სხვა მოძღვარი - მორჩილება
 

თემა: მორჩილება,  სასწაულები

თვით უფალი ბრძანებს, რომ საჭიროების გარეშე თავი ხიფათში არ ჩავიგდოთ.

ღირსი დანიელი (მესვეტე, ქრისტეშობიდან V საუკუნე; ხსენება 11 დეკემბერს) წმიდა სვიმონ მესვეტის სამყოფელში ცხოვრობდა. მან განიზრახა, იერუსალიმის წმიდა ადგილებისთვის თაყვანი ეცა, იქიდან კი მდუმარებისთვის უდაბნოში წასულიყო. სიმეონს უყვარდა იგი და ურჩია, მასთან დარჩენილიყო, მაგრამ დანიელის სურვილი ვერ დაძლია. ისიც სულიერი ლტოლვით გაუდგა გზას.
    გზაზე მან შეიტყო, რომ პალესტინაში ძმათა შორის ამბოხი დაწყებულიყო (მაშინ სამარიტელნი ამბოხდნენ და ქრისტიანებს ხოცავდნენ, არ ინდობდნენ არც ასაკის, არც შეძლების გამო). მაგრამ დანიელის მოუთმენლობა იმდენად დიდი იყო, რომ გაითვალისწინა ყველა საშიშროება, მათ შორის, სიკვდილიც და გზა მაინც განაგრძო. ცოტა ხნის შემდეგ შეხვდა უხუცესი ბერი, რომელიც ემთხვია მას და სირიულად ჰკითხა:
    -საით გაგიწევია, საყვარელო ძმაო?
    -თუ უფალი მიკურთხებს გზას, - უპასუხა დანიელმა, - იერუსალიმში მინდა ჩასვლა.
    -კარგად ამბობ: თუ უფალი გაკურთხებს, - შეეწინააღმდეგა ბერი, - მაგრამ ახლა ეს შენი გზა ღვთის კურთხევით როდია; განა არ გსმენია, რომ პალესტინაში ამბოხი და სისხლისღვრაა?
    -ამის შესახებ შევიტყვე, - მიუგო დანიელმა, - მაგრამ უფლის იმედი მაქვს, რომ შემეწევა, დამიფარავს და ჩემზე რაიმე ბოროტებას არ დაუშვებს; ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, არ ვშიშობ: "რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ. და გინა თუ მოვწყდებით, უფლის მიერვე მოვწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვწყდეთ,უფლისანი ვართ" (რომ. 14, 8).
    დანიელი მაინც არ წყვეტდა სიჯიუტეს და იმ გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, რომ ამ გზაზე ქრისტესთვის სიკვდილისთვისაც კი მზად იყო. ბერმა გულისწყრომით მიიბრუნა პირი და თქვა:
    -უფალს არ უბრძანებია, უდროოდ მიემთხვიო სიკვდილს, არც ის, რომ ეძებდე შემთხვევას, მოგკლან. პირიქით, იგი გვაუწყებს: "რაჟამს გდევნიდენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხვად" (მათე 10, 23).
    დანიელი დაფიქრდა, ბერის რჩევისკენ მიიდრიკა და თქვა:
    -თუ ასეთია შენი ნება, დავბრუნდები.
    მაშინ ბერს ხმა შეეცვალა და ალერსიანად უთხრა:
    -შვილო ჩემო! შენს გგანზრახვაზე სამუდამოდ უარის თქმას არ გირჩევ; ასეთ შემთხვევაში უგუნური ვიქნებოდი; არამედ მხოლოდ ამ ძნელბედობის ჟამს წასვლას არ გირჩევ; ასე რომ, დაბრუნდი კონსტანტინეპოლში, რომელიც თავისი სიწმინდეებით მეორე იერუსალიმია: იქ აღავსებ შენს თვალებსა და გულს იშვიათი სიწმიდეების ხილვით. ხოლო თუ მდუმარება გსურს, უფალი თავად გიჩვენებს შენი სულისთვის უმჯობეს ადგილს ან ზედა ფრაკიაში, ანდა თვით პონტოს ყელთან. მოკლედ, არ უნდა იფიქრო, თითქოს მხოლოდ იერუსალიმში მოიპოვებ უფალს, კონსტანტინეპოლში კი - ვერა. საყვარელო! უფალი ადგილის მიხედვით არ შემოიფარგლება და არც იცვლება.
    ამ საუბრის დროს მზე ამოვიდა და ისინი ახლომდებარე მონასტრისკენ გაუდგნენ გზას. მაგრამ უეცრად ბერი გაუჩინარდა. დანიელი ამ ხილვაზე დაფიქრდა, დარწმუნდა, რომ ეს ან უფლის ანგელოზი იყო, ან თავად სიმეონი და მეორე დღესვე კონსტანტინეპოლისკენ გაემართა
image image
 
თემატური კითხვები
აქტუალური თემები