ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
მეორედ მოსვლა
მაშინ გამოჩნდება ცხოველსმყოფელი ჯვარი, ანგელოსთაგან დიდებით ტვირთული. და მოიწევიან ღელესა მას
მაშინ გამოჩნდება ცხოველსმყოფელი ჯვარი, ანგელოსთაგან დიდებით ტვირთული. და მოიწევიან ღელესა მას გლოვისასა, რომელსაც რომ ადგილსა დავითის სახლიც ეწოდების. იქ დაიდგმიან საყდარნი სასჯელისანი, სადაც რომ მდინარეც გამოჩნდების ცეცხლისა წუმწუბითა და გოგირდითა აღრეული, ბნელი და სასტიკად მფოფინარე, რომელშიგაც ეშმაკისა და ცრუწინასწარმეტყველის შთაგდებას გვაჯერებს ღვთისმეტყველთ თავი იოანე უწინვე გამოჩინებისა, სადაც რომ დღე და ღამე უნდა იტანჯებოდნენ საუკუნოდ. და მაშინ შეგვკრებენ ყოველთ მოკვდავთ სიტყვიერთა ყოვლის კიდით ქვეყანისათა, ცოცხალთა და მკვდრობიდამ ამდგართა, ცოდვილთა და მართალთა, წმიდათა და ცრუთა, დიდთა, მცირეთა და ერთად წაგვიყვანებენ გასარჩევლათა ერთის ენითა ერთის ჰასაკითა, ჩჩვილთაცა, ჭაბუკთაცა და მოხუცებულთაცა, ერთის სახითა და ერთის ტანითა, და როგორც მწყემსმან გადაარჩევინოს ბატკნები თიკნებისაგან, ისე ჩვენ გადაგვარჩევენ: მართალთა მარჯვნივ გადაიყენებს და ცოდვილთ - მარცხნივ.
და ვინემდის განჩინება გამოხდებოდეს, უკუდგება სიყვარული, ლმობა და შემწყნარებლობა გაგვირიდებენ, თანქცევა და ქველის მოქმედებად აღძვრა დაეფარვიან. აღარსადა ჩანს შეწყალება და ლმობად აღძვრა. ის ტკბილი იესო, ნიადაგ ჩვენთან მქცევი და ჩვენის მოქცევისა და სინანულად მოსვლისა საუკუნითგან ან ჟამამდის მოყვარე და მოქენე, მაშინ კი აღარას იურვის. ყოველთ ადამის ნათესავთა პირველი წინდი და ძღვენი ღვთისაი მიმართი მარიამ, ყოველთ ხილულთა და უხილავთა და თვით სასუფევლისაცა დედოფალი ღვთისმშობელი, აღარას ნაღვლობს ცოდვილთ შემწეობასა, ყველანი იცნობენ ერთმანეთსა: ვინ მამა იყო შვილებისა და ან ვინ დედა იყო თავისთა ნაშობთა და მრავლის სალმობით აღზრდილთა, ვინ ქმარი იყო საყვარლის ცოლისა და სულით და ხორცით ერთად შეკრულისა და ვინ ცოლი იყო თავისის ქმრისა, ვინ ძმა იყო საყვარელის დათძმათა და ან ვინ დაი იყო სატრფიალოს ძმებისა, ვინ იყო მწყალობელი ხელმწიფე ერთგულის ყმისა და ან ვინ ყმა საიმედოს ხელმწიფისა, ვინ იყო სარწმუნო მეგობარი ტკბილის მეგობრობისა და ან ვინ ქველისმოქმედი იყო წყალობის ღირსთა.
|