ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

უფლის სიყვარულისა და სიმდაბლის, ღვთის მადლისა და შიშის შესახებ

უფლის სიყვარულისა და სიმდაბლის, ღვთის მადლისა და შიშის შესახებ

უფალმა ღმერთმა მოგმადლოთ მშვიდობა და სიყვარული, რადგან ღმერთი სიყვარულია. მუდამ გახსოვდეთ უფლის სიტყვები: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ... და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (იოან. 14, 21 და 23).
მთელი სულით, მთელი გულითა და მთელი ძალით შევიყვაროთ ღმერთი და ამის შესაბამისი იყოს ჩვენი საქმეები, რომ ისინი უფლისადმი ჩვენს სიყვარულს ასხივებდეს. ხოლო როცა მათ სჯულიერად აღვასრულებთ, ღმერთი ჩვენს სულებს სასყიდლად ღვთაებრივ სიყვარულს მიაგებს. ვინც სიყვარულს მოიპოვებს, ის ყოველდღიურად ქრისტეთი საზრდოობს და ამგვარად უკვდავი ხდება: „უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან... რომელი მე მივსცე... ცხოვნდეს უკუნისამდე“ (იოან. 6, 51) – ამბობს წმინდა სახარება.
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მადლის საყდრიდან მოედინება!
საუფლო ტრაპეზის სასმელი ღვთაებრივი სიყვარულია. როცა ის შესვეს უზნეო ადამიანებმა, ცოდვის იარები დაუამდათ: მემთვრალეები მმარხველებად იქცნენ, მდიდრებმა ქრისტესმიერი სიგლახაკე მოისურვეს, ღარიბები ღვთის სასოებით გამდიდრდნენ, უძლურები – ძლიერნი, სულელები კი – ბრძენნი გახდნენ!
სიყვარული ქრისტიანის ძლევამოსილი გამარჯვებაა ეშმაკზე, სიძულვილსა და შურზე. უფლის სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელს რომ მივაღწიოთ, ჯერ შიში გვმართებს ღვთისა, რომელიც სჯის ცოდვისა და სჯულის გარდასვლისთვის.
შეუძლებელია გემის გარეშე გადავცუროთ ზღვა და ნავსადგურს მივაღწიოთ. ასევე შეუძლებელია სინანულის გარეშე სიყვარულის ნავსაყუდელში მოვხვდეთ. ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
როგორც ჰაერის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ასევე მარადიულ ცხოვრებაში შეუძლებელია ღმერთთან ყოფნა, თუკი ღვთის სიყვარულის კეთილსურნელოვანი და ტკბილი ჰაერით არ ვისუნთქეთ.
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).
თავი ვაიძულოთ, შვილებო, რადგან ღვთის სიყვარულს უდებებით და სიზარმაცით კი არა, გულმოდგინებით, მორჩილებით, მოთმინებით, ძვირუხსენებლობით, მდუმარებით, ლოცვით და ყველაფერში საკუთარი თავის იძულებით მოვიხვეჭთ. განა შეიძლება ამ მარადიული ძღვენის მოპოვების საქმეში მცონარება გამოვიჩინოთ? არა. მაშ, ხმამაღლა შევღაღადოთ: „ქრისტე მეუფეო, ნუ დაგვიხშავ სასუფევლის კარს, არამედ შენი მოწყალებით განგვიღე იგი. ამინ“.

2. ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმიდა პირი ნაღვლითა და ძმრით, გული კი – შეურაცხყოფისა და უმადურობის ტკივილით გამწარდა. შიშველი დაეკიდა ჯვარზე ეშმაკეული ბრბოს წინაშე. შვილებო, მას, ჩვენს იესოს, ჩვენი დაუდევრობით ნუ დავამწუხრებთ, რადგან ამით მისი ტკივილი უფრო ძლიერდება. ებრაელები უფლის მტრები იყვნენ, ჩვენ კი ქრისტეს წმინდა სახელით ნათელღებული მისი მოწაფეები ვართ, რომელთაც მის მსახურებას მივუძღვენით თავი.
ქრისტე მოწაფეებმა ებრაელების შიშით მიატოვეს და რა ენით გამოუთქმელი სიმწარე განიცადა მან! ისინი კი, ვინც ახლა უარყოფენ, ტოვებენ მას, ერთს აღუთქვამენ და სხვას აკეთებენ, სამსჯავროზე როგორ წარდგებიან მის წინაშე? რას იტყვიან, როცა ქრისტე სათითაოდ ჩამოთვლის თავის მრავალ სატანჯველს, მათ კი მხოლოდ მისი უარყოფა და ბოროტი საქმეები ექნებათ საჩვენებელი?
შვილებო, ყურადღებითა და სიფრთხილით ვიცხოვროთ. ყველაფერში სიყვარული და მოთმინება გამოვიჩინოთ. ნუ განვიკითხავთ, განვდევნოთ ბოროტი გულისსიტყვები, დავმდაბლდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილისა და სამსჯავროს მძიმე წუთი.
თუ ასე მოიქცევით, იცოდეთ, რომ ქრისტესთან ერთად იცოცხლებთ საუკუნოდ! ანგელოზებივით მის საყდართან მდგომნი მარადიულ, სიხარულით აღსავსე საგალობლებს იგალობებთ! რა ბედნიერება იქნება – აქაური ყველაფერი დაგვავიწყდება! მხოლოდ სიხარული და დაუსრულებელი პასექი! დიდება ღმერთს, რომელმაც ძლევა მოგვანიჭა.

3. გისურვებ, ღვთის სიყვარულმა ისე გააგრილოს შენი მოწყურებული სული, როგორც ირემი იკლავს წყურვილს წყაროს წყლით: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!.. ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" (ფსალმ. 41, 1-2).
დიდება შენდა, ღმერთო, ჩემდამი მომადლებული დიდი წყალობისთვის! მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაზე კარგი არაფერი მიკეთებია, უფალი მაინც ანუგეშებს და ამხნევებს ჩემს სულს. ზოგჯერ ღვთის სიყვარულის კურთხეული ცვარი მოქმედებს ჩემს ულმობელ სულზე. ოჰ, როგორ შვებას ჰგვრის ამ უბადრუკ სულს! ის ისვენებს და ცხოვრებისა და განსაცდელების სიმძიმის შემსუბუქებას გრძნობს. ოჰ, ნეტავ თქვენი ლოცვით ღირსმყოს ღმერთმა, რომ ღვთის სიყვარულის ჩემთვის სასურველ საგრილობელში საუკუნო განსვენება ვპოვო!
ადამიანის ცხონება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან მაცდურმა ეშმაკმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება აამოქმედა ადამიანის გასანადგურებლად. მაგრამ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ნუ განგვეშორები, არამედ მოსეს რვალის გველის (რიცხ. 21, 6-9) მსგავსად გვექმენ, რათა შენზე მზერის მოპყრობით „გონიერ გველთა“ ნაკბენებისგან განვიკურნოთ.
„ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაი, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ" (იოან. 8, 28). ქრისტემ, ჩემმა ნათელმა და ჯვარცმულმა სიყვარულმა, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ამაღლდა, ბოროტი გველების მიერ მოწყლულ სულთა მხსნელმა განგვკურნოს ჩვენც ცოდვის იარებისგან.
ღმერთმა გვაკურთხოს და ინებოს თავისი უსაზღვრო წყალობის მონიჭება, რომ ყველა ერთად მარადიულ და ნეტარ ცხოვრებაში აღმოვჩნდეთ, „სადაიგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ ცხორება იგი დაუსრულებელი“ (მიცვალებულთა კონდაკი, ხმა მე-4). „აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა" (გამოცხ. 7, 17).
ოჰ, ისეთი სიხარული გვექნება, რომელსაც ვეღარავინ წაგვართმევს! სინდისი გვაუწყებს, რომ უკვე დასრულდა ამ მრავალტანჯული ცხოვრების ვაება! „ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?“ (ფსალმ. 76, 13) ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც არაფრად აგდებს ცოდვას, ოღონდაც შვილმა თქვას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა" (ლუკ. 15, 21), მაშინვე გულში იკრავს და ეამბორება მას. მშობლის გულიდან აღიხოცება ყოველგვარი წყენისა და უკმაყოფილების კვალი, რაც შვილის უზნეობას და გარყვნილებას შეეძლო გამოეწვია. აზრი მიწყდება, როცა ცოდვილის მიმართ მამის გულმოწყალების უფსკრულს ვჭვრეტ!

4. როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმ. 32, 9).
ის უმნიშვნელოდ გვსჯის, რომ სიმდაბლით დაგვიცვას, რადგან იცის, რა ადვილად იცვლება, რა ადვილად მიიქცევა ბოროტისკენ ჩვენი სუსტი ადამიანური ბუნება. ის მამობრივი მზრუნველობით გვწვრთნის და სიყვარულით გვსჯის, რომ ურყევი სიბრძნე შევიძინოთ.
ამ ცოდნას სრულყოფილი წმინდანები ფლობენ. ისე არ არის, როგორც ზოგიერთი განმარტავს, ეს ცოდნა განსაკუთრებული ძალის მატარებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი სათნოების ზეციურ სიმაღლეზეც რომ იმყოფებოდეს, თუ ღმერთმა დაუშვა, შესაძლოა გარყვნილებისა და გახრწნილების უფსკრულში დაინთქას! ამის შესახებ ადამიანი მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ უნდა განიცადოს კიდეც. მაგრამ დარწმუნებით ამაზე ვერავინ ისაუბრებს, თუ ჯერ განსაცდელების ბაბილონის სახმილს არ გაივლის და ღვთის დაშვებით არ დაეცემა მისი ადამიანური ბუნება, რომ ამით თავისი უძლურება შეიცნოს. შემდეგ დაინახავს, თუ ვის წინააღმდეგ იბრძვის, როგორია მოწინააღმდეგის – ეშმაკის ბოროტება და მზაკვრობა და რა ძნელია დაცემის შემდეგ ფეხზე ადგომა! ეს მხოლოდ ორიოდე სიტყვით, თუ რას ნიშნავს „შეიცანი თავი შენი“.
როცა ადამიანი ამ ცოდნას შეიძენს, მაშინ წმინდა სამება დაემკვიდრება მის გულში და იქიდან მარადიული უშრეტი ნეტარება აღმოედინება, რომელიც გამოცხადებათა ხედვით სრულდება. ამ სიტყვებს აბბა ისააკი, ისიქასტების დიდი სიქადული წერს.
ერთი ღირსი მამა მწუხრის ლოცვის სათქმელად დადგა და ხელები აღაპყრო. წმინდანის ზურგს უკან მზე ჩადიოდა. ის ღვთის მადლმა მოიხილა და იმდენად მოიცვა, რომ დილით, როცა მზე ამოვიდა და სახე გაუთბო, მაშინღა მოეგო გონს. მიხვდა, რომ მეორე დღე გათენებულიყო და ადიდა ღმერთი, რომელიც მიწისგან შექმნილ ადამიანს ასეთი საიდუმლოებების ხილვის ღირსს ხდის.
ეჰ, წავიდა ის მადლიანი დრო! ახლა ყინვამ დაისადგურა ამ თბილ ქვეყნებშიც კი მონაზონთა და მეუდაბნოეთა სამყოფლებში. კეთილი მაგალითი და სათნოება თითქმის გაქრა!
როგორ მადლს გრძნობდნენ ღირსი მამები ლოცვაში! ღმერთი ოდნავ შესამჩნევადაც თუ მოგვიხილავს ლოცვისას, მცირე მადლს ვგრძნობთ, ისინი კი, ვინც მთელი ღამე უფლის ჭვრეტაში იყვნენ, როგორ იგრძნობდნენ ცათა სასუფეველს საკუთარ თავში! „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
ოჰ, როგორ მინდოდა მეცხოვრა იმ დროს, როცა უხვად იყო სიწმინდე და კეთილი მაგალითი. ახლა მხოლოდ სიმწირე და შეჭირვებაა. მაინც უსაზღვრო მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს, რომ ამ ჩვენი უზნეობის წყვდიადში მცირე ნათელი მოგვმადლა, რომ თუნდაც ბორძიკით შევძლოთ ზეციური იერუსალიმის კარიბჭესთან მისვლა და არ დავემწყვდიოთ მარადიულ სიბნელეში. ყველა ქრისტიანი დაიფარე ამისგან, ჩემო იესო და ღირსი გაგვხადე, რომ ერთად მივიდეთ იქ სიხარულით და „ფერხითა მოხარულითა, ვტყველვიდეთ პასქად საუკუნოდ!".

5. ადამიანს, რომელიც მუდამ მადლობას სწირავს უფალს, ღვთის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდება; ის კი, ვინც დრტვინავს და თავის დიდ ქველისმოქმედს ჭრილობას აყენებს, შეუძლებელია, არ განსწავლოს ღმერთმა.
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის მემკვიდრეებად გვაქცია! ის განგვწმენდს და წმინდაგვყოფს თავისი წმინდა საიდუმლოებებით! ის ზეციურ, უწმიდეს საზრდელსა და სასმელს – თავის ყოვლადწმიდა ხორცსა და სისხლს გვაძლევს! მან დაგვიდგინა მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრების მანძილზე! ჩვენს სულსაც ის მიიღებს და მარადიულ სამკვიდრებელში წარუძღვება! მაგრამ რას ვამბობ? „დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად” (ებრ. 11, 32). ამაოდ დავშვრები ზღვის ქვიშის – ჩვენი სახიერი ღვთის უსაზღვრო ქველისმოქმედების – აღრაცხვას თუ მოვინდომებ!
ამ უთვალავი სიკეთის მიმღები კიდევ ვდრტვინავთ?! ოჰ, ღმერთო ჩემო, უგულებელყავ ჩვენი უმადურობა და გონება გაგვინათე, რომ გულისხმავყოთ, რა მოგვანიჭა შენმა მამობრივმა გულმა და მცირედი მადლობა შემოგწიროთ, რათა შენდობა და წყალობა ვპოვოთ.

6. რაც შეეხება წმინდა ანგელოზს, რაზეც მწერ, იცოდე, ასეა – როცა უფლისგან გადაწყვეტილებას მიიღებს, არც რაიმეს ამატებს, არც აკლებს, ადამიანის მახლობლად რჩება, გონებას უნათებს, საფრთხისგან იფარავს და ეშმაკისგან იცავს ისევე, როგორც წმინდა ანდრია ქრისტესთვის სალოსის ცხოვრებაში ვხედავთ, სადაც ანგელოზი ებრძოდა ეშმაკს ერთი ბრალეული მონაზვნის დასაცავად. წაიკითხე და ნახავ.
უფალმა ადამიანს ანგელოზი დაუდგინა უფროს ძმად, რომელიც ღმერთთან ახლოსაა და როგორც მის წინაშე კადნიერების მქონე, ლოცულობს თავისი უმცროსი ძმისთვის. ადამიანიც ანგელოზს, როგორც უფროს ძმას, ისე ევედრება, რომ დაიცვას და ილოცოს მისთვის, რადგან მას ღვთის წინაშე კადნიერება აქვს.
ის რამდენჯერ ჩაგვჩურჩულებს სულის სასმენელში: „ამას ნუ გააკეთებ“, ან: „ასე მოიქეცი“, „აქ ყურადღებით იყავი“. ბევრი მსგავსი რამ გამოუცდიათ მათ, ვისაც სულის თვალი ახელილი აქვთ.
ნუ დაგავიწყდება წმინდა სახარების იგავი მებაღესა და უნაყოფო ლეღვზე. „უფალო, უტევე ესე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა, ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი“ (ლუკ. 13, 8-9). ამგვარად, მებაღე არის სახე წმინდა ანგელოზისა, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, სანამ ის ნაყოფს გამოიღებს და ცხონდება.
გერონტიკონში ბევრი რამ წერია იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს ანგელოზი ადამიანზე. მამებს უნახავთ, როგორ ტიროდნენ წმინდა ანგელოზები, როცა მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები სცოდავდნენ. დაფიქრდი, როგორ ლოცულობდნენ მათთვის! მათი ცრემლები ადამიანისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიშანია.

