ამას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა
ამას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა
თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის, რომლის დროსაც მაცხოვრის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ჩვენი სული მასპინძელი ხდება უფლისა. თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია - ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება. ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა; იგი ახლა ჩვენს წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს, ფაქტიურად, უარყოფაა ღვთისა (თუნდაც რომ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს). ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს (ანუ არ მივიღებთ ზიარებას), არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც შესვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ეს არის პური, რომელიც გარდამოხდა ზეცით. ამ პურის მჭამელი იცოცხლებს უკუნისამდე“ (ინ. 6:53, 56, 58). მაგრამ, ამ საიდუმლოს მისაღებად განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ხელისუფალიც და ინტელიგენტიც, მუშაც, გლეხიც და სასულიერო პირიც, რათა არ ექცეს იგი სასჯელად.