ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: სათნოებები, სიმდაბლე, ცხონება
1. რომელიღაც ძმამ წმინდა ნიფონტს ჰკითხა: ჩემო მამაო, მითხარი სასარგებლო სიტყვა, როგორ ვცხონდე?
ბერმა ამაზე ასე უპასუხა: ჩემო შვილო! შენ თუ ადამიანებს შორის ცხოვრება გსურს, მაშინ შემდეგი საქმეები უნდა აღასრულო: არავინ გაკიცხო, არ განიკითხო, არავინ დაამცირო, ასევე საკუთარ თავზე არ იფიქრო, რომ ოდესღაც კეთილი საქმე გაგიკეთებია და მოერიდე ლაპარაკს: ესა და ეს კარგად ცხოვრობს, ხოლო ის უკრძალველად, რამეთუ ეს სწორედ ამას ნიშნავს: „ნუ განიკითხავთ“ (მათე 7, 1). ყველას ერთნაირად უყურე, ერთი და იგივე გულის განწყობით, ერთნაირი აზრით, უბრალო გულით და ყველა ისე მიიღე, როგორც ქრისტე. ყურს ნუ დაუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ცილს სწამებს მოყვასს და ნუ დატკბები ასეთი ლაპარაკით; არამედ შენი ბაგეები ხშირად დუმილში დაიმარხე; იყავი ზანტი ლაპარაკისთვის და მოსწრაფე ლოცვისთვის. არასოდეს არ უსაყვედურო ცილისმწმამებელს ან სხვა ვინმეს, ვინც უსამართლობას სჩადის, არამედ ყოველთვის შენს ნაკლოვანებებს უყურე, საკუთარი თავი გაკიცხე და ყოველდღიურად დაამცირე.
2. ძმამ უთხრა: ეს, ჩემო მამაო, მხოლოდ სრულყოფილ მოღვაწეებს შეუძლიათ.
ნეტარმა უპასუხა: ჩემო შვილო! ახალგაზრდას სიმდაბლე თუ აქვს, მისთვის ეს საკმარისია, ვინაიდან ღმერთი ახალგაზრდას სხვას არაფერს სთხოვს, თუ არა მხოლოდ სიწმინდეს და სიმდაბლეს. შენ კი, ჩემო შვილო, იყავი მშვიდი და მდაბალი, ლმობიერი და მოწყალე, საკუთარი თავი ყველა ადამიანზე უვარგისად ჩათვალე და ჭეშმარიტად ღმერთით იცხოვრებ. იმისათვისაც იღვაწე, რომ საკუთარ თავზე არ იფიქრო: მე ამა და ამ წმინდანის საზომს მივაღწიეო; არამედ ყოველთვის უთხარი შენს თავს: იცი კი, ჩემო სულო, რომ ჩვენ ცოდვებით თვით ეშმაკებსაც გადავაჭარბეთ, ხოლო კეთილი საქმეები ღვთის გულისათვის არასოდეს გაგვიკეთებია. ვაი ჩვენ, ო, შერცხვენილები, რას მოვიმოქმედებთ სამსჯავროს დღეს? მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, ჩემო შვილო, როგორც ცოდვილმა ილოცე და ყოველთვის თქვი: „უფალო, იესო ქრსიტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე! ღმერთო გამწმიდე მე ცოდვილი! ეს სიტყვებიც ყოველთვის გაიმეორე: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწიდე მე და უცხოთაგან იცევ მონაი შენი“ (ფს. 18, 12-13). ისიც იცოდე, შენი კეთილი საქმეებით არ უნდა დაკმაყოფილდე და ნუ გექნება მათი იმედი, იმიტომ, რომ არ ვიცით, სათნოა თუ არა ისინი ღვთისათვის. ამიტომ ღვთისა და მისი ძალის იმედი გქონდეს, ხოლო საკუთარი თავი უსარგებლო ნაცრად შერაცხე. გამოსწორებაც აქედან იწყება.