წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმენდისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა

ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმენდისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღბ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის–პირ კაცს აქებ და ეფერები და პირიქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, ოდეს ელაპარაკები რა შენზედ უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არამედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთარი სარგებლობა. ფარისეველი ხარ, ოდეს შენ ერთს კაცს აქებ, არა მისთვის, რომელ იგი ღირსი არის ქებისა, არამედ მისთვის, რომ იგი არს მოყვარე და მეგობარი შენი, ხოლო მეორეს განკითხავ მისთვის, რომელ იმას აქვს შენთვის მცირეოდენი უკმაყოფილება; ოდეს ენითა შენითა ამტკიცებ დიდსა სიყვარულსა სიმართლისა და სათნოებისასა, ხოლო საქმით კი უმართლო ხარ.
 
0