7. ჩემო ღვთივკურთხეულო შვილებო, ჩვენი უფლის სიყვარულმა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღით დაგიცვათ.
ჭეშმარიტად, რა სამწუხაროა, როცა შვილი მამის სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი ფუფუნებით სარგებლობს, ყველანაირი ცხოვრებისეული სიამოვნებით ტკბება, მაგრამ თავის მამად არ აღიარებს მას, ან თუ მამას რაიმედ ჩათვლის და ოდნავ ყურადღებას მიაქცევს, მშობლის უხვ სიყვარულსა და ფაქიზ მოპყრობას კი ვერ გრძნობს, არამედ პირიქით, როცა მამა ახსენდება, მიიჩნევს, რომ ამაზე ფიქრი და დროის დაკარგვა არ ღირს.
როგორ შეიძლება შეაფასოს ადამიანმა ასეთი უმადური და ამპარტავანი შვილი? რაღა თქმა უნდა, მას ყველა მამობრივი სიყვარულისა და ქონების უღირს მემკვიდრედ ჩათვლის.
მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უღირსი შვილის მაგალითით ვხედავთ მამის – ღმერთის მოწინააღმდეგე თანამედროვე ადამიანს და, რაც გულსატკენია, დღევანდელ ქრისტიანებსაც, მათი რჩეული ნაწილის გამოკლებით.
ვცხოვრობთ ამ სოფელში, რომელიც ღმერთმა ჩვენს დროებით სამყოფლად განსაზღვრა. უფალმა თავისუფლება მოგვანიჭა, რათა ვისარგებლოთ ამქვეყნიური სიკეთეებით. ამასთანავე თავისი არსებობის მოწმობა დატოვა ყველაფერში, რასაც კი ვხედავთ და აღვიქვამთ, რომ ჩვენი გონიერებით დიდება და პატივი მივაგოთ მას და დიდებული ძღვენი – ჩვენი გულითადი სიყვარული მივართვათ.
მცირე ხნით დავუბრუნდეთ ქვეყნიერების გადამრჩენელ ღრმა არსის მქონე მოვლენებს. პირველქმნილ ადამიანთა ურჩობით დავიწყოთ, უფრო ცხადად რომ შევიგრძნოთ ღვთაებრივი სიყვარულის სიუხვე. ამპარტავნებისა და ურჩობის გამო ისინი მშვენიერი სამოთხიდან განიდევნენ და ეკლისა და კუროსთავის აღმომაცენებელ მიწაზე დასახლდნენ. მაგრამ ქმნილების მიერ დავიწყებული ზეციერი მამის უსაზღვრო სიყვარული თავის მხოლოდშობილ და საყვარელ ძეს გზავნის ამსოფლად, რომ ადამიანის ღვთისადმი მტრობა განაქარვოს. ვხედავთ ღვთის უზენაეს სიყვარულს, რომელსაც ის იქამდე მიჰყავს, რომ ჯვარზე ტრაგიკული სიკვდილით მსხვერპლად სწირავს თავის უტკბეს ძეს. ეს კი მოითხოვა დამნაშავე ადამიანის მძიმე დაცემამ!
პავლე მოციქული ამ მსხვერპლს შემდეგი სიტყვებით წარმოაჩენს: „რომელმან-იგი [მამამ] ძესაცა თვისსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათვის მისცა იგი“ (რომ. 8, 32). კიდევ ამბობს: „იქმნა იგი მორჩილ [საკუთარი მამის მიმართ] ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).
სამი დღის შემდეგ თავისი ძალაუფლებითა და ღვთიური დიდებულებით შესვენებულთაგან პირველმა აღდგომილმა ცხადად გვაუწყა ჭეშმარიტება, რომ საყოველთაო აღდგომით მთელი კაცთა მოდგმა აღდგება.
სანამ უფალი ამაღლდებოდა, წმინდა მოციქულებს უბრძანა მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ისინი, ვისაც მისი სახელის სწამდა. ამასთანავე მისცა მათ ხელმწიფება სარწმუნოებით „შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12).
უფალმა წმინდა საიდუმლოებებიც გვიბოძა, რომ მათი მეშვეობით ღმერთთან გავერთიანდეთ; მუდამ მასთან ერთობით კი ნამდვილი ბედნიერებით ვიცხოვროთ, რასაც მხოლოდ ღმერთთან ერთობა გვანიჭებს. მან სულისა და ხორცის ფხიზელი მცველი, წმინდა ანგელოზი დაგვიდგინა, რომელსაც ნათლობის დროს გვიგზავნის წინამძღოლად და მფარველად, რადგან ქრისტიანი წმინდა ნათლისღების საიდუმლოთი მადლის მიერ ღვთისშვილი, ღვთის მემკვიდრე და ქრისტეს თანამემკვიდრე ხდება (რომ. 8, 17).
აღარ გავაგრძელებ იმ მრავალი მოვლენისა და წყალობის ჩამოთვლას, რაც ზეციერი მამის ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულის უსაზღვრო სიმდიდრეზე მეტყველებს. რაც უფრო განათლდება ადამიანის გონება და გააცნობიერებს შემოქმედის ქმნილებისადმი სიყვარულს, მით უფრო თვალსაჩინო ხდება ჩვენი უმადურობა და მოყვარული, ნამდვილი მამის უგულებელყოფა.
ამ ამაო წუთისოფელში ვცხოვრობთ და არ ვიცით, უფრო სწორად, ჯერ არ გაგვიცნობიერებია, თუ რისთვის ვცხოვრობთ, რა მიზანი აქვს ჩვენს ცხოვრებას, რა დანიშნულება აქვს ადამიანს ამ დედამიწაზე! საუბედუროდ, თითქმის პირუტყვებს მივემსგავსეთ. ისე ვცხოვრობთ, არ ვფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებაში ჩვენთვის ძალიან ძვირფასია დრო, რაზეც ჩვენი მომავალი მდგომარეობაა დამოკიდებული. დროს ვხარჯავთ და ვფლანგავთ ისე, რომ არ ვნანობთ, ხოლო, როცა გონს მოვეგებით, მის უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ.
ასე რომ, ბრძენია ის ადამიანი, ვინც გულისხმაყოფს, რომ წარმავალი ცხოვრების დრო ძვირფასია და მას შესაბამისად გამოიყენებს, კეთილი საქმეებით გაამდიდრებს და როცა სიკვდილის მტანჯველი ჟამი დადგება, მისი სინდისი უხორცო ბრალმდებლებს, ეშმაკებს კადნიერებით, მხნედ უპასუხებს: „რაც მევალებოდა, გავაკეთე. რისთვისღა მძვინვარებთ?“
იესო წმინდა სახარებაში ადამიანის დანიშნულებაზე ამბობს: „გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა“ (იოან. 16, 28). აქ მაცხოვარი ისე ლაპარაკობს, როგორც ადამიანი, რადგან როგორც მამის თანაარსი ღმერთი, არასოდეს განშორებია მას. იმის შესახებ, რომ ადამიანის დანიშნულებაა ღვთისგან განსაზღვრულ დროს დატოვოს ეს სოფელი და წავიდეს ღმერთთან, საიდანაც გამოვიდა, „შესაქმის" წიგნი ამბობს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად“ (დაბ. 2, 7). სამჰიპოსტასიანი ღვთისგან გამოვიდა ღვთაებრივი სული, მაგრამ თვით ეს სული როდი იქცა ადამიანის სულად. ადამიანის სული ღვთაებრივი შთაბერვისგან წარმოიქმნა, რის გამოც მას მართებს, ისევ ღმერთს დაუბრუნდეს.
ეს საყურადღებოა. ღვთისგან გამოვიდა სული და შექმნა ადამიანის სული“ (დაბ. 2, 7). მან ის წმინდა, უბიწო, უმანკო და სახიერი შექმნა. როცა ადამიანისთვის სიკვდილის საშინელი ჟამი დადგება, ექნება სულს პირვანდელი სიწმინდე და სისუფთავე? საუბედუროდ არა, რადგან როგორც ადამის შთამომავლებმა, ყველამ შევცოდეთ. მაგრამ ღმერთი, რომელმაც იცის ჩვენი უძლურება, რომ ადამიანის გონება სიყმაწვილიდანვე ბოროტისკენაა მიდრეკილი (დაბ. 8, 21), რასაკვირველია, არ გვთხოვს პირველქმნილი მდგომარეობის უცვლელ სიწმინდეს. და რა სურს ღმერთს? სურს ჭეშმარიტი, გულწრფელი სინანული, ცოდვისგან განშორება, შემუსვრილი და დამდაბლებული გული, გლოვა და სინანული, რომ ნუგეშის ამბროზია გვიბოძოს, რომელიც უნანელმა „სოფელმა ვერ იცნა" (იოან. 1, 10).
ამრიგად, როცა ადამიანი გულწრფელად ინანიებს, ღმერთი მას გულში იკრავს. იმავდროულად უფალი მას ღვთიურ ნიშან-თვისებებს უბოძებს, რითაც ადამიანი დაუბრკოლებლად შეძლებს ღვთის უკიდეგანო სასუფეველში ასვლას, რომ ამიერიდან ზეციერ მამასთან იცხოვროს. აი, ადამიანის დანიშნულება!
გონება განცვიფრებაში მოდის, როცა გააცნობიერებს ამ დიდებულ და უმაღლეს ღვთაებრივ დანიშნულებას! და მაინც, რა დიდია ადამიანის უგრძნობლობა და როგორი ღრმა წყვდიადი გადაფარებია მისი სულის თვალებს, რომ არ ფიქრობს, რატომ იმყოფება აქ, დედამიწაზე და რას ითხოვს მისგან ღმერთი. საუბედუროდ, მისი გონების თვალი ცოდვის სნეულებით, განსაკუთრებით კი, თავისმოყვარეობითაა დაზიანებული.
ღმერთო ჩემო, როდემდე დავრჩებით უმოქმედონი და უგრძნობელნი ამ დიდი დანიშნულების მიმართ? მოგვფინე მცირედი ნათელი. თუმცა, განა ოდესმე შეუწყვეტია მზეს თვალისმომჭრელი სინათლის მოფენა? მით უფრო შენ, სიყვარულის თვალშეუდგამო მზეო! ვაი, რომ ჩვენი ნებით ჩავდივართ ყოველგვარ ბოროტებას, უფალო. მაგრამ, სიყვარულის უკიდეგანო ოკეანეების მფლობელო, ისევ და ისევ, წარმოაცალიერე ჩვენზე სიყვარული და სიფაქიზე, თანაგრძნობა და სულგრძელობა, ეგებ კიდევ ცხონდეს ზოგიერთი სული, ვიდრე შენი სამართლიანი სასჯელი მოიწეოდეს ჩვენზე! ჰე, უფალო, მე, საბრალო ადამიანი, რომელიც სხვას ვასწავლი და თავად არ ვაკეთებ, შემიბრალე და ამ სოფლიდან გასვლამდე სინანული მომეცი! განანათლე შენი ერი, ვისთვისაც ყოვლადწმიდა და საშინელი სისხლი დაღვარე და მიეც მას სინანული.

8. ჩემო უფლისმიერ საყვარელო შვილებო, ვლოცულობ, რომ ჩემმა მწირმა წერილმა სიყვარულში, მორჩილებაში, ლოცვაში და ყოველმხრივ ყურადღებით გპოვოთ.
დღეს ყოველთა ზეციურ ძალთა კრებას ვდღესასწაულობთ. დაფიქრდით, რა ზეიმია ზეცაში! როგორ გალობენ! რა სიხარული აქვთ ღვთის ანგელოზებს! დღეს ჩვენი სულების მცველი და მფარველი წმინდა ანგელოზები დღესასწაულობენ და რადგან ისინი ჩვენი უფროსი ძმები არიან, მათი სიხარულისა და მადლის თანაზიარნი უნდა გავხდეთ.
რაოდენ დიდია მათი უხილავი შეწევნა! რამდენჯერ ვუხსნივართ განსაცდელისა და სიკვდილისგან! რამდენს ლოცულობენ ჩვენთვის, როცა ღვთის სახეს ჭვრეტენ! საუფლო საყდართან მდგომარენი თითოეული ადამიანისთვის ლოცვას აღავლენენ! როცა მოვკვდებით, სიკვდილის ჟამს და სულის ზეცად აღსვლისას საზვერეებში ისინი შეგვეწევიან, ამიტომ ღვთის ანგელოზების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვმართებს.
უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ მათ სათნოებებს მივბაძავთ. წმინდა ანგელოზებს ღვთის ბრძანების სრული მორჩილება აქვთ, ნაბრძანებს ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ასრულებენ. ისინი ღვთისა და ადამიანების მიმართ სრული სიყვარულით, უმწიკვლო სიწმინდით და უძლეველი სიმდაბლით გამოირჩევიან, მათი უმანკოება კი ენით გამოუთქმელია.
ანგელოზებს სხვა სათნოებებიც ამკობთ. თუ ისინი გულწრფელად გვიყვარს, თუ გვსურს, ჩვენც იქ დავემკვიდროთ, სადაც ანგელოზები იმყოფებიან, უნდა ვაიძულოთ თავი, რომ მათ მივემსგავსოთ.
მონაზვნურ მოქალაქეობას წმინდა მამები ანგელოზებრივს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მონაზვნებმა ანგელოზთა მსგავსად უნდა იცხოვრონ, მაგრამ თუ ისინი ასე არ ცხოვრობენ, მაშინ ბოროტ ანგელოზთა შორის აღირაცხებიან.
ჩემო შვილებო, ჩემო სიხარულო და ნუგეშო, იღვაწეთ, რომ მორჩილებაში, სიყვარულში, ლოცვასა და სიწმინდეში ანგელოზებრივ საზომს მიაღწიოთ და სიკვდილის შემდეგ ანგელოზებთან ცხოვრების ღირსნი გახდეთ! ამინ. იყავნ.

9. შვილო, რაც უფრო ღრმად ჩასწვდები ღვთის მოწყალებას, მით მეტი სიყვარულით გაერთიანდები მასთან. და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდები ღვთაებრივი დიდებულების მშვენიერებას, იმდენად შეიცნობ საკუთარ არარაობას, რაც შესაბამისად აღგამაღლებს სულიერ შემეცნებაში.
რაც უფრო მეტ სიმდაბლეს შეაზავებ უწყვეტ ლოცვასთან, მით მეტი მხურვალებით შეიგრძნობ იესოს და ისეთი განცდა გექნება, თითქოს შენი გული მეორე „მაყვალი შეუწველია“.
გონება აღამაღლე ზეცად, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრება და სიხარულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს" (ფილიპ. 3, 20). მთელი არსებით ისწრაფე ზეციურისკენ. ეს წმინდა წადილი მონაზვნობას შენთვის მსუბუქსა და ტკბილს გახდის.
ღვთის მადლის მიერ გონების აღტაცების დროს სასწაული სასწაულს მოსდევს, გონება კი განკვირვებითაა მოცული იმ თვალისმომჭრელი ნათლის წინაშე, რომელიც ღვთის შემეცნებას ახლავს თან.

10. როცა შენში ქრისტე ცოცხლობს, ნურაფრის გეშინია. დიდი სიმდაბლეა საჭირო იმისთვის, რომ შენში ქრისტემ დაივანოს და იცხოვროს. გონებით დაიჩოქე მის უხრწნელ ფეხებთან და იტირე: „ჩემო იესო, ამ მდაბალ ცხოვრებაში მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ნათელი და სიცოცხლე. მიჩვენე შენი სულიერი მშვენიერება, რომ ღვთაებრივი სიყვარულით აღვივსო, მივდიო შენს კეთილსურნელებას და ვიღაღადო: „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი" (ფსალმ. 62, 8). ოჰ, ჩემო იესო, ოდეს მოვიდე და ვეჩუენო პირსა შენსა?“ (ფსალმ. 41, 2). ჩემი სულის ნათელო, როდის გიხილავ, რომ ნათლით აღვსილმა ვთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!" (რომ. 11, 33).
ჰო, შვილო, ყველაფერზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ გულით მდაბალ იესოს შეიძენ, როგორც შენი სულის საკუთრებას, რომელსაც ვეღარავინ წაგართმევს.
ჩაისუნთქე იესო, ამოისუნთქე იესო და მაშინ შეიცნობ, რას ნიშნავს იესო!
სადღა იქნება მაშინ მიწიერი სიყვარული?! განა შეიძლება გამხმარ ტყეში ხანძარი გაჩნდეს და ის გადარჩეს? ასევე ემართებათ ადამიანის გულისსიტყვების გამხმარ ტოტებს, როცა მათ იესოს სიყვარული მოიცავს.

11. გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა“ (ფსალმ. 83, 1-2). დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრება. აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 10, 10).
გისურვებ, რომ ქრისტე, საუკუნო ცხოვრება მკვიდრობდეს და სუფევდეს შენში, რათა იღაღადო: „აბბა მამაო!“ (მარკ. 14, 36) ოჰ, რა არის იესოზე მშვენიერი! ვინც ქრისტეს სიყვარული იგემა, ვინღა მოისურვა სხვა ცოდვილი სიყვარული?! არავინ. რადგან ეს სიყვარული იმდენად მძლავრია, ადამიანმა მწუხარებით აღსავსე ასი წელი რომ იცხოვროს და შემდეგ მხოლოდ ხანმოკლე დროით განიცადოს ღვთაებრივი სიყვარული, ის ყველა მწუხარებას გაუქარწყლებს და ადამიანი ღვთის სიდიადის წინაშე განცვიფრებული დარჩება.

12. ღმერთი, რომელსაც უზომო სახიერების გამო სურს ჩვენთვის თავის უსაზღვრო სულიერ სიკეთეთა გადმოცემა, მოგვიწოდებს და შეგვაგონებს, რომ ვთხოვოთ, მოგვმადლოს ისინი. უფალს უნდა, რომ მისი მოწყალების კარზე დავაკაკუნოთ და, რაღა თქმა უნდა, სურს, კარი გაგვიღოს.
ღმერთს უნდა, რომ ასე მოვიქცეთ, მაგრამ ეშმაკი, ეს ძველი ბოროტება, ღმერთის და ჩვენი მტერი, რას აკეთებს ამ დროს, რომ ადამიანმა არ ირწმუნოს ღვთის შეგონება? ის ჯერ ურწმუნოების, შემდეგ კი უიმედობისა და სასოწარკვეთილების გულისსიტყვებს გვაწვდის, რათა ადამიანმა არ დაიჯეროს, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებს თავის ღვთაებრივ სიტყვას. შემდეგ გვეუბნება: „ცოდვილი ხარ, ასეთი და ასეთი ხარ, ღმერთი არ მოგისმენს, ყურადღებას არ მოგაქცევს, რამდენიც გინდა, ეძახე" და ასე ასუსტებს მის რწმენასა და ნება-სურვილს.

13. ქრისტეს ჩვენი მსახურება არ სჭირდება, რადგან ათასობით ანგელოზი ჰყავს, რომლებიც უნაკლოდ ემსახურებიან. მას შეუძლია ერთი სიტყვით ამდენივე ათასი უწმინდესი არსება შექმნას, მაგრამ თავისი უსაზღვრო სიყვარული იესოს აიძულებს, იზრუნოს ჩვენზე და შეურაცხმყოფელი არ იყოს მისთვის ჩვენი სუნმყრალობა და წყლულები.
ასე რომ, უფლის ეს სიყვარული გვახსოვდეს ცხოვრების ყოველ წუთს, რომ ჩვენი უმნიშვნელო საქმეები მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულისთვის ვაკეთოთ.
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ არ ჯვარვცმულვართ ქრისტესთვის, ჩვენი მხსნელისთვის, მაშინ როცა მან ჩვენთვის, უმსგავსოთათვის, ზეციერი მამის მორჩილების გამო, ჯვარზე სიკვდილი დაითმინა!

14. შვილო, ქრისტეს მადლი იყოს შენთან, შენს სულში, რომ განგანათლოს და შენი სიყვარული ქრისტეს მიმართ გაძლიერდეს, რათა მყარად დადგე მის მახლობლად, ამსოფლიურმა დინებამ არ წაგიღოს, ღმერთს არ განეშორო და არ დაიღუპოს შენი სული, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე ძვირფასია.
მადლი, რომელიც გეწვია, მცირეა. წმინდანებს დიდი მადლი ჰქონდათ. იმისთვის, რომ ის გამრავლდეს, უნდა დამდაბლდე. თუ თავს აიმაღლებ, ღვთის მადლი დაგტოვებს და მწარედ იტირებ. დიდი სიფრთხილე გმართებს. გახსოვდეს შენი ცოდვები და ვნებები, რომ თავმოწონება არ აღმოცენდეს და ლოცვა არ განდევნოს.

15. ღვთის სახიერება ზოგჯერ ემსგავსება კვერთხს, რომელიც ადამიანს მისთვის სასიკეთოდ წვრთნის. როცა უფალი დაინახავს, რომ კვერთხი უმძიმს ადამიანს, სხვა ხერხს მიმართავს – კვერთხს აქცევს დასაყრდენ ხელჯოხად, რომელიც სიმძიმის შემსუბუქებით ანუგეშებს ადამიანის სულს, რომ ყველაფერი სულიერი სარგებლისა და წინსვლისთვის ხდებოდეს.
როცა ადამიანს სულიერი ცოდნა არ აქვს, ჰგონია, რომ კვერთხი, „უფლის სწავლება“ მოკლავს და ყველაფერი სამუდამოდ ასე დარჩება, მაგრამ სახიერი ღმერთი განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გვიჩვენებს, რაც განსაცდელის დასასრულია.
ადამიანს აქვს განსჯის უნარი და განსაზღვრავს, მაგალითად, რამდენი ტვირთის აწევა შეუძლია პირუტყვს და იმაზე მეტად არ დატვირთავს. მით უმეტეს ღმერთი, განსაცდელით იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაგვადებს, რომ ჩვენს ძალებს აღემატებოდეს! ამრიგად, მოუთმენლობამდე ჩვენს სულმოკლეობას მივყავართ და არა ღმერთს. ამიტომ გვეჩვენება ასეთი მძიმე ჩვენი ტვირთი.
თუმცა ზოგჯერ ღმერთი ძალიან დიდ განსაცდელებს უშვებს იმ ადამიანებზე, ვისაც დიდი ამპარტავნება და თავდაჯერებულობა აქვთ, რომ მათი ქედმაღლური ბრძნობა დაამსხვრიოს. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ მიატოვებს ადამიანს და განსაცდელს კვლავ უფლის მოწყალება მოსდევს. ოჰ, რაოდენ სახიერია ღმერთი!

16. „ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს”, რა მეთქმის მე, უღირსსა და უწმინდურს უზენაესი ღმერთის უსაზღვრო მოწყალებათა დიდებულების შესახებ?!
განცვიფრებული ვარ და როცა ამ საიდუმლოს ვჭვრეტ, არ შემიძლია თვალი გავუსწორო მას.
ნუთუ ღმერთია ჩვილქმნილი პირუტყვთა გამოქვაბულში! ჩვრებში გახვეული, უბიწო ქალწულის წმინდა მკლავებში ირწევა ის, ვინც მამისგან უდედოდ იშვა! „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს სიტყვის-გებად წინაშე შენსა ქებად საკვირველებათა შენთა!“ „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!" (რომ. 11, 33).
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ. გონებით ვეამბორები უტკბეს და უნეტარეს ჩვილს, რომ ჩემი პირუტყვებრივი ვნებებისგან გამათავისუფლოს.

17. ქრისტემ გვიბრძანა, ჩვენს მტრებს დღეში „სამეოც და ათ შვიდ გზის“ (მათ. 18, 22) შევუნდოთ. მით უმეტეს, შეგვინდობს თვითონ უფალი, მიმტევებლობის უფსკრული!
რომ შეგეძლოს წვიმის წვეთებისა და ქვიშის მარცვლების დათვლა, მაშინ ოდნავ მაინც შეძლებდი უსაზღვრო ღმერთის უსაზღვრო მოწყალების აღრაცხვას.

18. მოდით, შეუვრდეთ ზეციერ დედოფალს, უხრწნელ ღვთისმშობელს, მსწრაფლშემსმენელ ქალწულს, რომ შეგვეწიოს, რადგან „არავინ მისდამი მილტოლვილი უკუქცეულა შერცხვენილი. არამედ ითხოვს მადლს და იღებს წყალობას, როგორც მისთვის სასიკეთო და უმჯობესია“. შემდგომად ღვთისა მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი შეწევნა. მისი იმედი გვქონდეს და არასოდეს შევრცხვებით.

19. მთელი გულით ვლოცულობ, ჯანმრთელად რომ იყო და სულიერი მშვიდობით იხარებდე. რადგან მშვიდობა ღვთისა სხვა არაფერია, თუ არა განსვენება, ნეტარება და ღვთაებრივი შვება, სამყოფელი უფლისა.
მშვიდობა ღვთისა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილიპ. 4, 7), როგორც ჯილდო და სამეფო ძღვენი, ეძლევათ იმ სულებს, რომლებიც იღვწიან. ის ღვთის შვილების საკუთრებაა.
იმისთვის, რომ ქრისტიანის სულში ღვთის მშვიდობა დამკვიდრდეს, უპირველესად, საჭიროა საღვთო შრომა – სულიერი შრომა, გულისხმისყოფა და მზეზე უფრო კაშკაშა, სუფთა, მართალი სინდისი, რომელიც პირნათლად ასრულებს ყველაფერს, რაც ევალება.
მაშინ ეს სული ძვირფას ძღვენს, ღვთის მშვიდობას მიიღებს და ამით დატკბება. ის სასძლოსავით ესაუბრება თავის უმშვენიერეს სიძეს, იესოს, მარადიულ ქორწინებასა და ზეცის სულიერ სიმდიდრეზე. ამაზე ფიქრით მშვიდობა მატულობს და უტკბესი ცრემლები მოედინება!
ღვთის მშვიდობა დაკლულ კრავთან მომავალი ქორწინების წინდია. ოჰ, ღვთის მშვიდობავ, მოდი ჩემთანაც, მშფოთვარესთან, რომელმაც შენი მშვენიერება არ ვიცი! მოდი, რომ გამოაცოცხლო ჩემი უბადრუკი და ტანჯული სული!

20. შვილო, ყოვლადწმიდა სულმა, მწუხარე სულთა სახიერმა ნუგეშინისმცემელმა, განსაცდელთა სახმილში ალმოდებული გულების სიხარულის მომანიჭებელმა ცვარმა, ამ გონიერმა სულმა დაატკბოს, გააგრილოს, გაახაროს, განანათლოს შენი კურთხეული გული, რომ გაუძლო ბოროტის გავარვარებულ ისართა მხურვალებას და ღამის ყინვის სიმძიმეს – ღვთის მადლის მოკლებას, ვიდრე ერთ დღეს ცათა სასუფევლის კარიბჭეს არ მივაღწევთ.

