ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: სასოწარკვეთილება
11. ყველა ეშმაკი სიამეთმოყვარეობას ასწავლის სულს; მარტოოდენ მწუხარების ეშმაკი არ იგუებს ამ საქმეს. პირიქით, იგი აუკუღმართებს მეუდაბნოეთა გულისზრახვებს, გარდაკვეთს და ახმობს რა სულის ყოველგვარ სიამეს მწუხარების მიერ, რადგან "მწუხარე კაცს უხმება ძვლები" (იგავ.17.22). ვიდრე ზომიერად ებრძვის ეს ეშმაკი მეუდაბნოეს, გამოცდილ მოღვაწედ ხდის მას, რადგან აჯერებს, არაფერი სურდეს ამა სოფლისა და განუდგებოდეს ყოველგვარ სიამეს, მაგრამ როდესაც იგი მეტისმეტად ხანგრძლივად თანამყოფობს მასთან, წარმოშობს მასში იმგვარ გულისზრახვებს, რომლებიც შეაგონებენ ამ უკანასკნელს სულის ამოდენას (თავის მოკვლას) ან კიდევ აიძულებენ მას, რომ შორს გაიქცეს ამ ადგილიდან. სწორედ ეს იზრახა და განიცადა ოდესღაც წმინდა იობმა, ზემოხსენებული ეშმაკისგან შეურვებულმა, რადგან ასე თქვა: "ნეტამც შემეძლოს ჩემი თავის ხელყოფა ანდა სხვისთვის თხოვნა, ეს გამიკეთოს" (იობ. 30.24). ამ ეშმაკის სიმბოლოა ქვეწარმავალი იქედნე, რომლის შხამიც სამკურნალო მიზნით მოცემული, სხვა მხეცთა შხამს სპობს, მაგრამ თუ იგი უზომოდ მიეცემა რომელიმე არსებას, მასაც მოსპობს. სწორედ ამ ეშმაკს გადასცა პავლემ კორინთოში მცხოვრები რჯულის დამრღვევი (აქ იგულისხმება ის კორინთელი ცოდვილი, რომელმაც ცოლად თავისი დედინაცვალი მოიყვანა (იხ I კორ. 5.1), შემდეგ კი დიდ მწუხარებაში ჩავარდა ჩადენილი დანაშაულის გამო, თუმცა ეს მეტისმეტი მწუხარება პავლე მოციქულის მითითებით უკვე დეპრესიას, სრულ გულგატეხილობას უტოლდება, რაც ზემოხსენებული ეშმაკისგან არის გამოწვეული) . ამიტომაც, წადიერად სწერს იგი კორინთელებს ხელმეორედ, ეუბნება რა ასე: "გაამყარეთ მისდამი სიყვარული, რათა არ შთანთქას იგი მეტისმეტმა მწუხარებამ (II კორ. 2.8–7), თუმცა ძალუძს ადამიანთა მტანჯველ ამ სულს, რომ კეთილი სინანულის გამომწვევიც გახდეს იგი. ამიტომ იყო, რომ თვით წმინდა იოანე ნათლისმცემელიც ამ სულისგან დანესტრილებს და ღვთისკენ შემოქცეულებს "იქედნეთა ნაშობებად" უწოდებდა და ამბობდა: "ვინ გიჩვენათ თქვენ განრიდება სამომავლო რისხვისგან? მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა და ნუ გეგონებათ, რომ იტყვით თქვენთვის: "მამად გვყავს აბრაამი" (მთ. 3.8). მართლაც, ყველა ის, ვინც მიემსგავსა ამბრაამს და გამოვიდა თავისი ქვეყნისა და ნათესაობისგან, ზემოხსენებულ ეშმაკზე ძლიერიც გახდა.