ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სულის ცხონებისა და სამოთხის შესახებ

სულის ცხონებისა და სამოთხის შესახებ

ახლა, გაზაფხულზე, როცა ბუნება უმშვენიერესი სამოსით იმოსება, თუკი ამის შესაფერისი სულიერი მდგომარეობაც გვაქვს, გამოუთქმელი სიამოვნება გვეუფლება. ღმერთმა ჭეშმარიტად ყოველივე სიბრძნით შექმნა! სული ვერ ძღება ბუნების მშვენიერების ხილვით. თუ ადამიანი გონებას დედამიწიდან ზეციურ იერუსალიმში, სამოთხის გასაოცარ მშვენიერებამდე აამაღლებს, შეზღუდული მიწიერი გონება იქ მოქმედებას შეწყვეტს.
თუკი აქ, ექსორიაში, გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ასეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ღმერთი მკვიდრობს? ჭეშმარიტად "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!" და ბედნიერებისა.
ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!
იქ საუკუნო განსვენებაა! ჩვენს მამასთან, ღმერთთან ერთად იქ სიხარული გველის. ის ელოდება, როდის ვიქნებით მზად, რომ სამუდამოდ თავისთან გვიხმოს! იქ ყველა ცხონებული სული უსაზღვრო სიყვარულით, სიტკბოებით, სიხარულითა და განცვიფრებით იცხოვრებს!

2. მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი, მარადიული ზეციური იერუსალიმი, პირმშოთა დედა; იქ დაემკვიდრებიან გადარჩენილთა სულები, რომელთაც მწიკვლი უცოდველმა კრავმა თავისი სისხლით ჩამოჰბანა!
ვინ შეძლებს იმ ნეტარ, ცხონებულ სულთა სიხარულის, მხიარულებისა და ბედნიერების სიტყვით და კალმით გამოხატვას! ნეტარ არიან უფლის მიერ შესვენებულნი, რადგან მათ ღვთიურ სიკეთეთა სიმდიდრე ელით. ნეტარია, ვისაც ზეციურ დღესასწაულში მონაწილეობა ხვდა წილად. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაართმევს, დიდება, როგორც თავად ღმერთი ამბობს: „და ვთქვი ძენი მაღლისანი, შვილნი ღვთისანი, მკვიდრნი ღვთისანი, თანამკვიდრნი ქრისტესნი“.
უფალმა ვნების წინ ზეციერ მამას თავისი მოწაფეებისა და მომავალ მორწმუნეთათვის შესთხოვა: „მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა““.
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხადა!
როგორი სიყვარულია ჩვენდამი! ჰოი, ჩვენი გულგრილობა ღვთისადმი! ვაი, ჩემს უმადურობას ჩემი კეთილისმყოფელის მიმართ! ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შემიბრალე და ნუ განმსჯი საქმეთა ჩემთაებრ!

3. როგორც შეგვკრა ღმერთმა ურღვევი სულიერი კავშირით, ნეტავ ყველანი ასევე ერთად გაგვხადოს მასთან ყოფნის ღირსი ცათა სასუფეველში, რათა საღვთო სიკეთით დამტკბარნი და ზეციერ მამასთან – დაუშრეტელ ღვთაებრივ მდინარეთა სათავესთან – შეერთებულნი მის სულიერ ტრაპეზს შემოვუსხდეთ. რა დიდი მოწოდებაა! წარმავალ მწუხარებათა რა დიდი ნაყოფია!
ღვთის შვილები ზეციური სამოსით შეიმოსებიან, სახე ღვთიური ნიშნით გაუბრწყინდებათ და საუკუნო განსვენებისთვის მამობრივ სამკვიდრებელში შევლენ!
ისინი ზეციურ სავანეებს მოივლიან და იქაური უსაზღვრო სიმდიდრის ხილვით განკვირვებულნი საუკუნეების დინებას ვერ იგრძნობენ! რა დიდი მოწოდებაა ადამიანისთვის!
მაგრამ ამ კეთილ ჭვრეტას' სამწუხარო სურათი ჩრდილავს. პირველი არის ის, რომ მე ვერ ვიქნები მონაწილე ამ დიდებული ბედნიერებისა, რომელიც ახლა თეორიაა, შემდეგ კი ხორცს შეისხამს, განხორციელდება. მეორე ის არის, რომ ადამიანები ცხოვრების გზას ისე მიუყვებიან, რომ ამ დიდი მოწოდების შესახებ არაფერი იციან. აქედან გამომდინარე, ეს უმეცრება ღმერთს გვაშორებს და სულიერ სიკვდილს შობს.
ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანადგურებელი იყო ცოდვა და ის თავის დამღუპველ მოქმედებას კვლავაც განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს.
ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების წყვდიადი განანათლე, რომ გიხილოთ შენ, ჭეშმარიტი, ნეტარი ნათელი, რომელიც განანათლებს და ახარებს მათ გულებს, ვინც შეგიყვარა. განგვანათლე შენი მიმდევრები საუკუნო განსვენებამდე. ამინ.

