყველაფერს, რასაც აბბა აკეთებს, საკუთარი თავის შესაგონებლად მოაქცევს, და ვერ ბედავს, რომ ნაბრძანებზე იმსჯელოს და თქვას: „რატომ ასე? ან რა საჭიროა ეს?“. სხვაგვარად ის აბბას მოწაფე კი არ იქნება, არამედ მსაჯული; ყველაფერ ამას კი სხვა არაფერი წარმოშობს, თუ არა ადამიანის გაუკუღმართებული ნება. მაშასადამე, თუ აბბა მოწაფეს რაიმე საქმის გაკეთებას უბრძანებს და ის შეეპასუხება, მაშინ აშკარაა, რომ მას თავისებურად სურს და აბბას სიტყვას აუქმებს. მაშინ ასეთმა მოწაფემ განსაჯოს, რომელია ამ შემთხვევაში აბბა: ის, ვისი სიტყვაც უგულებელყოფილ იქმნა, თუ ის ვისიც დარჩა? ვისაც საკუთარი ნების აღსრულება სურს, ის ეშმაკის შვილია და მისი ნების შემსრულებელი. ასეთმა საკუთარი ნება რომც აისრულოს, მაინც ვერ დაწყნარდება. რა დევს ამაში? მხოლოდ ურჩობა, რომელიც სულის დაღუპვაა. მაშასადამე, ვინც აბბას გამო ბრკოლდება, მოერიდოს მას, რათა სული არ დაიღუპოს და იმათთვისაც არ დასდონ მსჯავრი, რომელთაც რყვნის. რადგან მან არ იცის კარგად იქცევა მისი აბბა თუ ცუდად, ამიტომ თავის პირადი ნება წინასწარ აცდუნებს მას; საქმე საკუთარი ნებით რომც აღსრულდეს, თავის აბბაზე მართალი მაინც არავინ იქნება. ხოლო, თუ მან თავის აბბაზე კარგად იცის, რა არის სასარგებლო, მაშინ რატომ რჩება კვლავ მის მოწაფედ? დაე წავიდეს და თვითონ ასწავლოს სხვებს. ნუ გხიბლავთ ეშმაკი და ნუ უსმენთ საკუთარი ნების ჩაგონებას თქვენსავე საზიანოდ. არასოდეს მოხდება თქვენი ნებისაებრ, რამეთუ ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. მაგრამ, თუ თქვენს ნებას ღმერთს მიანდობთ, მაშინ ყველაფერი ისე აღსრულდება, როგორც მას ესათნოება. ძმებო! ღმერთი ხედავს, რომ მე ეს თქვენი სიბრალულის გამო მოგწერეთ. ვინც მიიღებს ჩემს სიტყვებს, ისინი მის ცხონებას მოემსახურება; ხოლო ვინც არ მიიღებს, ან თუნდაც დაწერილის მიფურთხებას მოისურვებს, ესეც მისი ნებაა, როგორც ზოგიერთები უკვე მოიქცნენ კიდეც, ჭორაობენ რა ჩვენზე: ზოგი გულში, ხოლო ზოგი ბაგეებით. შემინდეთ მე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები