თემა: სიყვარული მოყვასისადმი


ქრისტიანული სიყვარული მოყვასისადმი.

ანტიოქიაში შექმნილი სამხედრო მდგომარეობის გამო დაწესდა ახალი აუცილებელი გადასახადები, რასაც აჯანყება მოჰყვა. თვით თეოდოსი დიდისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, პლაკილას ქანდაკებებიც კი შეურაცხყოფილი იქნა. ამ გაუგონარი თავხედობის გამოძიება შესაბამისი სიმკაცრით მიმდინარეობდა. თეოდოსის წარგზავნილმა ჩინოვნიკებმა ანტიოქიას აღმოსავლეთის დედაქალაქის სახელწოდება წაართვეს; საპყრობილეები აივსო არა მხოლოდ დამნაშავეებით, არამედ იმ ხალხითაც კი, რომლებიც მათ საეჭვოდ მოეჩვენათ. აღწერეს ცნობილი პიროვნებების მამულები და ყველგან შეიარაღებული დაცვა დააყენეს. საშინელებით თავზარდაცემულ მოქალაქეებს თვალწინ მუდამ სიკვდილის ხატება ჰქონდათ და სასჯელის საათს ელოდებოდნენ.
    ამ მძიმე ჟამს ეკლესიის მწყემსთა და ქრისტიანობის მასწავლებელთა თანაგრძნობა ხალხისადმი საოცარი ძალით გამოვლინდა. ბედკრული ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი ფლავიანე არად აგდებდა ცუდ ამინდს, გზის სიბნელეს, საკუთარ სიბერეს; იგი სამეფო ქალაქში გაემგზავრა, რათა თეოდოსის წინაშე დამნაშავეებისთვის ეშუამდგომლა. წმიდა იოანე ოქროპირი სულისთვის სასარგებლო სწავლებებით ამშვიდებდა მრევლს: უჩვენებდა მათ ჭეშმარიტი სინანულის აუცილებლობას, განსაკუთრებით ასეთი სასტიკი ბოროტმოქმედებისა და სასოწარკვეთილების დამღუპველი შედეგების შემდგომ, რომელსაც წუთიერი სითავხედის შემდეგ ანტიოქიელები მიეცნენ. მეუდაბნოენი, რომლებიც ქალაქის ახლოს ცხოვრობდნენ, ყოველი მხრიდან მოეშურებოდნენ და მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათთვის წყალობას გამოითხოვდნენ, ანდა მათთან ერთად მოკვდებოდნენ. ისინი მთელ დღეებს მსაჯულის მისაღებში ატარებდნენ მოსამართლეთა გულმოწყალების მოლოდინში; ღამით ისინი საპყრობილის კარებში წვებოდნენ და მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეღოთ თავიანთი ძმების გამოხსნისთვის: ხან მუხლებზე ეხვეოდნენ მსაჯულებს, ხანაც ღვთის სახელით ელაპარაკებოდნენ.
    ერთი ამ კაცთმოყვარე ბერთაგანი, სახელად მაკედონი, უბრალო და მაღალი წრის ადამიანების არმცოდნე, მაგრამ სათნოებითა და სულიწმიდით აღსავსე, ქალაქში ორ მსაჯულს შეხვდა და მათ ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანა. მსაჯულები გაბრაზდნენ, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს მეუდაბნოის უმაგალითო ცხოვრების შესახებ, შეასრულეს მისი მოთხოვნა, გადაეხვივნენ და შენდობა სთხოვეს. მაშინ ბერი ღვთაებრივი სიბრძნით აღივსო და ხმას აღუმაღლა:
    -წადით, ძმანო, და ხელმწიფეს ასეთი რამ უთხარი: შენ იმპერატორი ხარ, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანიც; შენ ფლობ ადამიანებს, რომლებიც ღვთის ხატებანი არიან. გეშინოდეს შემოქმედის მრისხანებისა, თუკი მის ქმნილებას მოსპობ.
    გაღიზიანებული ხარ, რომ შენი გამოსახულებები დაანგრიეს, განა ნაკლებად მრისხანებს ღმერთი, როდესაც შენ მის სახებას ანადგურებ? შენი გამოსახულებები უსულოა და უგრძნობი, მისი კი - სულიერი და გონიერია. შენი სპილენძის გამოსახულებები შეიძლება კვლავ აღადგინო და შექმნა; მაგრამ როდესაც ადამიანებს მოაკვდინებ, რითი გამოისყიდი ამ დანაშაულს? აღადგენ მათ?
    მოშურნეობისა და სიყვარულის ამ ხმამ ძლიერ იმოქმედა მსაჯულებზე, რომელთა თვალებზეც არაერთგზის მოუგვრია ცრემლები სხვა ბერების თხოვნასაც; მაგრამ ისინი ვალდებულნი იყვნენ, საპასუხოდ და თავის გასამართლებლად მათთვის განეცხადებინა იმპერატორის ნება, სახელმწიფო დამნაშავეების შეწყნარების საშიშროება და მართლმსაჯულების მოთხოვნების აღსრულების აუცილებლობა.
    დადგა საშინელი დღე, როდესაც დამნაშავეთათვის საბოლოო განაჩენი უნდა წაეკითხათ... მეუდაბნოენი კვლავ შეგროვდნენ მსაჯულთან და განუწყვეტლივ ითხოვდნენ, გადაედოთ საქმე გარკვეული დროით და სასახლის კარიდან ახალ ბრძანებას დალოდებოდნენ. ისინი აპირებდნენ, იმპერატორთან წასულიყვნენ და ცრემლით მოელბოთ მისი გული; ბოლოს და ბოლოს სასურველს მაინც მიაღწიეს. მსაჯულებმა მათ უფლება მისცეს, თავიანთი შეხედულება წერილობით გამოეხატათ და ისინი იმპერატორს გაუგზავნეს.
    ღირსმა მეუდაბნოელებმა დაინახეს, რომ მათ მიერ გულთან ალხოს მიტანილი საქმე კარგად მიდიოდა და უდაბნოში დაბრუნდნენ. მსაჯულებისადმი მათ ცრემლებსა და თხოვნას ისეთი ძალა აღმოაჩნდა, რომ ფლავიანე ამ დროს თეოდოსისთან წარდგა და შეეცადა, მისი გული მოწყალებისთვის მოელბო. ეს შემდეგნაირად მოხდა:
    თეოდოსის პალატებში ყოფნის დროს მთავარეპისკოპოსი მისგან მოშორებით გაჩერდა, თითქოსდა შიშმა, სირცხვილმა და მწუხარებამ შეაჩერა. იგი უსიტყვოდ იდგა, თავი მიწამდე დაეხარა, თითქოს თვითონ იყო დამნაშავე და საკუთარი თავისთვის ითხოვდა შეწყალებას. მის ნაცვლად მხოლოდ ცრემლები და ოხვრა მეტყველებდა. ამით თავზარდაცემული თეოდოსი მასთან მივიდა და მოკრძალებით უთხრა:
    -ღვთის წინაშე არ შევცოდავ, თუ ვიტყვი, რომ ანტიოქიის მცხოვრებლებს ვუჩივი; მათი ქალაქი ჩემს სახელმწიფოში ყველას მერჩია: ამდენი წყალობისა და კეთილი საქმეებისთვის განა მოველოდი მათგან ასეთ ბოროტ საზღაურს? არა მგონია, მათ წინაშე რაიმე უსამართლობა ჩამედინოს; ხოლო თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებდი, შეეძლოთ, პირადად ჩემს წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ; რატომ შეურაცხყვეს გარდაცვლილები, რომლებსაც მათ წინაშე დანაშაული არ მიუძღოდათ?
    ამ სიტყვებზე იგი შეჩერდა, მთავარეპისკოპოსმა კი ცრემლი შეიმშრალა და დუმილი დაარღვია.