21. გისურვებ იესოს სიყვარულმა აღანთოს შენი გული, რომ მწყურვალი ირემივით ისწრაფვოდე სულიერ წყაროთა მონაზვნობის სათავეებისკენ, რომ შესვა და აღივსო ზეციური ნექტრით. გისურვებ, სულ ერთიანად სულიერი გახდე, ღვთაებრივი ტრფიალებით აღვსილმა მიუძღვნა თავი მის მსახურებას, ვინც სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე შეგიყვარა.
მხოლოდ ღმერთში იპოვი ნამდვილ ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან ამ ყველაფრის წყარო უცვალებელი და ჭეშმარიტი ღმერთია.
მიწიერი სიხარული დიდი შრომითა და ჯაფით მოიპოვება. შემდეგ კი ის მავნე და წარმწყმედელი ხდება. „არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანაწარყუების დიდება, რამეთუ მოიწია სიკუდილი, და ესე ყოველი მყის იავარ-ყო“.
გინდა საამურად და მშვიდად იცხოვრო? უფლის მცნებები დაიცავი, ღვთის შიში გქონდეს ყველა შენს აზრში, სიტყვასა და საქმეში. სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია. როგორც ლამპარი გვინათებს სავალ გზას, ასევე ღვთის შიშიც სულიერ ნათელს გვფენს, რომ დავინახოთ, თუ როგორ ვიაროთ ჩვენი ხსნის გზაზე. ლამპარი გვიცავს, რამეს ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, ასევე გვიხსნის უფლის შიში ცოდვისგან წარმოქმნილი დაბრკოლებებისგან და მიგვიძღვის ჩვენი დანიშნულებისკენ – ვიპოვოთ ღმერთი.

22. რით გავიმართლებთ თავს, როცა ქრისტე თავის დამსჭვალულ ხელებს, შუბით განგმირულ გვერდს, ეკლით დაჩხვლეტილ უხრწნელ თავს ან გამშრალ, ნაღვლითა და ძმრით გამწარებულ ბაგეებს გვიჩვენებს და გვეტყვის: „შენთვის, ჩემო საყვარელო სულო, შენდამი დიდი სიყვარულის გამო ავიტანე ეს ყველაფერი. შენც მიჩვენე შენი საწერტელნი, როგორც ჩემდამი სიყვარულის ნიშანი, რაც ჩემს ჭრილობებს სალბუნივით დაედება“.
ჩვენ კი რას ვაჩვენებთ მაშინ, შვილებო? ჩვენს უმადურობას, უდებებას, ეგოიზმს, ჩვენს ურჩობასა და ათას სხვა ვნებას?! მაშინ სალბუნის ნაცვლად შხამს დავადებთ მისი სიყვარულის ჭრილობებს! ასე რომ, ამიერიდან თავი ვაიძულოთ, ყურადღებით ვიყოთ, რომ უფლის იარებს სალბუნი დავადოთ და მის ნამდვილ, საყვარელ შვილებად ვიწოდებოდეთ.

23. „ღვთაებრივი – აუხსნელი და მიუწვდომელია“. ჩვენი გონების არსი არ ვიცით, მას ვერ ვწვდებით და, ამის მიუხედავად, ადამიანში ყველაფერს გონება მართავს. შეძლებს კი ზღვარდადებული გონება უსაზღვრო გონის, ღვთის დანახვას, რომ ირწმუნოს ის? ღმერთი სულზე აღმატებულია, ყველაფერზე მაღლა დგას, რაზეც ადამიანს შეუძლია იფიქროს. „ჰოი სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!“ (რომ. 11, 33).

24. შვილო, ცხოვრების გზაზე, როგორც ეკალი, მეც მაქვს ჩემი სნეული სხეული. ის წინსვლის საშუალებას არ მაძლევს და უკან ვრჩები, სანამ ღმერთი ჩემს უძლურებას არ შეიწყალებს.
ყველა ბოროტებას ცოდვა შობს, მაგრამ ღმერთი თავისი სახიერებით ცოდვის სასჯელს მიტევებით შეცვლის და თან ღვთისადმი კადნიერების საშუალებად აქცევს.
რამხელა სიყვარული აქვს ღმერთს ადამიანების მიმართ! ვის შეუძლია სიყვარულის ამ ოკეანეს თვალი გაუსწოროს?! ჩვილივით ტირის ადამიანი, როცა გონება გაუნათდება და სულ ოდნავ მაინც დაინახავს, თუ როგორ უყვარს იგი ღმერთს. მაგრამ რამდენი უნდა იშრომოს ადამიანმა იმისთვის, რომ ეს განათლება მისცეს ღმერთმა! ეს ნათელი ხომ ზეგარდამო შთამომავალი ნიჭია, „მამისაგან ნათლისა" მომდინარე. სხვადასხვა განსაცდელის ქარცეცხლში გამოვლილ ტანჯულ სულს ის ისე ევლინება, როგორც მაგრილობელი სიო და შვების მომგვრელი საამური დღე.

25. ადამიანმა უგულებელყო საკუთარი მამა, უზენაესი ღმერთი, ვინც არარაობიდან კაცად შექმნა ის. ოჰ, რა საზიანო იყო ეს უგულებელყოფა! ეს არის ადამიანთა ყველა უბედურების მიზეზი – პირველქმნილ ადამიანთა მიერ ღვთის მცნების პირველი დარღვევა. ჩვენ, მათ შვილებს, ყველა ბოროტი შედეგი მათი ურჩობის უსინანულო ცოდვამ მოგვიტანა და მრავალი უბედურების ეკალსა და კუროსთავს ვიმკით.
„სიკუდილით მოჰკუდეთ“ (დაბ. 2, 17). სიკვდილი არის უხრწნელების ხრწნადობით შეცვლა თავისი ნიშან-თვისებებით: სნეულებით, მწუხარებით, უბედურებით, ტკივილით და სხვ.
მაგრამ სახიერმა ღმერთმა მაინც არ უგულებელყო საკუთარი ქმნილება, არამედ საკუთარი ძის ჯვარზე სიკვდილით მადლი მოგვანიჭა – „მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ“ (ეფეს. 2, 5).
როგორც ბოროტმა ეშმაკმა გამოიყენა გონიერი გველი საცდუნებელ იარაღად, ამის მსგავსად უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის „თვალის ასახვევად“ ადამიანური ბუნება შეიმოსა.
ოჰ, უფალო იესო, ჩემი დაბნელებული სულის ნათელო, ჩემი ცხოვრების მიზანო, რაც მეტი დრო გავიდა, იმდენად უფრო დიდი გახდა ჩვენი დანაშაული! ერთმა ურჩობამ ღმერთი დედამიწაზე ჩამოიყვანა და სადამდე მიიყვანა იგი? ჯვარს ეცვა გოლგოთაზე! აკრძალული ნაყოფის მცირედი გემოსხილვა ღმერთკაცის შემზარავი დრამით იქნა გამოსყიდული! ოჰ, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი! ასე რომ, გამხნევდით, ჩემსავით ცოდვილებო, სინანულის იმედი გქონდეთ. „და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ეს. 1, 18). „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩუენნი“ (ფსალმ. 102, 12). მაშ ასე, ჩემო შვილო, მოდი, სიყვარულით შეუვრდეთ ამ მოწყალე ღმერთს. ამინ.

26. ჰო, შვილო, მხოლოდ იესო გახდება შენთვის ყველაფერი. მთლიანად მიენდე მას, ვინც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5). ნურასოდეს დაკარგავ სიმხნევეს. მუდამ სიმაღლეზე იდექი იესოთი მოქადული და საკუთარი არარაობით ამაყი.
როცა ბოროტი მაღლა აგიტაცებს, შენ მიწისქვეშეთამდე დამდაბლდი; როცა ჯოჯოხეთში, სასოწარკვეთილებაში გაგდებს, შენ მადლის ზეცაში აფრინდი. ასე უნდა ეთამაშო ეშმაკს.
ეშმაკის ნუ გეშინია. შენ ქრისტე შეგიმოსიეს. ქრისტეს სამკვიდრებელი ხარ. განწმენდილთა შორის ხარ აღრაცხილი. კიდევ ბევრს იწვალებ, რომ გამოჩნდეს, თუ რა ზომისაა შენი სიყვარული მის მიმართ, ვისაც თავი მიუძღვენი.
არ მიიღო არც ერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკვლი და წყლულები ჩამოვირეცხოთ.
გახსოვდეს ჯვარცმული უფლის სიმდაბლე: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). სულის აბობოქრებულ მდგომარეობაში მხოლოდ ჭეშმარიტი სიმდაბლით შევძლებთ მყუდროებისა და მშვიდობის პოვნას.

27. ადამიანი თავისი ცოდვების გამო იტანჯება, თუმცა ღვთის სახიერება ტკივილს, რომელიც ცოდვისგან იშვა, სულიერ შრომად ჩაუთვლის და ჯილდოსა და სასყიდელს მისცემს.
როგორ არ შევიყვაროთ ასეთი ღმერთი და არ მივუძღვნათ მთელი ჩვენი სიცოცხლე მის მსახურებას?!
საუბედუროდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, უპირველესად კი – მე, მას ვივიწყებთ და ამიტომაც ვარღვევთ მის მცნებებს. უფალი რომ გვახსოვდეს, ისიც გაგვახსენდებოდა, თუ რა გვიბრძანა მან, ღვთის შიში კი სჯულისდამცავ და ყურადღებიან ადამიანებად გვაქცევდა. გავიხსენებდით სამსჯავროს, გეენის ცეცხლს და სინანულის ცრემლს დავღვრიდით. მაგრამ რამდენადაც შორს ვართ ცრემლებისა და გლოვისგან, იმდენად მივეჯაჭვებით მიწიერსა და ხრწნადს. ზეციურზე ზრუნვა მარადიულ სიკეთეთა მემკვიდრეობის სურვილს ბადებს და ეს კეთილი ზრუნვა ხრწნად წარმავალზე ცოდვიანი მიჯაჭვულობისგან გვიხსნის.
უფალმა ღმერთმა მოგვცეს კეთილი გულისხმისყოფა, რომ იმქვეყნად წასვლამდე ჩვენს სულზე ვიზრუნოთ.

28. მთელი გულით ვლოცულობ, იესო ქრისტეს სიყვარული უხვად ჩაგეღვაროთ გულებში და მისი მადლით ღირსნი გახდეთ, რომ სულისა და ხორცის სიწმინდით გაატაროთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე.
„ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 35), – თქვა ცხოველმყოფელმა წყარომ, ჩვენმა ქრისტემ. და ისევ: „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი" (იოან. 15, 4-5).
ამ ამაღლებული სახეებით ტკბილი იესო გვასწავლის, რომ თუ მის მახლობლად არ დავრჩებით, საუკუნო ცხოვრების ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. უფლის გვერდით რომ აღმოვჩნდეთ, საჭიროა მისი საღვთო მცნებების დაცვით მივუახლოვდეთ მას. „მცნებანი მისნი მძიმე არა არიან“ (1 იოან. 5, 3), მაგრამ უდებება და ჩვენი დაუმდაბლებელი სული მცნებათა დაცვას აუტანელ ტვირთად აქცევს, თუმცა ქრისტე სწორედ ამ მცნებების დაცვით უზრუნველყოფს ბედნიერებისა და მშვიდობის სამეფოში ჩვენს დამკვიდრებას.
როცა სიყვარული სულში საყდარს დაიდგამს, უმშვენიერეს სულიერ გაზაფხულს მიანიჭებს მას. სიყვარულის მაცოცხლებელი სურნელის მქონე სიოსგან ყველაფერი ხარობს, რადგან სიყვარული ყველაფერს თავს იდებს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყველაფერს სასოებს, არაფრად აგდებს ბოროტებას, მისთვის უცხოა მზაკვრობა, ყველაფერს წრფელი თვალით ხედავს, სიყვარული ყველაფერს ფარავს. ამის გამო მიეცა მას ჯილდო: „სიყვარული არასადა დავარდების“ (1 კორ. 13, 4-8).
როცა ადამიანს ვინმე უყვარს და ეთაყვანება, დღედაღამ მასზე ფიქრობს, წარმოსახავს გონებაში, მხოლოდ მისთვის ცოცხლობს. არ არსებობს წამი, რომ მასზე ფიქრმა არ გაუელვოს, იმედიანი მოლოდინისა და სიყვარულის სიტკბო არ ჩაეწვეთოს გულში. ამგვარად მას მუდმივი კავშირი აქვს საყვარელ პიროვნებასთან.
ჩვენც გვმართებს, მუდამ ასე ვიმყოფებოდეთ ჩვენს უფალთან, იესო ქრისტესთან; დაუშვებელია ამგვარად სხვა შევიყვაროთ, სხვისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული – მშობლების, ნათესავების ან თუნდაც კრებულის რომელიმე ძმის მიმართ, რასაც მამები მიკერძოებულ სიყვარულს უწოდებენ. ყოველივე ზემოთქმული სულიერი ღალატის სახეობად ითვლება, რადგან ასეთ დროს სული უმწიკვლო და უბიწო სიძის მარადიულ სიყვარულს მიწიერი და ხრწნადი ადამიანების სიყვარულზე ცვლის.
დამდაბლდით, შვილებო, თუ გსურთ, რომ ღმერთმა არ დაუშვას თქვენი განსაცდელში ჩავარდნა. ჩვენს ამპარტავნებას შესაბამისი განსაცდელები მოსდევს და ისინი არ შეწყდება, ვიდრე სულიერი ცოდნითა და შემეცნებით არ დავიმდაბლებთ თავს.

29. როგორც წმინდა სახარება მოგვითხრობს, ათი იყო კეთროვანი და ღვთაებრივმა საბანელმა – ღვთის ცხოველი სიტყვის ბრძანებამ – ათივე განწმინდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მობრუნდა დიდი კეთილისმყოფელისთვის მადლობის შესაწირად. თვით ჭეშმარიტებამ, იესომ ჰკითხა: „არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა“ (ლუკ. 17, 17-18).
ამიტომ ყოველთვის, ბედნიერების თუ უბედურების ჟამს, ჯანმრთელად ყოფნისა თუ სნეულებისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში, ყოველთვის გვმართებს, რომ კეთილსურნელოვანი საკმეველი – მადლიერება – შევწიროთ ღვთის საყდრის მიმართ, როგორც უხმარმა მონებმა, რომლებმაც ქრისტეს პატიოსანი სისხლით მივიღეთ შეწყალება.
„ქრისტე, ჩვენო სახიერო ღმერთო, გვიბოძე მადლიერების ნიჭი, რომ უფრო მეტად აღარ დავისაჯოთ. ჩვენი მრავალი ცოდვის გამო ბრალეულობაც საკმარისია ჩვენთვის“.

30. ღვთის გარდა ნურაფრის გეშინია. ღვთის შიში ლამპარივით გქონდეს. ის გაგინათებს გზას, რომ გიჩვენოს, სწორად როგორ იარო. რადგან ღვთის შიშის გარეშე სუფთა სინდისს ვერ მოვიპოვებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და ვერც ვერასოდეს შევიძენთ სულიერ სიბრძნეს, ვინაიდან სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია.

31. ჩვენი უფლის ჯვარზე სიკვდილმა პირვანდელი ძეობა დაგვიბრუნა, რის გამოც ღვთის შვილები ღაღადებენ: „აბბა მამაო“ (მარკ. 14, 36).
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ბედნიერებისა და განსვენების ადგილი აქვს გამზადებული!
„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ (1 კორ. 15, 55). როგორ სიხარულს გრძნობს ქრისტიანი იმის გააზრებისას, რომ, როცა გრძნობადი თვალების დახუჭვის დრო დადგება, მაშინვე აეხილება სულიერი თვალი და დაინახავს ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, რაც გაცილებით აღმატებული, უხრწნელი და მარადიულია!
ცათა სასუფეველი „არა არს... საჭმელ და სასუმელ” (რომ. 14, 17), არამედ ღვთის წმინდა სიყვარულის სულიერი ამბროზია, საუკუნო მხიარულება და გამოუთქმელი სიხარულია.
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მიანიჭა!
ჩვენ კი ერთი ხანმოკლე ცოდვიანი სიამოვნებისთვის ასეთ დიდებასა და ბედნიერებას უნდა მოვაკლდეთ? ღმერთმა დაიფაროს ყველა ქრისტიანი და გაანათლოს ისინი ცხონებისა და სინანულის გზაზე. ამინ, ჩემო ღვთისმშობელო!

32. თუ ვინმე ჯვარცმულ მაცხოვარზე იფიქრებს და ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარულის საიდუმლოს ჩაუღრმავდება, დაინახავს, თუ რამდენი დაითმინა უფალმა თითოეული ჩვენგანისთვის. რა მივაგოთ უფალს ყოველივესთვის! (ფსალმ. 115, 3) მაგრამ ადამიანი ასეთი დიდი და უკიდეგანო სიყვარულის ღირსი არ აღმოჩნდა.
როცა რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენი ქედმაღლობა ისე წამოყოფს თავს, თითქოს ცა და ქვეყანა შეგვექმნას. ღმერთმა კი ყოველივე არარსებულისგან შექმნა და, მიუხედავად ამისა, ასე დაიმდაბლა თავი!
ღვთის მოწყალებას საზღვარი არ აქვს და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც კეთილგონიერებით ღვთის სიყვარულის შეცნობამდე მივიდა.
მიწისა და მტვრისგან შექმნილი ერთი ურჩი და დაუმორჩილებელი ადამიანის გამო, რომელიც ვნებებისა და ეშმაკების ნადავლად იქცა, თავად ძე ღვთისა ჩამოვიდა დედამიწაზე და ჯვარს ეცვა! ამის გვერდით ვხედავთ ჩვენს სიზარმაცეს, გულგრილობას, ულმობლობას მაშინ, როცა ღმერთი სრულიად სხვადასხვა გზით გვიჩვენებს თავის მზრუნველობასა და სიყვარულს. ადამიანი ნამდვილად დიდი საიდუმლოა.
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედურს ვატარებთ. რამდენი საყვედური შეუძლია გვითხრას ღმერთმა ადამიანებს, რომლებიც მის მიმართ ასეთი სასტიკები და უმსგავსოები ვართ.
ამქვეყნად ყოველი ადამიანი, თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლებად უმადურია. უფალი გვზრდის, გვმოსავს, გვიცავს, მფარველი ანგელოზი დაგვიდგინა, თავისი წმინდა საიდუმლოებებით – ხორცითა და სისხლით – გვასაზრდოებს, ჩვენთვის უსასრულო სასუფეველი აქვს გამზადებული, გზასაცდენილებს შეგვიწყნარებს, მონანულებს მიგვიღებს. ჩვენ მას ვგმობთ, შეურაცხვყოფთ, ვლანძღავთ, უგულებელვყოფთ, ხოლო ის სულგრძელად გვითმენს და გველოდება. ჩვენ კი თითქოს მოვალედ მივიჩნევთ ღმერთს, მეხსიერებაში არც კი გვიელვებს უფლის შიში, მისდამი პატივისცემა, მოწიწება და მოკრძალება, რაც მის წინაშე დგომისას უნდა გვქონდეს. თავი დავხაროთ და თაყვანი ვცეთ ამ დიდ, ძალზე საკვირველ, გამოუთქმელ, გამოუკვლეველ, უსაზღვრო და უტკბეს ღმერთს. თითოეულ ჩვენგანს ათასი პირიც რომ გვქონოდა, მაინც ვერ შევძლებდით ღირსეულად და ჯეროვნად გვედიდებინა უფალი მის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ უსაზღვრო წყალობათა გამო! მრავალი განკვირვების, ჭვრეტისა და საღმრთო ტკბობის შემდეგ ბევრჯერ აღტაცებაში მოსული პავლე მოციქული ამიტომ ღაღადებდა ხმამაღლა ამ უკვდავ სიტყვებს: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (რომ. 11, 33).
„ვინ ცნა გონება უფლისა? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34). ვის შეუძლია გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს უსაზღვრო გონი როგორც ზეცაში, ისე დედამიწასა და ქვესკნელში?
დაფიქრდით, უფალი უშრომლად, ჯაფის გარეშე ასაზრდოებს ყოველ ცოცხალ არსებას – ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ზღვის ცხოველებს, მიკრობებს, მილიონობით ცოცხალ ქმნილებას. ყველასთვის ზრუნავს!
„ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა“ (ფსალმ. 103, 24). „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს“ (ფსალმ. 148, 5). ბრძანა: იყავნ ნათელი, და იქმნა ნათელი. იყავნ დედამიწა და იქმნა დედამიწა. შეიქმნა მნათობები, მზე და მთვარე, ვარსკვლავები და იქცნენ საოცარ ქმნილებებად, ამ თვალუწვდენელ და უზარმაზარ სხეულებად, რომლებიც ჰაერში კიდია. ისინი მოძრაობენ, ანათებენ და ამშვენებენ ცას. ეს ყველაფერი ღვთის ერთი სიტყვით შეიქმნა!
„სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. „პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოან. 1, 1). მოვიდა, ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა. სოფელი მის მიერ შეიქმნა (იოან. 1, 10) – მან შექმნა სოფელი! მოგვცა „ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12). თავის ქმნილებებთან მოვიდა და მათ ის არ მიიღეს. აბა, დაფიქრდით, შექმნა სოფელი, შექმნა ადამიანები, მათ კი, გულცივებმა და უგრძნობლებმა ის არ მიიღეს. მოვიდა, როგორც უცხო. ძელზე დაკიდებულს ჯვარმა უმასპინძლა თავისი სარეცლით და ერთმა საფლავმა ისტუმრა. მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი განიპო, მზე დაბნელდა და მთელი სამყარო შეძრწუნდა!
„ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი!“ (ფსალმ. 76, 13). დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შეძლებს ოდესმე ღირსეულად შეგასხას ქება.
სიტყვა ხორციელ იქმნა. რა დიდებულება იმალება ამაში! ღმერთი ადამიანი გახდა, ზეციდან ჩამოვიდა. უხორცო ღმერთი, უსაზღვრო, მიუწვდომელი სული მოვიდა, ადამიანური ბუნებით დაემკვიდრა, რომ მონადქცეულს ადამიანი გამოეხსნა და მონობისგან გავეთავისუფლებინეთ. ადამიანი გახდა, რომ ჩვენ მადლის მიერ ღმერთებად გვაქციოს, „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი!" (ფსალმ. 81, 6).
ძე ღვთისას მოსვლით „ერად მოგებულად“ (ტიტ. 2, 14), წმინდა ერად, უფლის სამღვდელო დასად ვიქეცით! ღვთაებრივი სიტყვა – მხოლოდშობილი სიტყვა, ღვთის არსებობის დაუსრულებელი სიტკბოება, დიდებულება, მოწამეთა სადიდებელი, ღირსთა მოთმინება, წმინდა სულების ერთადერთი სიძე, რომელიც სუფევს, მეუფებს, ზრუნვითა და ყურადღებით გარემოიცავს ქმნილებას. „ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად... რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა... არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოან. 1, 12-13). ისინი, ვინც ცხონდებიან, ხორცისა და გულისთქმის ნებით კი არ არიან ნაშობნი, არამედ ღვთის მიერ და უფლის მახლობლად იმეფებენ სასუფეველში.
„მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქმნა“ (იოან. 1, 16-17). უფალმა ათი მცნება მოგვცა, სახარების ახალი მადლით წესი დაგვიდგინა და იმ მადლზე, რომელიც ვალად გვემართა, კიდევ მადლი დაგვირთო! „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (იოან. 1, 16). ღმერთს არაფერი მოჰკლებია, როცა ჩვენ თავისი დიდებულება გვიწყალობა, არამედ სიჭარბიდან გვიბოძა. ის კი არ შემცირებულა, როცა მთელი სამყარო შექმნა, არამედ სრულმა და უსაზღვროდ სრულყოფილმა უფალმა შექმნა ადამიანი და ანგელოზები, რომ სხვა ქმნილებებიც დამტკბარიყვნენ ღმერთით, სხვა სულებსაც განეცადათ ნეტარება და მათაც ჰქონოდათ თავისუფალი ნება; იძულებით დამორჩილებული მონები კი არ ყოფილიყვნენ, არამედ თავისუფალნი, რომლებიც საკუთარი ნებით მორჩილებენ და ადიდებენ ღმერთს.
არ მსურს მონობა, – ამბობს ღმერთი, – არ მინდა ადამიანები დაემსგავსონ ცხოველებს, რომლებიც მონებივით ემორჩილებიან ადამიანს და მის ნებაზე დადიან. თავისუფალი ნება მსურს. აი, ასეთი აღმატებულია ღვთის სიდიადე.
რამდენი დაკარგეს ეშმაკებმა ასეთი უსასრულო, უტკბესი, გამოუთქმელი უფლისგან განდგომით! და რა დანაკლისი განიცადა ღვთის სასუფეველმა ლუციფერის ურჩობით? არავითარი. ღმერთს არავინ და არაფერი არ სჭირდება. უფალი ჩვენ გვჭირდება. ის უსასყიდლოდ აცხონებს ადამიანს.
ღმერთი სრულყოფილი, მიუწვდომელი და კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე. ის დედამიწაზე მოვიდა და უსასყიდლოდ გამოგვიხსნა. მთელი ჩვენი არსებობით მოვალე ვართ უფლის წინაშე და თუ ჩვენს სიცოცხლეს ღმერთს მივუძღვნით, მაინც ვერაფერს გავაკეთებთ, – უბრალოდ ჩვენს ერთ მოვალეობას შევასრულებთ. ის არის ჩვენი შემოქმედი, ჩვენი მაცხოვარი, რომელმაც ხსნა მოგვანიჭა.
 
თემატური კითხვები
0