ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
მეორედ მოსვლა
ღმერთი ხომ მართლმსაჯული არის ყოველთვის, რას ემართლება კაცსა, რომ წარსწყმიდოს, ასე ვთქვათ, რომ თავის
ღმერთი ხომ მართლმსაჯული არის ყოველთვის, რას ემართლება კაცსა, რომ წარსწყმიდოს, ასე ვთქვათ, რომ თავის მონაგარს რომ არავის აძლევს. შრომითა და გარჯილობით უშოვნია. ყოველთვის ხომ ისე ნიადაგ ვერ დაიღალება და ვერ გაირჯება და ამისთვის თავისთვის ინახავს. სიკვდილია და სიცოცხლე არის. თვითონ მოუნდება და აბა, რა სამართალი არის მართლმსაჯულის ღვთისაიგან, რომ კაცი წარწყმიდოს? თუ ამისთვის წარწყმედს, რატომ ყოველი შენი მონაგარი გლახებსა და უქონელს არ მიეცო, სულ ვეღარავინ ცხონდება. დაიყოს პირველი პირი, რომელიც რომ ღმერთზე ხმას რასმე იღებდეს და იმას რასშიმე ტყუილი შესწამოს. ყოვლის საძაგელის აღსახოცელად და ყოვლის ცოდვის დასადნობელადაცა ღმერთმან მოწყალება და სიწმიდის მოყვარება დასდვა და ჩვენ კი უნდა ვწუნობდეთ?
კაცო უღვთოვ და უსვინდისოვ! აბა რა სიტყვა გაქვს? მერმე ვისზედა - ღმერთზედა. დადუმდი, დადუმდი, დაიყავ პირი და ნუღარ იკადრებ მეტს ლაყაფსა. როგორც ეშმაკის მოქცევა და ცხოვნება არა ეგება და არც იქნება და ისე არაწმიდისა და უწყალოსა და ნაწლევ შემწვარისა ცხოვნება არ იქნება.
ღმერთი შენგან მოწყალებას ეძებს და ითხოვს. და უნდა, რომ შენი მორჩილება ცასა და ქვეყანასა დაანახოს და ამით განგამართლოს და გაცხოვნოს, თორემ ღმერთს არ შეუძლიან, რომ ყოველი გლახა შენსავით გაამდიდროს? მაგრამ ყოვლის კაცის ცხოვრება რომ უნდა და სწორეს მეცნიერებაზედ მოყვანა, ამისთვინ დასდვა სჯულათა: "იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს", და რომ მოწყალებით დაუდნობს ცოდვათა სიმრავლესა. და მერმე იტყვის: "წმიდაი იყვენით, ვითარცა მე წმიდაი ვარ". რათა? ამიტომ, განღმრთობის მადლს ვერვინ ეღირსება, თუ არა სიწმიდის მოყვარებითა და მოწყალებითა. ეს ორნი სათნოებანი ქრისტემ მართალზედ გამოაჩინა და მარცხენითნი ქვესკნელამდე დასაჯნა, დასწყევლნა და შეაჩვენნა. და ამისთვის სიტყვაი ღვთისაი იქადაგების. ყოველი არა წმიდაი მოიქცეს და შეინანოს. თუმცაღა მართალია, ღვთის სიტყვა და საუკუნო არის, მაგარამ ყოველი მოძღვრება და ქადაგება მაშინ არის მადლიანი და ჭეშმარიტი, როცა რომ თვითონ მქადაგებელი რასაც ქადაგებდეს და ხალხს ასწავლიდეს, ჯერ პირველად თვითან საქმით იღალებოდეს და მაშინ სხვათ ასწავლიდეს. გემოც მაშინა აქვს და მადლიცა ქადაგებასა. თორემ გაიგონებს ღმრთისაიგან დიაღ ადრე ამ ხმასა, გულისწყრომით მონაქუხსა: "ხოლო შენ მოიძულე სწავლულება, და განიშორენ, და განსთხიენ სიტყვანი ჩემნი. მღილი თუ მპარავი, თანა ურიოდი მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. პირმან შენმან განამრავლა უკეთურება, და ენა შენი თხზვიდა ზაკვასა. სჯდი რა ძმისა შენისათვის. იტყოდი ზაკვასა, და ძმისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე. ჰგონე უსჯულოება, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო. გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი წინაშე პირისა შენისა." და ეს გულისხმაყყოთ, რომელთაც რომ დაგვივიწყებია ღმერთი და იმისი საცხოვრებელი ბრძანა. ამინ.
|