ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მემთვრალეობა
გასმიესთა ყოველთა, რა უყო სიმთვრალესა მამასა ჩვენსა ნოეს, რომელი განშიშვლდა და ქაამის მიერ საკიცხელ
გასმიესთა ყოველთა, რა უყო სიმთვრალესა მამასა ჩვენსა ნოეს, რომელი განშიშვლდა და ქაამის მიერ საკიცხელ იქმნა, ანუ ლოთ სიმთვრალისა ვითარსა ცოდვასა შთავარდა, ანუ ისრაელნი სიმთვრალემან რაოდენგზის დასცნა კერპთა თაყვანისცემითა, და შემდგომად მათსა ჰურიათა მეფემან ჰეროდე რაბამი ცოდვა შესძინა სიმთვრალითა, რამეთუ წმიდა იოანე ნათლისმცემელი მოკლა და თავი მოჰკვეთა.
მთვრალი იყო ჰეროდე არა ერთითა სიმთვრალითა, არცა მარტო სთროდა ღვინითა, არამედ ღვინითა ცთროდა და უღვინოთაცა მთვრალი იყო. რამეთუ ხუთნი არიან მთვრალობანი: ერთი ღვინისა მიერ და ოთხნი – უღვინოდ. ხოლო მას ხუთივე სიმთვრალითა სთროდა:
მთვრალ იყო ღვინითა და შებრუჟებულ, რამეთუ შობისა დღე იყო და განსცხრებოდა.
მთვრალი იყო სიძვისა გულისთქმითა, ვინაიდგან ენება ძმის ცოლისა შერთვა. და უმეტეს მთვრალობა არს ღვინისაგან უღვინოდ სიძვისა ტრფიალება. რამეთუ ღვინით მთვრალმან იცის სიმთვრალე თვისი და გემო ღვინისა, რომელი კეთილ არს, გინა მჭმახე, ხოლო მეტრფიალემან არარა უწყის – ანუ კეთილი, გინა ბოროტი, უღვინოდ სიმთვრალისაგან ვისიცა ტრფიალება აქვნ.
მთვრალი იყო ამპარტავნებითა, რამეთუ მეფე იყო და მსხდომარე ჰყვეს თანა მეინახენი და დობილნი და მასპინძელი და მდიდარი. და ამპარტავნება უმეტეს დაათრობს ჯაცთა გონებასა, ვიდრეღა ღვინო ახალი.
მთვრალი იყო ნდომითა, ვინაითგან უნდოდა ცოდვა დიდი და რაცა საქმე უნდა კაცსა კეთილი, გინა ბოროტი, წუხილი არღარა აცადებს გულისხმისყოფად, არამედ უფრორე დაათრობს ღვინისა უმეტეს.
მთვრალ იყო გულისწყრომითა, ვინაითგან არა შეენდობდა იოანე და ეტყოდა არა შერთვად ძმის ცოლისა, და ჰეროდე ერისხოდა. ოდესცა განრისხნეს კაცნი გულისწყრომითა, უმეტეს მთვრალ იქმნების ღვინისა და ყოვლისაგან თაფლუჭისა.
იხილეთ, თუ ერთი სიმთვრალე ამა ხუთთაგანი ვითარ დაუბნევს ცნობასა ბრძენთასა! და უბადრუკსა ჰეროდეს ხუთნივე სიმთვრალენი ზოგად შეემთხვივნეს შობასა დღესა მისსა. უმჯობეს იყო მისსა დღე სიკვდილისა მისისა, ვიდრეღა განცხრომა შობის დღისა მისისა. უმჯობეს იყო მისა გლოვის მგოსანთა შეკრება, ვიდრე მომღერალთა და მროკავთა მგოსანთა შეჰხვდა. მოუწოდა ძმისწულსა მისსა როკვად და ეფიცა ფიცითა მტკიცითა, აღესრულა ფიცი და არა კეთილ ქმნა. უმჯობეს იყო მისა, უკეთუმცა ეცრუვა ფიცი იგი. არღარა განიგონა კეთილი გულისთქმა და მოკლა მთვრალმან დიდი წინასწარმეტყველი.
|