
ავტორი:
წმინდანთა ცხოვრება
წყარო:
წმინდანთა ცხოვრება
მენახშირე ღვთის განგებულებით ეპისკოპოსად აირჩიეს
მენახშირე ღვთის განგებულებით ეპისკოპოსად აირჩიეს
როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, "კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა" (I მეფეთა; 16; 7); ჩვენც გარეგნობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და ღვთისგან განმზადებული ვეძიოთ. ეს სიტყვები ზოგიერთებს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მღვდელმთავარმა გრიგოლმა ჩათვალა, რომ ეს სახელი ღვთის განგებულების გარეშე არ იყო ნახსენები და მენახშირის მოყვანა ბრძანა. შეკრებილთა შორის წმიდანის გამოჩენამ საყოველთაო ხარხარი გამოიწვია, ალექსანდრე კი მდაბლად წარდგა ეპისკოპოსის წინაშე და დაცინვისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მღვდელმთავარი გაესაუბრა ნეტარს და ისიც იძულებული შეიქნა, გაემხილა, რომ ადრე ფილოსოფოსი იყო, სიგლახაკე და სიმდაბლე კი ნებსით იტვირთა, ღვთისთვის. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა ალექსანდრე შინ წაიყვანა, მოაწესრიგა და სუფთა სამოსელი ჩააცვა. ტაძარში დაბრუნებულმა, საჯაროდ გამოსცადა უფლის რჩეული: უსვამდა კითხვებს წმიდა წერილიდან, რომლებზედაც ნეტარი განსწავლული და ბრძენი მოძღვარივით პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. მეუფე გრიგოლმა ჯერ ხუცესად აკურთხა წმიდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი. ალექსანდრე კომანელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.