ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მემთვრალეობა
ჰოი, სიმთვრალე, წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ
ჰოი, სიმთვრალე, წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: “მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა, მემთვრალენი მუნ სასუფეველსა განეშორებიან და ამის სოფლისა სიმდიდრესა, რამეთუ არავინ მემთვრალეთაგანმან აღაშენა სახლი სიმდიდრითა, არამედ აღავსო სახლი ვახშითა და სიგლახაკითა”.
მემთვრალე მიზეზობს და იტყვის სტუმართმოყვარობასა და უცხოთშეწყალებასა.
არა, ძმაო, არა არს მემთვრალობა სტუმართა და მოყვასთა მოყვარება, არამედ ფრიადი სიძულვილი. ვინაითგან შეიყვან სახლთა შენთა კაცსა ბრძენსა და კეთილად მხედველსა, პატიოსნად გონიერსა და ტკბილად მოუბარსა, დაუგებ ტაბლასა, არა ზომიერ ასმევ და არცა საწყურვალოთა ასმევ, რათამ ცა კეთილი ეყოს, არამედ გარდამეტებით ასმევ და გარდარევით აჭმევ და ასხამ ღვინოსა, ვითარცა ყვიბართა შინა. მოეღების სიბრძნე ღმრთისაგან მინიჭებული, და აღერევის თვალნი კეთილად მხედველნი, არღარა ესმის ალერსი სხვათა და თვით უბნობს, ვითარცა ხელი. ოდეს აღივსის, იწყის ჯლოყინად და აღმოთხევად, ვითარცა თხიერმან პირგახსნილმან. უკეთუ ტაბლათა შენთა აღმოსთხია, წარგიბილწნა ჭურჭელნი შენნი. უკეთუ ზე აღდგა, ფერხნი შეპყრობილ აქვნ და არა ძალუც დგომად, არა ჰყავნ კაცი, რათამცა ხელპყრობილ ყო, ანუ თუ პოვა ზღუდე და მიეყრდნა. ეხვევინ ყრუ და ჰგონებს ქვეყანასა მბრუნავად, ბორტყავს მიწათა ზედა და განსდის ნანთხევი. იხილიან ძაღლთა და ლოშნიან პირთა მისთა და იბრძვიან ძაღლნი ზედა მთვრალისა მის, რომელთამე ზედა შეაფსიან. თუცა მგელმან ნახის, განბძარის და ფრინველთა აღმოხდიან თვალნი. თუცა ზამთარი იყოს, და არა ჰყავს მწე, და ყინვამან მოაკვდინოს, ანუ დააზროს ასონი. უკეთუ მცირედ განიფრთხოს და განძლიერდეს, უკეთუ მაღალთა გზათა ვალს, წამოიჭრის და ზედასა-ზედა დაეცის და, ვინ ცხენთა აღჯდის, ტორტმანებნ და თავდამოქცევით ჩამოჭრის. უკეთუ მტერთა იხილიან, უმტერიან, და უკეთუ მოყვარეთა ნახიან, არა მსახურიან, არამედ განკიცხიან და ეცინიან.
|