ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
მეორედ მოსვლა
დღეს აქა ყოველნი კიდევ როგორმე ვსჩანვართ: სამღვდელონიცა ვითამც რომ სამღვდელოთა, მონაზონნიცა ვითამც
დღეს აქა ყოველნი კიდევ როგორმე ვსჩანვართ: სამღვდელონიცა ვითამც რომ სამღვდელოთა, მონაზონნიცა ვითამც რომ ბერებათა, ქრისტიანენიცა ვითამც რომ მართლმადიდებლათა. მაგრამ მაშინ იქა ჩვენისა ნაქმარებისა და დაფარულებისა ზეწრები რომ მოგვეხდება და გავშიშვლდებით და სიყრმითგანი სიკვდილამდის საქმები წარმოგვიდგებიან როგორც საცხადონი, ისე დაფარულნი, სარცხვენელნი და სალაპარაკოდ დასამალავნი და გარდასაფიცნი. და მაშინ რა მსხვილ-მსხვილები საძაგელებაები გამოგვიჩნდებიან და თავის ზარ დასაცემად ტყედრებითა და დაწუნებითა გვამხილებენ, რომელთაც საქმეებისა აქ ქნა არ დაიჯერება არას დროს არავისგანა. და ყველანი დიდადაც გავიკმარებთ, მაგას როგორ ვინმე იკადრებდაო. ბატონო, არ უკადრებიათ კი, თვითსაქმითაც უქმნიათ და უფრო დიდ-დიდრონებიცა. ღმერთი აცხადებს, ჟამი და დრო, ადგილი და მიწა, სახლი და კარი, ღამე და დღე, ცაი და ქვეყანა და არა კმარან მოწმეებათა?
აქ ჩვენ ყველანი ისე დაფარულათა ვსჩანვართ, როგორც ზამთარში ტყე იყოს თოვლით დაფარული და ყოველი ხე, ნედლია თუ ხმელი, სულ ყველანი სწორეთა ჩანან. და როიცა რომ გაზაფხულის ზეფირი მოხედავს, მზეგაათბობს და გარდასწმენდს და გაზაფხულზე სითფო მობერავს, მაშინ გაირჩევა ყოველი ხე P_ ნედლიცა და ხმელიცა, ნაყოფიერიცა და უნაყოფოცა. ასევე ჩვენ გაგვაშიშვლებს და გამოგვიჩენს ის დიდი და საპარელი დღე: დღე მოსაწყენი და საგლოველი, დღე საზარელი და საკდემელი ჩემთვის და ჩემებრთათვის, ხოლო მართალთა და წმინდათათვის სანატრელი და სალოცველი დღე. ნუთუ არავის გაგვიგონია და ან არავის გვახსოვს ეკლესიაში სათქმელი და მრავალჯერ თქმული: "რამეთუ არა განმართლდესო შენ წინაშე ყოველი ცხოველი". და, ვაიმე, თუკი ყოველთა წმიდათ ზეცის მოქალაქეთ ძრწოლა და თრთოლა შეედებათ, მე და ჩემისთანები სადღა გამოვჩნდებით?!
|