
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: სათნოებები, სიმდაბლე, ცხონება
1. რომელიღაც ძმამ წმინდა ნიფონტს ჰკითხა: ჩემო მამაო, მითხარი სასარგებლო სიტყვა, როგორ ვცხონდე?
ბერმა ამაზე ასე უპასუხა: ჩემო შვილო! შენ თუ ადამიანებს შორის ცხოვრება გსურს, მაშინ შემდეგი საქმეები უნდა აღასრულო: არავინ გაკიცხო, არ განიკითხო, არავინ დაამცირო, ასევე საკუთარ თავზე არ იფიქრო, რომ ოდესღაც კეთილი საქმე გაგიკეთებია და მოერიდე ლაპარაკს: ესა და ეს კარგად ცხოვრობს, ხოლო ის უკრძალველად, რამეთუ ეს სწორედ ამას ნიშნავს: „ნუ განიკითხავთ“ (მათე 7, 1). ყველას ერთნაირად უყურე, ერთი და იგივე გულის განწყობით, ერთნაირი აზრით, უბრალო გულით და ყველა ისე მიიღე, როგორც ქრისტე. ყურს ნუ დაუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ცილს სწამებს მოყვასს და ნუ დატკბები ასეთი ლაპარაკით; არამედ შენი ბაგეები ხშირად დუმილში დაიმარხე; იყავი ზანტი ლაპარაკისთვის და მოსწრაფე ლოცვისთვის. არასოდეს არ უსაყვედურო ცილისმწმამებელს ან სხვა ვინმეს, ვინც უსამართლობას სჩადის, არამედ ყოველთვის შენს ნაკლოვანებებს უყურე, საკუთარი თავი გაკიცხე და ყოველდღიურად დაამცირე.