სახიერი ხელმწიფე

სახიერი ხელმწიფე

ძველად ერთი კეთილი ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელიც სიმართლეს ეძებდა. ერთხელ გზად მიმავალმა დაინახა ხალხი, რომლებსაც დაკონკილი ტანისამოსი ეცვათ და შეუხედავნი იყვნენ. მეფემ მაშინვე იცნო ისინი, ჩამოხტა ცხენიდან და ყელზე მოეხვია. დიდებულებმა მისი საქციელი უგუნურებად ჩათვალეს, მაგრამ ვერაფერი შეჰკადრეს. წავიდნენ მის ძმასთან და უთხრეს:
    -გააფრთხილე შენი ძმა, მსგავსი რამ აღარასოდეს გააკეთოს, რადგან მან უღირს ადამიანებს სცა თაყვანი.
    ძმამ ყველაფერი გადასცა მეფეს, მაგრამ იგი დადუმდა და არაფერი უპასუხა.
    ამ სამეფოში არსებობდა ასეთი ჩვეულება: თუ ხელმწიფე ვინმეზე განრისხდებოდა, მონებს გაგზავნიდა და მისი სახლის წინ მაუწყებლები საყვირში ჩაჰბერავდნენ, ნიშნად სიკვდილის მოახლოებისა. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეფემ მონები გაგზავნა და უთხრა:
    -წადით და დაჰკარით საყვირი ჩემი ძმის სახლის კარებთან.
    ისინი წავიდნენ და აღასრულეს მეფის ბრძანება. როდესაც ძმამ ეს ხმა გაიგო, ძალიან შეშინდა, ატირდა და ხელებს თავპირში იცემდა. შემდეგ სამგლოვიარო ტანსაცმელი ჩაიცვა და ცოლ-შვილთან ერთად წავიდა მეფესთან - თავის ძმასთან. ისინი თავზე ნაცარს იყრიდნენ და ტიროდნენ. მეფემ ბრძანა, შეეშვათ, მაგრამ ისინი კვლავ ტიროდნენ. მაშინ მეფემ უთხრა:
    -როგორ შეშინდი შენი ძმის მაუწყებლებისგან, განა არ იცი, რომ ძმა და მაუწყებელნიც მოკვდავნი არიან და ვერ შეძლებენ ღვთის ნების წარმართვას და ვერც მოახლოებული საფრთხის აცილებას? როგორ გაგიკვირდა ჩემი დაცემა მათ წინაშე, ვინც უფალ იესო ქრისტეს სახელით მქადაგებელნი იყვნენ. ისინი გვაუწყებდნენ და გვახსენებდნენ საუკუნო სასჯელის შესახებ. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის მათ წინაშე. ამ საქციელით კი ვამხილე ისინი, ვინც შენთან დამასმინა, რომ უფლის მონებს ვეცი პატივი.
    ერთ დღეს ხელმწიფე შევიდა თავის საჭურჭლეში, ამოირჩია ოქრო-მარგალიტით შემკული კიდობანი, მოატანინა ნაგავი, მყრალი, გახრწნილი ძველმანები, ჩაადებინა ამ კიდობანში და დააფლვევინა. შემდეგ სხვა კიდობანი მოატანინა, უხეშად გაკეთებული და ფისით შემკული; შიგ პატიოსანი თვლები, ძვირფასეულობა ჩაალაგეს, რომლებიც კეთილსურნელებას გამოსცემდნენ და ისინიც დაკრძალეს. მეფემ დიდებულები იხმო და მხიარულების დროს მეჭურჭლეს უბრძანა, სკივრები მოეტანა. ბრძანება მაშინვე შესრულდა; შემდეგ მეფემ დიდებულებს მიმართა, დაეფასებინათ ისინი, მაგრამ მათ ვერ გამოიცნეს და მეფეს უთხრეს:
    -ერთი კიდობანი არაა ღირსი ამ სასახლეში შემოტანისა თავისი უბრალოების გამო, მეორეს კი ფასი არ დაედება.
    მეფემ ბრძანა, გაეხსნათ ძვირფასი სკივრი. დარბაზი საშინელმა სიმყრალემ მოიცვა და ყველა ხელს სახეზე იფარებდა. შემდეგ ბრძანა, უბრალო კიდობანი ენახათ. გახსნეს თუ არა, საოცარი სურნელება ამოიფრქვა და სიმყრალის სუნი დაფარა, ამოალაგეს თვალ-მარგალიტი და ოქრო. მეფემ თქვა:
    -ესმოდეს ყველა დიდებულს - მშვენიერი სკივრები ჩვენ ვართ, რომლებიც გარეგნული სამკაულებით ვირთვებით, ხოლო ჩვენი სული ცოდვითა და სიმყრალითაა სავსე. მაგრამ მათ, ვინც ღვთის სახელისათვის იმდაბლებენ თავს, მარხულობენ, ლოცულობენ და გარეგნული ფერადოვნება სიყვითლით ეცვლებათ, სული კეთილსურნელებით აქვთ სავსე: როგორც უბრალო კიდობანში ბრწყინავდნენ პატიოსანი თვლები, ისე ბრწყინავენ მათი სულები უფლის წინაშე, ხოლო თქვენ კი ასეთი ადამიანების პატივისცემას მაყვედრით.
 
თემატური კითხვები
0