ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
მეორედ მოსვლა
იქ სულობით აღარავინ ეწევა ცოდვილთა. აღარას შესჭირსთ რა როდესმე საყვარელად საწოდებელთა. აღარას
იქ სულობით აღარავინ ეწევა ცოდვილთა. აღარას შესჭირსთ რა როდესმე საყვარელად საწოდებელთა. აღარას ნაცვლობენ ტკბილად საყოლთათვის. და რა არის აქ სწორე და ნამდვილ სარწმუნო უცილო მიზეზი? ეს არის ჭეშმარიტი და თავი მიზეზი, რომ ღვთის მართლმსაჯულობისაგან საუკუნოდ არიან განწირულნი და საუკუნოდ დასასჯელად მიყრილნი, რომელთაც რომ თავისის ნებითა და წინა აღრჩევითა სიბოროტე გამოირჩივეს და კეთილობა დაიწუნეს და კეთილობასთან - ღმერთიცა. და ამისთვის განიწირნენ და შეიჩვენნეს ღვთის ჭეშმარიტებისაგან ყოვლითურთ არა ღირსნი შეწყალებისა. და რომ ითქვა, მოწყალე იგი არსო, რომელმან არა ღირსი შეწყალებისა შეიწყალოსო, ეს ხმა, დიახ, მართალი და სარწმუნო არის. თუკი მოეგო კაცი სიტყვიერი ამავე სოფელში მყოფი და მოკვდაებაში მცხოვრები, ჭეშმარიტად ძე შეიქნება საუკუნოს ნეტარებისა და შვილ მამისა ზეცათასა. და სარწმუნოდ ანდაზადა მე ჩემსავე თავს დაგიდებ: პირველად ასე, რომ ჩემისთანა ცოდვილი არავინ უნდა ყოფილიყოს და აღარც მგონია რომ იყოს სადმეღა ვინმე. ეს სიმდაბლე და ცილი ნურავის გგონიათ, ამიტომ ჭეშამრიტს მოგითხრობ. და რომ მკითხოთ ვინმე: ბეროო, თუ აგრე საძაგელი და მყრალი ვინმე ხარო, გაქვსღა რომ იმედი შენის ცხოვრებისაო? - დიახ, ბრწყინვალეს ხმით მოგართმევ პასუხსა და კიდეც დაგაჯერებ. უთუოდ მაქვს იმედი და სასოებაცა ჩემის ცხოვრებისა ასე: ჩემი საუკუნო სიცოცხლე ქრისტე რას მეტყვის, რომ არ მაცხოვნოს? ჯერ პირველად ამას გკადრებ: აბა, ვისთვის განხორციელდა, თუ არა ჩემთვისა და ჩემისთანებისთვინა?! ყოვლად წმიდათ სერაბიმთა და ქერაბიმთა რაში ეჭირებოდათ განხორციელება სიტყვისა ღვთისა? მახლობელნი არ არიანა; უცოდავსთ რამე როსმე? ეჭირებოდათღა რამე მეორედ ნათელთა, პირველის ნათლისაგან ნიადაგ განათლებულთა და შემდგომად განათლებადთა? და ნახან რომ ჩემთვის იყო და ჩემისთანაებისათვინა ყოველივე განგებულების საიდუმლო. და საქმის ჩვენებითაც დამაჯერა: "არა უხმსთო ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. და არა მოვედო წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა ცხოვრებად". და აბა, ჩემისთანა მცოდველი სხვა ჰყავსა ვინმე?! მე ხომ არა მგონია და ღმერთმან უკეთ იცის.
მანასე აცხოვნა, მთელს თავის სიცოცხლეში ყოვლის სიბოროტის მუშა. და რომ მოიქცა და შეინანა, მეფობაც უბოძა და კიდეც აცხოვნა. მეზვერა მოიქცა და შეინანა მოკლის ხანითა და ჟამითა და აცხოვნა. უძღები შეიწყნარა და რა ყოფა დააწივა სიხარულისა ამის მოქცევაზედა. და აბა მე რაღას მიზამს? მეც არ იმისი დაბადებული ვარ, იმისი ხატება და მსგავსება? ის მიყვარს და იმას მივსდევ. და ან როის მოვშორდები, ვინემდის ჩემთვისთანა მცოდველებთანა და მერმე მონანულებთანა არ დამაწესებს. ღმერთი კაცი ხომ არ არის შიშველი და ლიტონი, თუ ქრთამს არ მომიტანო, სახლს არ მოგცემო. არ ჩემთვის ივნო და არ ჩემთვის მოკვდა საყვედრელის სიკვდილითა? მაშ, რას მიზამს, რომ არ მაცხოვნებს?! ასევე თქვენც გწამდესთ და სცხონდებით. ჩვენ გვაქვს უცნაური წამალი სუკუნოს განწირვისაგან გამოხსნისა და ვინც იმ წამალს არ მოიხმარებს, ვერც სცხოვნდება. და რომ დიახ დავშორდით ჩვენის სიტყვის საფუძველზადა, იქავ გავბრუნდეთ.
|