4. ყველაფერი განქარდება და არარაობად იქცევა, ხოლო ღვთის გამო აღსრულებული საქმეები აღმასრულებლის სულთან დარჩება, ამ საქმეთა მეშვეობით საუკუნო ცხოვრებას რომ ეზიაროს.
ნეტარ არიან ღვთივსულიერი ფილოსოფოსები, რომლებიც წარმავალს გასცემენ და მარადიულს აგროვებენ, რათა ამ ქვეყნიდან გასვლისას განძი ღვთის საუნჯეში გამრავლებული დახვდეთ. ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამრავლებს, რადგან თავის დროზე მარადიული ცხოვრების თავთავს მოიმკის! ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს!

5. ჩემო საყვარელო შვილებო, მივიღე თქვენი წერილი. თქვენი სიყვარული ძალიან დიდია, მე კი სრულიად უღირსი და საწყალობელი ვარ.
ჩემი უღირსობის მიუხედავად, ვლოცულობ – ღვთის მადლმა დაგიფაროთ და სულიწმიდამ გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში, რომ ჩვენს სახიერ ღმერთს სათნოეყოთ და თქვენი ოჯახით ღვთის სამყოფელში, საიქიო ცხოვრებაში დამკვიდრების ღირსი გახდეთ, სადაც მიუწვდომელ ღვთაებრივ ნათელში მდგომი ანგელოზები დაუცხრომლად ადიდებენ წმინდა სამებას.
ყველა დიდი წმინდანი იღვწოდა და ესწრაფოდა ამ ზეციურ დიდებას, რომელსაც მიაღწიეს კიდეც. აქ, ქვემოთ, ზეციურთან შედარებით ყველაფერი წყვდიადია. ყოველივე სააქაო ამაო, წარმავალი, ხანმოკლე, ცვალებადი და არარაობაა, ხოლო ზეციური – საუკუნო, მარადიული, უცვლელი, დიდებული, ნათლითშემოსილი, ღვთაებრივი მადლის სურნელის მქონე.
ამიტომ, ვინც ამქვეყნიურ ამაო საგნებს უგულებელყოფს, ანუ ვნებიანად არ ისურვებს მათ, საუკუნო სიკეთეთა თანაზიარი გახდება!

6. მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია. იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ვისაც ის გვიყვარს, მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს. ამას სულის აღდგომა და სულიერი მხიარულება მოჰყვება. მკაცრია ზამთარი, ტკივილიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე. აღაპყარით თვალები და იხილეთ ზეციური იერუსალიმი. იქ ბედნიერება, სიხარული და ნეტარებაა უკუნითი უკუნისამდე! რა სიხარული და მხიარულებაა ადამიანისთვის ღვთის ახლოს მარადიული ცხოვრება!
დიახ, შვილებო, შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან სასუფეველში სრული სიყვარულია და ვისაც სიყვარული არ გააჩნია, იქ ვერ შევა.

