სხვა მოძღვარი - ადამიანი
 

თემა: ადამიანი

3. როგორ გაჩნდა ადამიანი

თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. გათხრების დროს იპოვეს რაღაც გაურკვეველი არსების თავის ქალის ნაწილი, რისგანაც შეადგინეს "პითეკანტროპის" მოდელი, ვითომცდა უძველესი ადამიანისა, რომელიც წააგავდა მაიმუნს. ასეთი მოდელი გამოფენილი იყო მუზეუმებში, მაგრამ დაჯერება იმისა, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან, მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ.
    ადამიანისა და მაიმუნის სისხლის შემადგენლობისა და თავის ტვინის წონის მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ფიზიოლოგიური შემადგენლობით ისინი ჰგავანან ერთმანეთს, მაგრამ სხვა ყველაფრით ძირფესვიანად განსხვავდებიან. ადამიანს გააჩნია გონება და უკვდავი სული, რაც ღმერთმა არ მისცა არცერთ ცხოველს. ადამიანს აქვს მეტყველების უნარი, შეუძლია ლაპარაკი, ცხოველები კი ვერ ლაპარაკობენ. ვერცერთმა მომთვინიერებლმა და მწვრთნელმა ვერ შეძლო აელაპარაკებინა ცხოველები. ისტორიაში ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და ის ბიბლიაშია ასახული. ეს არის ბალაამისა და ვირის ამბავი, როცა ვირი დაელაპარაკა ბალაამს და ამით შეაჩერა წინასწარმეტყველი ბალაამი. ეს ღვთის ნებით მოხდა. გარდა მეტყველებისა, ადამიანს აქვს სული და სწორედ ეს აძლევს უნარს იმისას, რომ ისწრაფვოდეს და არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით. ერუდირებული ადამიანის დაუფიქრებელი და ურცხვი ნათქვამი, თითქოსდა ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ცოტა არ იყოს საკვირველი და შიშის მომგვრელია. თუ ასე გულუბრყვილოდ მივუდგებით საკითხს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ რახან ყველა ადამიანის ჩასახვა და განვითარება ერთნაირად ხდება, ყველანი ერთნაირები უნდა იყვნენ. მაგრამ ჭეშმარიტება სულ სხვას ღაღადებს: რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი სახე არსებობს, ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. მთელ მსოფლიოში ვერ იპოვით ადამიანის თითის ერთნაირ ანაბეჭდს. ადამიანი თავისი არსებობის მანძილზე ცდილობს გაერკვეს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში, მაგრამ ამაოდ! ყველა მეცნიერულ და გააზრებულ მტკიცებას საბოლოოდ მაინც შემოქმედისაკენ, ღვთისაკენ მივყავართ და იგი ყოველთვის გვანცვიფრებს თავისი სიბრძნითა და შესაძლებლობებით. ადამიანი ჩასახვიდან გაივლის სამ საფეხურს: 1. დედის მუცელში, სადაც ყალიბდება ადამიანის გამოსახულება; 2. დედამიწაზე, იგი აქ აგრძელებს ჩამოყალიბებას არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სულიერი ცხოვრების მიხედვით გადადის იგი მიწიერი ცხოვრებიდან მარადისობაში, ზეციურ ცხოვრებაში. აქ კი ადამიანი თავისი სულიერი ფასეულობებით ფასდება. ზეციური ცხოვრება წარმოადგენს მესამე საფეხურს.
    განვითარების ამ სამ საფეხურს თვალი გადაავლეთ პეპელას მაგალითზე. პეპელაც თავისი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: იწყებს შეუმჩნეველი უბრალო ჭუპრისაგან, შემდეგ გარდაიქმნება ჭიად, ბოლოს მშვენიერ არსებად – პეპელად.
    ამის მსგავსად ადამიანს ყველაზე სასურველი ცხოვრება სწორედ ზეციურ სამყაროში აქვს.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები