ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
აღსარება
აუცილებელია ერთი რამის ცოდნაც: როდესაც ქრისტიანის სული სხეულს გაეყრება, პირველი ორი დღე იგი იმ
აუცილებელია ერთი რამის ცოდნაც: როდესაც ქრისტიანის სული სხეულს გაეყრება, პირველი ორი დღე იგი იმ ადგილის მახლობლად ტრიალებს, სადაც კაცი ცხოვრობდა, მესამე დღეს კი მფარველი ანგელოზის თანხლებით მიწიდან ზეცად აღიყვანება, რათა თაყვანი სცეს უფალს და კერძო განჩინება მოისმინოს. მაშინ გაირკვევა, თუ სად განუწესებენ სულს სამყოფელს საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს დღემდე, როდესაც მთელს ქვეყანას საბოლოოდ განაჩენს გამოუტანენ. სულისა ხორცის გაყრის მესამე დღეს დგება სწორედ საშინელი და გადამწყვეტი მომენტი: ზეცად ასვლისას სულს წინ ეღობებიან ბოროტი სულები - ეშმაკები თავიანთი თავადების მეთაურობით, რომლებიც ჰაერში ბატონობენ. ისინი თანმხლებ ანგელოზს თავიანთ უფლებებს უცხადებენ და ქრისტიანის სულის მისაკუთრებას ცდილობენ, სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ და ყველა ცოდვას უხსენებენ კაცს, თვით შემთხვევით წამოსროლილ სიტყვებს და ისეთ წვრილმანებსაც კი, რასაც იგი მიწაზე ცხოვრების დროს ვერც ამჩნევდა. ყოველივე ეს ბოროტ სულებს ჩაწერილი აქვთ და ბოლო დღისათვის ინახავენ, რათა ამ სამარცხვინო საქმეთა სიმრავლით შეაძრწუნონ სული, წარსტაცონ ყოველგვარი იმედი ცხონებისა. მაშინ ყველაფერი, რაც კი ადამიანს ჩაუდენია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანს, ყოველი წვრილმანი გზას უღობავს საბრალო სულს, რომელიც ერთადერთ რამეს ნატრობს - როგორმე დაუსხლტეს ხელიდან ამ საძაგელ შემასმენელთ. ეშმაკები ამას შურის გამო სჩადიან: თვითონ ხომ არ ძალუძთ სინანული, მაგრამ საშინელი მრისხანება იპყრობთ იმის დანახვაზე, რომ კაცი სინანულის გზით გაურბის ჯოჯოხეთს, რომელიც ბოროტი სულებისა და მათი მსახურებისათვისაა გამზადებული, და ცდილობენ როგორმე დააბრკოლონ ზეცად აღმავალი სული. მათი უტიფრობა იქამდე მიდის, რომ არამარტო უმცირეს დეტალებს იგონებენ, არამედ აშკარა ტყუილსა და ცილისწამებასაც არ ერიდებიან. და თუმცა იციან, რომ მართალი მსაჯული არ შეისმენს ცილისწამებას, ცდილობენ სულის შეშფოთებას და სასოწარკვეთილებაში ჩაგდებას მაინც მიაღწიონ. მაგრამ იმ ცოდვებს, რომლებიც კაცმა სიცოცხლეშივე, აღსარების დროს მოინანია და რომლებიც მღვდელმა შეუნდო, ეშმაკები ვერ იხსენებენ, მათ სავ სიაში ეს ცოდვები აღიარებისთანავე ქრება. აღსარების საიდუმლოთი აღხოცილ ცოდვებს სულს ვერავინ ვერასდროს გაუხსენებს - ასეთი ასეთი გახლავთ ამ საიდუმლოს ძალა!
|