7. ჩემო კურთხეულო შვილო, ვერავითარი შრომა, ჯაფა და განსაცდელი იქაურ ნეტარ ცხოვრებას ვერ შეედრება. ათასი სიცოცხლე რომ გვქონოდა და ყველა მსხვერპლად გაგვეღო, მნიშვნელოვანს მაინც ვერაფერს გავაკეთებდით მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელშიც მეუფე ქრისტეს ჩვენი დამკვიდრება თავისი პატიოსანი და მაცოცხლებელი სისხლის მეშვეობით სურს! პავლე მოციქული ამბობს: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“.
კიდევ იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა განადგურდება, ჩვენი ადამიანური ბუნება პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება. უფალმა „გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“. ჩვენი ბუნება, რომელიც ჩვენთან ერთად ოხრავს და იტანჯება, მხურვალე სურვილით ელის ღვთის შვილთა დიდებულ გამოჩენას. „რამეთუ იჭვი იგი დაბადებისა გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის“?.
შეუდარებელია იმ ადამიანის დიდებულება, რომელსაც ღმერთი დიდების ასეთ მწვერვალამდე აამაღლებს! ჩვენ კი, ცოდვილები და ვნებიანები, უგულებელვყოფთ და გულგრილად ვეკიდებით ასეთ დიდ სიმდიდრეს, რადგან სრულიად მიწიერი აზროვნება გვაქვს. ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად ამბობს ამაზე ჩვენი უფალი: „მამაო, – მიმართავს თავის მამას, – რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე““.
განა უფლის ამ სიტყვებს ამქვეყნიური სიმდიდრე შეედრება? სადაც ჩვენი უფალია, ჩვენც იქ ვიქნებით! იქ, სადაც ანგელოზები ძრწიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას! აი, ღვთის დაფარული სიბრძნე და უსაზღვრო სიმდიდრე!

8. შვილო, მიზანს ნუ დაივიწყებ. შეხედე ცას – როგორი მშვენიერება გველის. განა ყოველივე ამჟამინდელი ნაცარი, მტვერი და სიზმარი არ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხრწნადია? ზეციური კი მარადიულია. ღვთის სასუფეველი უსასრულოა. ნეტარია ის, ვინც მასში დაემკვიდრება, რადგან ღვთის სახის მშვენიერებას იხილავს.
ნუ დაგავიწყდება, რომ ამსოფლად დროებით ვართ. ჩვენი ცხოვრება ბეწვზე კიდია და ყველა ამქვეყნიური სიკეთე ამაოა.
ამრიგად, როცა გვაქვს ჭეშმარიტების ეს ცოდნა", ბუნებრივია, სულიერ თვალს გამუდმებით, ყოველწამიერად საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ იერუსალიმს მივაპყრობთ, იქ, სადაც ანგელოზთა გუნდები ჩვენთვის მიუწვდომელ ტკბილ და ბრძნულ ღვთის სადიდებლებს გალობენ. ჩემო შვილებო, როგორი დიდება მიენიჭებათ თქვენს სულებს, როცა სიკვდილის შემდეგ ზეცაში ამაღლებულნი ზეციერ ანგელოზთა რიცხვს შეემატებიან!

9. დაე, ვადიდოთ აღმდგარი უფალი, რომელმაც ღირსი გაგვხადა მისი წმინდა აღდგომა გვედღესასწაულა და ვილოცოთ, რომ მომავალშიც ღირსგვყოს, ზეციურ ახალ იერუსალიმში, მარადიულ სიხარულში საუკუნო განსვენება ვიზეიმოთ. „და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან". ასეა, შვილო, მიწიერ სიხარულს კვლავ მწუხარება ენაცვლება და მისი გაბათილება შეუძლია, მარადიულ სიხარულს კი ვერაფერი წაშლის. ის უშრეტი და ცხოველმყოფელი წყაროდან უწყვეტად მოედინება.
მოდით, თავი ვაიძულოთ ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად, რომ ჩვენი იესოს ახლოს საუკუნო პასექი ვიდღესასწაულოთ და დავტკბეთ პირისპირ მისი ნეტარი ჭვრეტით, რომელსაც განსაცდელი და უსასოობა ვეღარ შეწყვეტს.

10. ერთი წერილი გამოგიგზავნეთ, სადაც ორიოდე სიტყვას გწერდით სამოთხის შესახებ. მჯერა, გაგიხარდათ. ეჰ, თვალი მაინც რომ მოგეკრათ სამოთხისთვის და მოგესმინათ, ტკბილი ანგელოზები როგორ გალობენ! ისინი ზეციური ნათლით არიან გაბრწყინებულნი და სამოთხისეულ სურნელებას აფრქვევენ. რა სილამაზეა, რა მშვენიერებაა! სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არ გვაქვს.
უზომო ბედნიერებისგან იქ ყველაფერი ბრწყინავს. და რას გეუბნება უფლის საყდარი! ქრისტე საყდარზეა დაბრძანებული და მისი წმინდა და უტკბესი სახის დანახვა თვალშეუდგამი ნათლის გამო არავის შეუძლია. ჰოი, რა სიტკბოება, რა სილამაზეა! რა არის ამაზე მშვენიერი?! ნამდვილი სამოთხეა ჩვენი იესოს სახის ჭვრეტა! დიდება, უფალო, ჯვარსა და აღდგომასა შენსა.
ჰოი, ღვთაებრივი სიბრძნის სიღრმე! ჰოი, სამმზე ღვთაების საიდუმლოება! ნეტარია, ვინც ბავშვივით დაიმდაბლებს თავს და ღვთის სიყვარულის გამო ყველა ბრძანებას სულის უმანკოებით დაემორჩილება. და ვაი მას, ვინც თავის ეგოიზმს' შეინარჩუნებს, როგორც მე, – რა ღვთიურ წყალობას მოაკლდება!
იჩქარეთ, შვილებო, სიმდაბლით მიეახლოთ ჩვენთვის დამდაბლებულ უფალს, უტკბეს, საყვარელ და ძვირფას ქრისტეს, ჩვენი ღატაკი სულების ნათელს.
ხედავთ, რა სილამაზე გველის?! ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ. ვამთავრებ, შემინდეთ!

11. კვლავ ვფიქრობ: მე არ ვარ სამოთხისთვის. ჩემი საქმეები წინასწარ მაუწყებენ, რომ მხოლოდ ჯოჯოხეთს ვიმსახურებ.
პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად მოგვითხრობს. იგი მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, ცათა სასუფევლის მშვენიერება იხილა და განკვირვებულს აღმოხდა: „რა ლამაზი და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!“
სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალობაზე ბევრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.
პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასოდეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესახებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად. ახლა კი საწინააღმდეგოს ჩავდივართ ჩვენი უმეცრების გამო და ასე ვშორდებით მას!
ნეტავ ვიცოდეთ, რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადამიანის გონებას არ შეუძლია! იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ. იქ მარადიული, უსასრულო პასექია!
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ.
ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლობას აღავლენენ ამ უდიდესი წყალობისთვის – სამოთხის დამკვიდრებისთვის!
რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და საუკუნო ცხოვრება!
ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლა. და რა უმნიშვნელოა ჩვენი ბრძოლა ამ ენით გამოუთქმელთან შედარებით, სამოთხე რომ ჰქვია?!
ჰოი, სამოთხეო, რა ლამაზი ხარ! შენი მშვენიერება მხიბლავს, სხვა ადამიანად მაქცევს, მაგრამ რატომ არ ვცდილობ ბრძოლით მოგიპოვო? ღმერთო ჩემო, უფალო ჩვენო, ყველაზე უარესი ვნებისგან – ამპარტავნებისგან გვიხსენი, რომ წმინდა სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდროთ! ამინ. იყავნ.
 
თემატური კითხვები
0