სვიმეონ მესვეტის ჩვენება შენობის საძირკველზე
სვიმეონ მესვეტის ჩვენება შენობის საძირკველზე
ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა "ჰრქუა კმაყოფაჲ სიღრმისაჲ და მიერითგან ამცნო შენებაჲ". ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაჰყო, რომ ცხონებისთვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო.