
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მიტევება
ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვსთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალგზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა. მაშასადამე, შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულწრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი.