ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოყვასთან ურთიერთობა
698. ორ ქრისტესმოყვარე კაცს უფლისმიერი გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი და თავის ცხოვრებაში წმინდა მამების დარიგებებით ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ლაპარაკში რაღაც სიტყვა თქვა სხვა ადამიანზე; მეორეს კი ეშმაკის ჩაგონებით ეგონა, რომ მან ეს მასზე თქვა, რამაც ძლიერ შეაცბუნა; როდესაც პირველმა აუხსნა, იგი არ იღებდა ახსნა-განმარტებებს. მათ ცოტა იკამათეს, შემდეგ მამებთან მივიდნენ და ეს საქმე იმავე ბერს აუწყეს.
როგორც თქვენი ერთსულოვანი ძმა, მე სრულ ჭეშმარიტებას გეუბნებით ღვთის წინაშე. არ დაიზაროთ და ორივემ მთელი გულით ღმერთს სინანული შესწირეთ, რათა მან წმინდა მამების ლოცვით შეგინდოთ. შენ ცილი დაგწამეს, მაგრამ, როგორც საჭირო იყო, საყვედური რომ მოგეთმინა, იტყოდი: "მე შევცოდე, და მთელი ცოდვა მე მაწევს, იმიტომ, რომ ჩემი მიზეზით შეცბუნდა ძმა". ის კი იმაშია დამნაშავე, რომ იმ სიტყვის გამო, რომელიც მასზე არ თქმულა, საყვედური მანამ გითხრა, სანამ განსჯიდა და რომ შენ თვით სიკვდილამდე არ ისურვებდი მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვის თქმას. ამიტომაც აღმოჩნდა, რომ მასაც, შენს მსგავსად, მოთმინება არა აქვს. თუმცა თქვენ არა ხართ დამნაშავე, არამედ ჩვენ ვართ ბოროტების მიზეზი, რადგანაც რიგიანად ვერ ვლოცულობთ.