    მან საუბარი დაიწყო ანტიოქიელთა დანაშაულის გულწრფელი აღიარებით, აღიარა ისიც, რომ ამ ქმედების შესაფერი სასჯელი არ არსებობს. მან შეადარა მათი უმადურობა იმპერატორის სათნოებებს და დაარწმუნა, რომ რაც მეტია შეურაცხყოფა, მით უფრო დიდებულია მიტევება; მაგალითად მოიხმო კონსტანტინე დიდის შემთხვევა, რომელმაც, სასახლის კარის მსახურთა მიერ წაქეზებულმა, გადაწყვიტა, სასტიკად დაესაჯა მეამბოხეები, რომელთაგან ერთ-ერთმა დაამახინჯა მისი ქანდაკება; მაშინ კონსტანტინე დიდმა სახეზე ხელი ჩამოისვა და გაღიმებულმა თქვა: მე არანაირი წყენა არა მაქვს, გაიხსენა საკუთარი წყალობა, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე სიცოცხლე აჩუქა საპყრობილეში დამწყვდეულ დამნაშავეებს და წამოიძახა:
    -ო, ღმერთი რომ მომცემდეს ძალას, რომ მკვდრებიც აღმედგინა!
    წმიდა მამამ თვალნათლივ წარმოუდგინა იმპერატორს, რომ იუდეველები, წარმართები და ბარბაროსები ახლა მას უყურებდნენ და დამნაშავეთა განაჩენს ელოდნენ, რათა მისი გულმოწყალების ანდა სისასტიკის მიხედვით ემსჯელათ, სახარებისეული რწმენის ძალისა და სიწმიდის შესახებ. იმისათვის, რომ მათი გულებიდან ამოეგდო ცუდი მაგალითის საშიშროება (თუკი ასეთი დიდი დანაშაული დაუსჯელი დარჩებოდა), დაანახა, რომ ასეთ შემთხვევაშ მიტევება არ იქნებოდა სულმოკლეობის ანდა შურისძიების შეუძლებლობის გამოვლინება და რომ ბედკრული ანტიოქია შიშითა და სინდისის ქენჯნით უკვე უფრო მეტადაა დასჯილი, ვიდრე ცეცხლსა და მახვილს შეეძლო მისი დასჯა.
    ცრემლიანმა მუდარამ და ღვთის კაცის პირიდან უფლის სამსჯავროთი მუქარამ იმდენად იმოქმედა თეოდოსიზე, რომ მას წინააღმდეგობის უნარი აღარ ჰქონდა. იგი ცრემლს ვეღარ იკავებდა და რამდენადაც შეეძლო, შინაგანი უხერხულობის დაფარვას ცდილობდა; მხოლოდ ესღა თქვა:
    -თუკი უფალმა ინება, რომ შეენდო თავისი მკვლელებისთვის, განა მე არ უნდა შევუნდო მათ, ვინც მე გამანაწყენა, მე, რომელიც ისეთივე მოკვდავი ვარ, როგორც ისინი, და ისეთივე ღვთის მონა ვარ?
    მაშინ ღვთივსათნო ბერი ფეხებში ჩაუვარდა ხელმწიფეს და ღმერთს მისი დღეგრძელობა გამოსთხოვა.
    -წადი, მამაო, - უთხრა მას თეოდოსიმ და მოეხვია, - მალე დაამშვიდე აღელვებული ხალხი, გაახარე ისინი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე ცოდვათა შენდობით. ევედრე ღმერთს, რათა აკურთხოს ჩემი იარაღი, და დარწმუნებული იყავი, ომის დამთავრებისთანავე თვითონვე ჩამოვალ ანტიოქიელი ხალხის დასამშვიდებლად.
    თეოდოსიმ ყოველგვარი წყალობა გაიღო ფლავიანეზე და მალევე გაუშვა იგი.
    წმიდანის ანტიოქიიდან დაბრუნება დღესასწაულს ჰგავდა. მთელი ქალაქი მას საკმაოდ შორ მანძილზე დახვდა; გზა ყვავილებით იყო მოფენილი. სიხარულსა და ლოცვას მოეცვა ყველა მათგანი
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები