თემა: მოთმინება,  ღმრთისმეტყველება,  რწმენა


ქადაგების მოშურნეობა.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში სახარება ჯერ კიდევ წმიდა მოციქულის დროს იქადაგეს, ზოგიერთ ადგილას წარმართობა გავრცელდა და ხალხმა სამყაროს მხსნელი მაცხოვარი დაივიწყა. განსაკუთრებით ერთ სოფელში იყო გავრცელებული და მასში მრავალი ხალხი იყო ჩათრეული. მის მცხოვრებთაგან ყველა კერპთაყვანისმცემელი იყო, რომლებიც იმდენად ძიერად იყვნენ განმტკიცებულნი თავიანთ ცდომილებაში, რომ ვერავინ შეძლო მათი ღვთისკენ შემობრუნება. ბევრი მღვდელმსახური გაუგზავნა მაშინდელმა ეპისკოპოსმა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სულიწმიდის მადლით ეს წილად ხვდა ღირს აბრაამ დაყუდებულს.
    იგი დიდხანს ამბობდა უარს მასზე დაკისრებულ მოვალეობაზე, ესოდენ მაღალი მსახურებისთვის თავს უღირსად თვლიდა; მაგრამ მოსაგრე დარწმუნდა იმ ჭეშმარიტებაში, რომ უმჯობესია მრავალი აცხოვნო, ვიდრე მხოლოდ საკუთარი თავი. ამიტომ გამოვიდა თავის სენაკიდან და როგორც კი მღვდლად დაასხეს ხელი, გზას გაუდგა. რაოდენ ღრმა იყო წმიდა მამის მწუხარება, როდესაც კერპების წინ მუხლმოყრილი ხალხი დაინახა!
    -ერთია ჭეშმარიტი ღმერთი! - წამოიძახა მან და ზეცისკენ მიაპყრო თვალები. მშობლებისგან დანატოვარი მამულის საშუალებით (რომელსაც ღატაკების სასარგებლოდ მისი ერთი ნათესავთაგანი განაგებდა), მან ღვთის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ყოველდღიურად დადიოდა მშენებლობის ადგილას და იქ მდგარ კერპებს შორის უსიტყვოდ ლოცულობდა. ღვთის წინაშე. მშენებარე ტაძარსა და წმიდა ადამიანს ხალხი გულგრილად უყურებდა და დაცინვით, ზოგჯერ კი გინებითაც უმასპინძლდებოდა.
    როდესაც ღვთის ტაძარი აშენდა და იკურთხა, ღირსმა აბრაამმა მასში ცრემლიანი ლოცვა აღავლინა.:
    -შეაგროვე, უფალო, გაბნეული ხალხი და მოიყვანე ისინი ამ ტაძარში; აუხილე მათ გონების თვალი, რათა შეგიცნონ შენ, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ამის შემდეგ იგი ღვთისმსახურებთან ერთად გამოვიდა ტაძრიდან, მივიდა და კერპები დაამსხვრია.
    ხალხი გაცოფდა. მამაკაცები და დედაკაცები გარეული მხეცებივით აუმხედრდნენ ამ წმიდა ადამიანს, უმოწყალოდ მოექცნენ მას და სოფლიდან გააძევეს. მაგრამ როდესაც დაღამდა, აბრაამი უკან დაბრუნდა, ტაძარში შევიდა და ქვითინით ლოცულობდა მაცხოვრის წინაშე, რათა მას დასაღუპად განწირული ხალხი ეხსნა.
    მეორე დღეს სოფლის ზოგიერთი მცხოვრებთაგანი ღვთის ტაძარში მივიდა არა ლოცვისთვის, არამედ ცნობისმოყვარეობის გამო და იქ აბრაამი დაინახა. ღირსი მამა შეევედრა მათ, რომ ღვთისკენ მოქცეულიყვნენ. მაგრამ მათ ისე ჰქონდათ გული გაქვავებული, რომ არ შეეძლოთ სულიწმიდის მიღება მაშინ ბრბო შეესია წმიდა მამას, ქვები დაუშინა მას და სიკვდილის პირამდე ნაცემი მიწაზე დააგდო. წმიდანი ღამით გამოფხიზლდა, ძლივს მოითქვა სული, ფეხზე წამოდგა და მწარედ ატირდა.
    -უფალო ღმერთო! - წამოიძახა მან, - მოხედე მონასა შენსა და განამტკიცე ღვაწლისთვის!
    ამ სიტყვებით იგი კვლავ დაბრუნდა სოფელში და ტაძარში შევიდა. მეორე დღეს იგი კვლავ აწამეს; შემდეგ სიკვდილის პირამდე მიყვანილი მახლობელ ტყეში დააგდეს.
    მოსაგრის ეს მოშურნეობა და ვნება სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს წმიდა მამის მოშურნეობამ წინააღმდეგობა გადალახა; მართალმა რწმენამ გაიმარჯვა.
    ერთ დღეს მცხოვრებლები ერთად მოგროვდნენ, წმიდა აბრაამზე დაიწყეს საუბარი და უკვირდათ მისი მოთმინება და დიდსულოვნება.
    -ნუთუ ვერ ხედავთ მის უმაგალითო სიყვარულს თქვენს მიმართ? - თქვენს უხუცესთა შორის ბრძენებმა, - რამდენ შეურაცხყოფას ვაყენებდით, ვაწამებდით, მას კი აუგი სიტყვაც კი არავისთვის უთქვამს; ჭეშმარიტად, იგი ღმერთმა გამოგვიგზავნა.
    -ჩვენც ასე ვფიქრობთ, - თითქმის ერთხმად უპასუხა ყველამ, - მაგრამ საკუთარი აზრების გამხელას ვერიდებოდით.
    -მაშ, ასე, - განაგრძეს უხუცესებმა, - რატომღა ვაყოვნებთ? წავიდეთ მასთან და ვაღიაროთ მის მიერ ნაქადაგები ღვთის რწმენა.
    უხუცესთა რჩევა ყველამ გაიზიარა. ერთსულოვნად შევიდნენ ტაძარში და აღმოთქვეს:
    -დიდება ზეციურ მეუფეს, რომელმაც წმიდა მამა მოგვივლინა!
    ღირსი მოსაგრის გული ზეციურმა სიხარულმა შეძრა.
    -მამანო! ძმანო! შვილნო! - წამოიძახა მან, - მოდით, ვადიდოთ უფალი, რომელმაც სულიერი თვალი აგიხილათ ჭეშმარიტების შესაცნობად... ირწმუნეთ უფალი, ზეცისა და დედამიწის შემოქმედი; ირწმუნეთ მისი მხოლოდშობილი ძე, კაცთა მოდგმის ცოდვათა ამღებელი კრავი; ირწმუნეთ სიცოცხლის მომნიჭებელი სულიწმიდა; ირწმუნეთ და მიიღებთ მარადიულ, ზეციურ სიცოცხლეს!
    იმ დროიდან წმიდა მამა დაუღალავად ამზადებდა მათ წყლითა და სულიწმიდით ნათლისღებისთვის; ასწავლიდა მათ ყველაფერს ზეციური სასუფევლის შესახებ - რომ იგი რწმენა, იმედი და სიყვარულია; ბოლოს კი ისინი ნათლისღებით ღვთის შვილებად აქცია
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები