ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მონასტერი, მორჩილება, სიმდაბლე
588. ვინც საერთო საცხოვრებელში მოთმინებით იცხოვრებს, როგორ ცხონდება? და რა უპირატესობა აქვს მას, ვინც იმ ადგილზე ცხოვრობს, სადაც წმინდა მამები იმყოფებიან?
ვინც სიმდაბლესა და მორჩილებაში აღესრულება, მას ქრისტე აცხოვნებს, რამეთუ უფალი იესოა მისი დამცველი. ხოლო, ვინც საკუთარ ნებას მისდევს, თუმცა ზოგჯერ კი მორჩილების და სიმდაბლის ნიღაბს ატარებს, მაშინ ის საკუთარ თავზე თავად აგებს პასუხს. ხოლო ისეთს, რომელიც თავის ნებაზე, ხორციელი მოსვენებისთვის ცხოვრობს, და არა სულიერი სარგებლისთვის, დრო და დრო უნდა შევაგონოთ, მისი გულისთვის, ვისაც - „ყოველთაი კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4). თუ ის გააგრძელებს თავის ნებაზე ყოფნას, მაშინ უნდა მოვუთმინოთ მას, სანამ არ შერცხვება, ან არ მიატოვებს საკუთარ ნებას. ხოლო, თუ ის ძმებს აზიანებს, უნდა განვუცხადოთ: „შენ თუ ასე გააგრძელებ, მაშინ საძმოში დარჩენას ვეღარ შეძლებ იმიტომ, რომ საგნების ბუნებრივი წესრიგიდან გამომდინარეც კი, ადამიანს არ შეუძლია დაუშვას, რომ ერთი სხვების ზიანის ხარჯზე მოსვენებას ეძლეოდეს“. ხოლო, ვინც სავანეში კეთილი რწმენით და ღვთისნიერად ცხოვრობს, მას ღმერთი იფარავს და ის დარიგებასაც იღებს. და, თუ ასეთ ყოფაში აღესრულება, საუკუნო განსვენებას დაიმკვიდრებს. ხოლო იმის უპირატესობა, ვინც წმინდა მამათა გვედით ცხოვრობს, იმაშია, რომ თავისი რწმენა კეთილ საქმეებში გამოხატოს და მამების ძალა ირწმუნოს, „რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკობ. 5, 16), რასაც ყველგან ვეღარ ვხვდებით. უფალმა მოციქულებზე თქვა: „ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა“ (იოანე 17, 12). რამეთუ, შენ გშვენის ღმერთო დიდება, უკუნისამდე, ამინ.